ავთო ჭრიკიშვილი: თავს არ დავზოგავ, რომ იმ დღეს ქართულმა დროშამ ყველაზე მაღლა იფრიალოს

© photo: Sputnik / Denis Aslanovავთო ჭრიკიშვილი ინტერვიუზე
ავთო ჭრიკიშვილი ინტერვიუზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–ის პროექტი „საქართველო რიოს ოლიმპიადაზე“ ძიუდოისტ ავთანდილ ჭრიკიშვილს წარმოგიდგენთ, რომელსაც ქვეყნის ოლიმპიური ნაკრების მედროშეობის პატივი ერგო წილად.

ნოდარ მაისურაძე

კახეთის გული — ალაზნის ველი, ქალაქი ყვარელი. ზაფხულის ხვატი დგას, რაც სულაც არაა უჩვეულო ამ პერიოდისთვის. სწორედ ამ პატარა და კოხტა ქალაქში გადის დასკვნით მოსამზადებელ შეკრებებს საქართველოს ოლიმპური ნაკრები ძიუდოში. ჩვენი ბიჭები თავდაუზოგავად ვარჯიშობენ.

ამირან პაპინაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ავთანდილ ჭრიკიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი — ეს ისინი არიან, ვინც ბრაზილიაში ქართული ძიუდოს ღირსებას დაიცავენ.

© Sputnik/ Denis Aslanovსაქართველოს ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები
საქართველოს ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები - Sputnik საქართველო
საქართველოს ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები

ქართული ძიუდოს ისტორიაში ეს უძლიერესი ნაკრებია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში ქართველები მყარად დამკვიდრდნენ ძიუდოს მსოფლიო ელიტაში. ნაკრების მთავარი მწვრთნელი ირაკლი უზნაძე ირწმუნება, რომ ყველა მათგანს შეუძლია რიოდან მედლის ჩამოტანა, რაც სულაც არ იქნება გასაოცარი. 

პორტალის სახელით, განსაკუთრებული მადლობა გვინდა მოვახსენოთ ირაკლი უზნაძეს, რომელმაც, მიუხედავად დაძაბული გრაფიკისა და გაძლიერებული ვარჯიშისა, მაინც მიგვიწვია შეკრებებზე და ვარჯიშის პროცესის „შიგნიდან“ ნახვის საშუალება მოგვცა.

ჩვენ მოვახერხეთ და 81 კილომდე წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერსა და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშეს, ავთო ჭრიკიშვილსაც გავესაუბრეთ.

© Sputnik/ Denis Aslanovმსოფლიო რეიტინგის ლიდერი ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილი
მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილი - Sputnik საქართველო
მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ძიუდოში ავთანდილ ჭრიკიშვილი

— წელს თქვენ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში ოქროს მედალი აიღეთ, ინდივიდუალურში — ვერცხლი, გახდით მსოფლიო ჩემპიონი, იყავით ერთადერთი ქართველი, რომელმაც იაპონიაში გრან–პრი დაიმსახურა, ხართ მსოფლიო რეიტინგის ლიდერი და რიოს ოლიმპიადის ერთ–ერთი უმთავრესი ფავორიტი… ამ ფონზე მძიმე ტვირთად ხომ არ გაწევთ პასუხისმგებლობის ტვირთი?

— არა, ეს რამე განსაკუთრებულად არ მტვირთავს. იცით, ძალიან ღრმად მაქვს გამჯდარი, რომ ამ მომენტისთვის პირველი ვარ მსოფლიო რეიტინგში, მიჩვეული ვარ ამ აზრს და იმასაც შევეგუე, რომ გულშემატკივრები ჩემგან ყოველთვის ბევრს ელიან. პატიოსნად გეუბნებით, ეს საერთოდ არაფერში არ მიშლის ხელს. ერთადერთი, რის გამოც ცოტას ვნერვიულობ და განვიცდი, ისაა, რომ ქომაგები არ გავაწბილო.

— თქვენი აზრით, რა სჯობს: იყოთ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც თქვენ ხართ, თუ ისეთში, როგორშიც ლაშა შავდათუაშვილი იყო ლონდონის ოლიმპიადაზე? მე იმას ვგულისხმობ, რომ ლაშა მაშინ ოლიმპიადის ფავორიტად არ განიხილებოდა და მისი გამარჯვება ბევრი სპეციალისტისთვის მოულოდნელი იყო.

— მე მგონია, რომ ლაშას მდგომარეობაში ყოფნა უფრო იოლია. ჯერ პირველი: როცა შენგან მაინც და მაინც ოქროს მედალს არ ელიან, ფსიქოლოგიურად მოდუნებული, მოშვებული ხარ და ბრძოლა იოლად გამოგდის; და მეორეც: როგორც მოწინააღმდეგე, ნაკლებად ხარ შესწავლილი და მეტოქის გაოცება არ გაგიჭირდება.

