საქართველოში ლეკვის სიკვდილთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

© FB / Tamaz Elizbarashviliუპატრონო ძაღლი
უპატრონო ძაღლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეკვთან სასტიკმა მოპყრობამ აღაშფოთა ქართული საზოგადოება და აქტუალური გახადა კანონის მიღების საკითხი, რომელიც ცხოველების წამებისა და მკველობისათვის სასჯელს გაამკაცრებს.

თბილისი. 21 ივლისი — Sputnik. საქართველოს შსს ქალაქ რუსთავში ლეკვთან სასტიკი მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო  "Новости-Грузия". 

საუბარია 15 ივლისს მომხდარ ინციდენტზე. ორგანიზაციამ „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი“ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად ორმა მოზარდმა ლეკვი აწამა და ცხოველს უკანა ტანში ჯოხი შეტენა. ეს 22-ე საჯარო სკოლის სიახლოვეს მოხდა.

„ლეკვის წამებასთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლით. ეს მუხლი გულისხმობს ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობას. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი. მაგრამ ის, რომ  ტარდება ინტენსიური, ძალიან აქტიური საგამოძიებო ზომები, შემიძლია დავადასტურო“,- ციტირებს პრესსამსახურის თანამშრომლის მზია ციტაიშვილის სიტყვებს სააგენტო.

ნაწამები ლეკვის გადარჩენა ვერ მოხერხდა.  ცხოველთა დამცველებმა ლეკვი გადაიყვანეს ვეტერინარიულ კლინიკაში, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა სიცოხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო ვერ მოხერხდა. მას სწორი ნაწლავი ჰქონდა დაზიანებული.

„ზემოაღწერილ ფაქტზე აუცილებელია ადეკვატური სამართლებრივი რეაგირება, წინააღმდეგ შემთხვევაში არასრულწლოვანთა შორის გაჩნდებიან მოძალადეები, მანიაკები და ფსიქოპატები“,- ნათქვამია ორგანიზაცია „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის“ განცხადებაში.

ორგანიზაციამ ფეისბუქზე პეტიცია გაავრცელა დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით, რომელსაც რამდენიმე დღეში თითქმის 19 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მოზარდების ვინაობა, რომლებიც აწამებდნენ ლეკვს, დადგენილია. ცხოველთა დამცველებმა დაადასტურეს, რომ ერთ-ერთი მათგანი პოლიციამ დაკითხა. მეორე მონაწილე, „ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტის“ ვერსიით, სომხეთის მოქალაქეა და ამჟამად ურეკში ისვენებს.

დაიკითხნენ ასევე მომხდარის თვითმხილველებიც.

უნდა აღინიშნოს, რომ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი „ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა, რომელმაც მათი სიკვდილი ან დასახიჩრება გამოიწვია, ასევე ცხოველების წამება“ ითვალისწინებს ჯარიმას ან გამოსაწორებელ სამუშაოებს ერთი წლის ვადით. იგივე ქმედება, რომელიც პირთა ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, არაერთხელ ან მცირეწლოვანთა თანდასწრებით, ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

2016 წლის მარტში საქართველოს პარლამენტმა ცხოველთა უფლებების დამცველი კანონის განხილვა დაიწყო.

კანონპროექტის ავტორი დეპუტატი გიორგი ცაგარეიშვილი პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში შესწორებების შეტანას სთავაზობს, რომელთა თანახმად ცხოველის მკვლელობა დაისჯება თავისუფლების აღკვეთის ორი წლის ვადით. თუ ამ დანაშაულს პირთა ჯგუფი ჩაიდენს, მაშინ ოთხ წლამდე ვადით. თუმცა, ეს კანონპროექტი   მიღებული ჯერჯერობით არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0