ერევანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

გამოწერა
დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ერევანში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად სამედიცინო დაწესებულებებს 50-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა, ნათქვამია სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„51 ადამიანიდან, რომლებმაც სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს, 28 პოლიციელია. თითოეულ მათგანს შესაბამისი პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, — იუწყება სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრო.

ოთხშაბათს, საღამოს დემონსტრანტებმა სამართალდამცველების მისამართით ქვები ისროლეს. მომიტინგეთა თქმით, ვითარება იმის გამო დაიძაბა, რომ ერთი დემონსტრანტი პოლიციელებმა დააკავეს და ისინი მის გათავისუფლებას მოითხოვდნენ. მოგვიანებით ვითარება ნაწილობრივ დამშვიდდა, შემდეგ კი სამართალდამცველებმა დემონსტრანტები დაჯგუფების მიერ დაკავებული პოლიციის შენობის ტერიტორიიდან განდევნა. ყველა მომიტინგე, ვინც ღამით აქციის ადგილზე დარჩა, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

გასულ კვირას ერევანში შეიარაღებული პირების ჯგუფმა პოლიციის განყოფილების შენობა აიღო. პოლიციის ინფორმაციით, პოლიციის შენობის აღებისას მოკლეს ერთი პოლიციელი, ექვსმა ადამიანმა, მათ შორის ხუთმა პოლიციელმა, სხეულის დაზიანებები მიიღო. ამ დრომდე მძევლად რჩება ოთხი პოლიციელი, მათ შორის არიან სომხეთის პოლიციის უფროსის მოადგილე ვარდან ეგიზარიანი და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილე ვალერი ოსიპიანი.

შეიარაღებული დაჯგუფება სომხური ოპოზიციური სამოქალაქო ინიციატივის „დამფუძნებელი პარლამენტის“ კოორდინატორის ჟირაირ სეფილიანის გათავისუფლებას მოითხოვს, რომელსაც იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა ედება ბრალად.

ყველა ახალი ამბავი
0