პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი გახლავთ ანდრო ივანოვი — მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული და ახალგაზრდა ლიდერთა საბჭოს კურატორი.
სწორედ მასთან ჩაწერა ინტერვიუ Sputnik-ის კორესპონდენტმა.
— ანდრო, რაში მდგომარეობს თქვენი პროექტის არსი?
— პროექტის არსი მარტივია: დაურეკო შენთვის ძვირფას ადამიანს და უთხრა „მე შენ მიყვარხარ“, ან „Я тебя люблю“. მშობლებისთვის ეს იოლად სათქმელი სიტყვები ძალიან დიდ დადებით ემოციებს იწვევს. ამიტომაც გადავწყვიტეთ, შეგვექმნა პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს მოუწოდებდა, რაც შეიძლება ხშირად უთხრან ახლობელ ადმიანებს თბილი სიტყვები.
— როგორ დაგებადათ ეს იდეა?
— ასეთი აქცია, ოდნავ განსხვავებული ფორმით, მანამდე თბილისში ჩატარდა. „იმემდის“ ჟურნალისტები ქაოტურად მიდიოდნენ ადამიანებთან და სთხოვდნენ, დაერეკათ მშობლებისთვის. ეს სიუჟეტი ძალიან მომეწონა და გადავწყვიტეთ, მსგავსი პროექტი ჩვენც შეგვექმნა.
— ვიდეორგოლიც კი გადაიღეთ.
— კი, გადავიღეთ. გიორგიევსკის სკვერში შევიკრიბეთ, შოთა რუსთაველის ძეგლთან და მშობლებსა და ახლობლებს დავურეკეთ სიყვარულში გამოსატყდომად. ეს ყველაფერი ონლაინ რეჟიმში ხდებოდა და გადაღებაში 30-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
— აპირებთ, კიდევ უფრო განავითაროთ პროექტი?
— რა თქმა უნდა. ესტაფეტა სანქტ-პეტერბურგის ქართველ ახალგაზრდათა ორგანიზაციას, „თერგდალეულებს“ გადავეცით — სწორედ ისინი ამონტაჟებენ ვიდეორგოლს. ისინი კი სხვა ქალაქს გადასცემენ. როგორც ვიცი, ვლადიკავკაზის ქართველი ახალგაზრდობაც აპირებს პროექტში მონაწილეობას.
— საიტი თუ გაქვთ? როგორ შეიძლება ჩაერთოს ადამიანი თქვენ პროექტში?
— საიტი გვაქვს: http://kartvelebi.ru. აქამდე აქციას არ ვაანონსებდით, რომ მშობლებს წინასწარ არ გაეგოთ რამე და სიურპრიზი არ ჩაგვშლოდა. პროექტში მონაწილეობა კი ყველას შეუძლია. ამისთვის კომპანია უნდა შეიკრიბოს და ახლობლებს დაურეკონ, თანაც ვინმე უნდა მონახონ, ვინც ამ ყველაფერს გადაიღებს.
ცნობისათვის: მოსკოვის ქართველ სტუდენტთა და ახალგაზრდათა გაერთიანებების საბჭო 17 აპრილს დაარსდა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. საბჭო ფუნქციონირებს რუსეთში საქართველოს ფედერალურ ნაციონალურ-კულტურულ ავტონომიასთან (პრეზიდენტი გიორგი წურწუმია) და მასში 15 სასწავლო და სასულიერო დაწესებულების ქართველ სტუდენტთა გაერთიანებები შევიდა.