© Sputnik/ პაველ ლისიცინიავთანდილ ჭრიკიშვილი გამარჯვებულის კვარცხლბეკზე
ავთანდილ ჭრიკიშვილი გამარჯვებულის კვარცხლბეკზე - Sputnik საქართველო
ავთანდილ ჭრიკიშვილი გამარჯვებულის კვარცხლბეკზე

როცა მსოფლიო რეიტინგს უდგახარ სათავეში, მაშინ შენს ტაქტიკას, ილეთებსა და ორთაბრძოლის მანერას გამოწვლილვით სწვალობენ, ლამის მიკროსკოპით. ამ დროს მოულოდნელობის ეფექტი იკარგება და ხალიჩაზე გასულმა ძალიან უნდა მოინდომო, რომ მოწინააღმდეგე რამით გააკვირვო.

— რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშეობა რიოში? გეგონათ, რომ არჩევანს თქვენზე შეაჩერებდნენ?

— სიმართლე გითხრათ, არა. ჩვენს ნაკრებში ოლიმპიური ჩემპიონები — ლაშა შავდათუაშვილი და ნინო სალუქვაძე არიან და უფრო ვფიქრობდი, რომ ლაშას დააკისრებდნენ ამ მისიას. ამას გარდა, გვყავს მსოფლიოს არაერთი ჩემპიონიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში. არ ვიცი, რატომ, მაგრამ გადაწყდა, რომ მედროშე მე ვიქნები, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ოლიმპიურ კომიტეტსაც და იმათაც, ვინც ჩემს კანდიდატურას დაუჭირა მხარი (აღსანიშნავია, რომ ავთოს კანდიდატურა ერთხმად მიიღეს. — ავტ.).

ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მედროშე რიოს ოლიმპიადაზე. თავს არ დავზოგავ, რომ იმ დღეს, როცა მე ხალიჩაზე გავალ, საქართველოს დროშამ ყველაზე მაღლა იფრიალოს.

© Sputnik/ Denis Aslanovსაქართველოს ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები ვარჯიშისას
საქართველოს ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები ვარჯიშისას - Sputnik საქართველო
საქართველოს ძიუდოს ოლიმპიური ნაკრები ვარჯიშისას

— რამდენი უნდა დაიკლოთ წონაში, რომ 81 კილოგრამზე დადგეთ?

— ოთხი–ხუთი კილო. მართალია, ახლა პროცესი დადგენილი გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს, მაგრამ თუ მაინც არ გამომივა, არაუშავს, 90 კილომდე წონით კატეგორიაში გადავალ (იცინის).

— რიოში გამოსვლას რომ დაასრულებთ, მაშინვე შინისკენ გამოემგზავრებით თუ დარჩებით?

— დავრჩები. უნდა ვუყურო, როგორ იასპარეზებენ ჩვენი ბიჭები. ერთი ოჯახივით ვართ, ძმებივით — ერთად ვჭამთ და ვსვამთ. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. ამიტომ ბუნებრივია, რომ შინ კი არ წამოვალ, დავრჩები და ვუქომაგებ. სხვებიც ასე მოიქცევიან, იმიტომ რომ „ერთსხეულ“ ვართ.

— ოლიმპიადის მერე შვებულებას სად გაატარებთ?

— ჯერ არ გადამიწყვეტია. ისე, ექსტრემალი ვარ, ძალიან მიყვარს დრიფტი. BMW M5 მყავს და ვ გიჟდები „ნავაროტკებსა და წიუნინგზე“, რაც ხან მანქანაზე ძვირიც კი ჯდება (იცინის).

თუმცა ახლა, ოლიმპიადის წინ ვფრთხილობ, არ ვრისკავ, რომ ღმერთმა არ ქნას და, რაიმე არ დავიზიანო, ტრავმა არ მივიღო. აი, ბრაზილიიდან რომ ჩამოვალ…

© Sputnik/ Denis Aslanov ავთანდილ ჭრიკიშვილი: ძალიან ღრმად მაქვს გამჯდარი, რომ ამ მომენტისთვის პირველი ვარ მსოფლიო რეიტინგში
ავთანდილ ჭრიკიშვილი: ძალიან ღრმად მაქვს გამჯდარი, რომ ამ მომენტისთვის პირველი ვარ მსოფლიო რეიტინგში - Sputnik საქართველო
ავთანდილ ჭრიკიშვილი: ძალიან ღრმად მაქვს გამჯდარი, რომ ამ მომენტისთვის პირველი ვარ მსოფლიო რეიტინგში

— როგორ გქომაგობენ ახლობლები, ნათესავები, მეგობრები — ერთად თუ ცალ–ცალკე?

