თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. თუ მიკროავტობუსში კონდიციონერი არ მუშაობს, ის თბილისში რეისს ვერ შეასრულებს.
თბილისის მერის დავით ნარმანიას დავალებით, მიკროავტობუსებში ჰაერის გაგრილების სისტემის მონიტორინგის სპეციალური ჯგუფი შეიქმნა. 27 გრადუსზე მეტი ტემპერატურისას მიკროავტობუსების მძღოლები ვალდებული არიან, კონდიციონერი ჩართონ.
„ხაზზე გამოსვლამდე ყოველი მიკროავტობუსი გაივლის ტექნიკურ შემოწმებას და კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მანქანას აეკრძალება ხაზზე გასვლა და დადგენილი მარშრუტის შესრულება… ტექნიკური შემოწმება რეგულარულად ჩატარდება მთელი ზაფხულის განმავლობაში”, — აღნიშნულია კომპანია „თბილისის მიკროავტობუსის“ განცხადებაში.
20 ივლისის მონიტორინგის შედეგებით, ხაზზე გასვლა 70 მიკროავტობუსს აეკრძალა.
19 ივლისის მონიტორინგის შედეგებით კი გამოვლინდა მიკროავტობუსის 66 მძღოლი, რომელიც მგზავრთა გადაყვანის დროს კონდიციონერს შეგნებულად არ რთავდა. მონიტორინგის სამსახურმა შესაბამისი სანქციები გამოიყენა და მათ ათი დღით მუშაობა აუკრძალა.
თუ მძღოლი კონდიციონერის ჩართვაზე უარს ამბობს, მას სამუშაოს ორი კვირით ჩამოაცილებენ. დარღვევის გამეორების შემთხვევაში ის უმუშევარი ერთი თვის განმავლობაში დარჩება. თუ ეს კვლავ გამეორდა, „თბილისის მიკროავტობუსი“ მასთან კონტრაქტს გაწყვეტს.
მგზავრებს თავისი პრეტენზიების დაფიქსირება შეუძლიათ საინფორმაციო ცენტრის სატელეფონო ნომერზე: (032) 220-03-40.