თბილისი, 22 ივლისი – Sputnik. სტრატეგიული მართვის ინსტიტუტის ხელმძღვანელს პეტრე მამრაძეს მიაჩნია, საქართველო თვითკმარი სახელმწიფო რომ გახდეს, მტკივნეული რეფორმები უნდა გატარდეს. ამის შესახებ მან თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში გამართული მრგვალ მაგიდის მსვლელობისას განაცხადა. მრგვალი მაგიდის თემა იყო „ტოლერანტობისა და გენდერული თანასწორობის გამოწვევები ქართულ საზოგადოებაში“.
„იმისათვის, რომ საქართველო უმოკლეს დროში თვითკმარი სახელმწიფო გახდეს, საჭიროა მტკივნეული რეფორმების გატარება. ამისათვის საჭიროა რეფორმები მართვის სფეროში, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურა მთლიანად უნდა შეიცვალოს, მინიმუმამდე უნდა შემცირდეს სამინისტროების რაოდენობა და მათი ფუნქციები უნდა შეიცვალოს, უნდა მთლიანად გაუქმდეს გუბერნატორების დესტრუქციული აპარატი, საჭიროა ანტიმონოპოლური კანონმდებლობის მიღება და მისი დაცვა“, — განაცხადა მამრაძემ.
მისი თქმით, ღონისძიებათა ასეთი კომპლექსი რეალურ ეკონომიკური ზრდის დაწყებას განაპირობებს. მხოლოდ მაშინ, 10-15 წლის შემდეგ, საქართველოს გაუჩნდება იმედი, რომ ქვეყანა წავა იმისაკენ, რომ გახდეს თვითკმარი სახელმწიფო, აღნიშნა ექსპერტმა.
„ეს პირველია. და მანამდე იფიქრო იმაზე, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა რამენაირად გადაწყდება, აფხაზებისა და ოსებისთვის საქართველო მიმზიდველი გახდება — ეს სრულიად არასერიოზულია“, — ხაზი გაუსვა მამრაძემ.
სამწუხაროდ, ბოლო ოთხი წლის მანძილზე მსგავსი არაფერი არ კეთდება და არ კეთდება არა იმიტომ, რომ ცუდი მთავრობაა, იმიტომ რომ ერს არ აღმოაჩნდა ის ღერძი, ინტელექტუალების ის კრიტიკული მასა, რომელსაც თავისი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა შეუძლია, აღნიშნა ექსპერტმა.
ირაკლი მეორის საზოგადოების თავმჯდომარის არჩილ ჭყოიძის განცხდებით, ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ქართველებმა ყველაზე მთავარი დაკარგეს — საკუთარი ისტორია.
„ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ბევრი ადამიანი აღფრთოვანებულია დასავლეთის ლიდერებით, მწერლებით. ზოგი ჩრდილოეთის ლიდერებით და მწერლებით ამაყობს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიამაყოთ უცხოელებით. მაგრამ ჩვენც, ქართველებს ბევრი რამ საამაყო გვაქვს“, — აღნიშნა ჭყოიძემ.
არავინ არ უნდა ასწავლიდეს ქართველებს გენდერულ თანასწორობას, რადგან ეს საქართველოს კუთვნილებაა, ხაზი გაუსვა მან.
„ჯერ კიდევ 900 წლის წინ საქართველოს თამარ მეფე ჰყავდა. ეს არის ქვეყანა, სადაც რამოდენიმე საუკუნის წინ იყო ქალის კულტი, ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, მაშინ როდესაც ევროპაში, და რა თქმა უნდა, აზიაში, ასეთი რამ არ არსებობდა. და ახლა სამარცხვინოა ის, რომ ჩვენ მიღწევებს ჩვენ თვითონვე ვანადგურებთ“,-განაცხადა მან.
მისი თქმით, საქართველომ მსოფლიოს ბევრი მისაბაძი რამ შეიძლება მისცეს, მათ შორის ტოლერანტობის საკითხშიც.
„ჩვენ ხშირად გვეუბნებიან, რომ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები. საქართველო ერთადერთ ქვეყნად შეიძლება ჩაითვალოს, სადაც ტოლერანტობის აპოგეა არსებობს. გვერდიგვერდ ცხოვრობენ ადამიანები სხვადასხვა რელიგიური შეხედულებებით, აღმსარებლობით, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები და მათ ერთმანეთთან პრაქტიკულად არანაირი კონფლიქტი არ აქვთ“,- განაცხადა ჭყოიძემ.
მისი თქმით, XXI საუკუნეში უდიდეს პრობლემად შიიტებისა და სუნიტების თანაცხოვრების საკითხი რჩება, საქართველოში კი შიიტებისა და სუნიტების ურთიერთპატივისცემის შესანიშნავი მაგალითი გვაქვს, სადაც მათ შორის არანაირი დაპირისპირება და მტრობა არ არსებობს.
ასევე, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ფილოლოგი თეიმურაზ ქორიძე და მამა სვიმონი.