— ერთად იკრიბებიან და ისე. ოჯახი, ნათესავები, მეგობრები — ხან იმდენი ხალხი იკრიბება ხოლმე, რომ ვეღარ ეტევიან.

მშობლებს რაც შეეხებათ, მამა კი, მაგრამ დედა არასდროს უყურებს ჩემს გამოსვლას. ამ დროს ეკლესიაში მიდის, სანთელს ანთებს და ჩემთვის ლოცულობს. თუმცა, მისთვის სულ ერთია, მოვიგებ თუ წავაგებ — მთავარია, ტრავმა არ მივიღო, არ დავშავდე, რამე არ მეტკინოს. ამის დანახვისა ეშინია და იმიტომაც არ უყურებს ხოლმე ტელევიზორს.

და მაინც, ჩემი ყველაზე დიდი ქომაგი ბებიაა. ძიუდოზე, პრაქტიკულად, ყველაფერი იცის — ყველა წესი, ყველა ნიუანსი… (იცინის).

— მორწმუნე ხართ?

— კი.

© facebook.com/ijudoავთანდილ ჭრიკიშვილი — იაპონიის გრან-პრის გამარჯვებული
ავთანდილ ჭრიკიშვილი — იაპონიის გრან-პრის გამარჯვებული - Sputnik საქართველო
ავთანდილ ჭრიკიშვილი — იაპონიის გრან-პრის გამარჯვებული

— შეჯიბრებების წინ ეკლესიაში მიდიხართ ხოლმე?
— კი, რა თქმა უნდა. ამასწინათ ალავერდში ვიყავით, ერთ ეკლესიაში მოვხვდით და იქაურმა მღვდლებმა დაგვლოცეს. მჯერა, რომ შემთხვევითი არაფერია, რომ ყველაფერი უფლის ნებითა და დახმარებით ხდება.

— რატომ მაინც და მაინც ძიუდო? ვისი დამსახურებაა ეს?

— არავისი, უბრალოდ, ასე გამოვიდა. ოჯახში არასდროს არ მდგარა საკითხი ისე, რომ აუცილებლად უნდა მევლო რამეზე. ბებიაჩემი კახელია და ზაფხულობით ხშირად ვსტუმრობდი. სწორედ მაშინ ვნახე პირველად, როგორ იკრიბებოდნენ შაბათ–კვირაობით სოფლელები და  როგორ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ქართულ ჭიდაობაში. ფულსაც კი აგროვებდნენ, გამარჯვებულისთვის რაიმე სიმბოლური პრიზის საყიდლად, რათა შეჯიბრებას მეტი ინტერესი ჰქონოდა. ძალიან მომეწონა ეს ამბავი. მაგრამ ქართული ჭიდაობა მაშინ დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა და ამიტომ ძიუდოზე შევედი.

მიმაჩნია, რომ ძიუდო ორთაბრძოლის ულამაზესი სახეობაა, რომელსაც ჭიდაობასთან ბევრი აქვს საერთო — განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ახალი წესები შემოიღეს.

— შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ძიუდო თქვენი ცხოვრებაა?

— რა თქმა უნდა. ძიუდო მართლაც არის მთელი ჩემი ცხოვრება. ეს ის საქმეა, რაც ყველაფერზე უკეთ გამომდის და რაც უკვე სისხლში მაქვს გამჯდარი. ძიუდოს გარშე. მგონი, ვერც ვიცოცხლებ…

— იმის შემდეგ, რაც თქვენი ვარჯიშის ამსახველი ვიდეო ვნახე (რაც ბევრს არ უნახავს), ვუყურე როგორი სისხლით, ოფლითა და ტკივილით მიიღწევა წარმატება, მებადება შეკითხვა: არასდროს გიფიქრიათ ძიუდოსთვის თავის დანებება?

— სავსებით და სამუდამოდ — არასდროს. თუმცა ხანდახან მართლა დგება ისეთი მომენტი, როცა ორი–სამი თვით დასვენება გინდება.

იაპონიაში დამემართა ასე. დილაობით ექვს საათზე ვდგებოდით და კიბეებზე დავრბოდით… ასე გრძელდებოდა მთელი 70 დღის განმავლობაში და უკვე მართლა მენატრებოდა საკუთარი საწოლი, შინაური სადილები (იცინის). კი, რაღაც მომენტში მართლა დგები ზღვარზე, მაგრამ დასვენების მერე ყველაფერი გავიწყდება.

© Sputnik/ ვლადიმირ ასტაპკოვიჩიავთანდილ ჭრიკიშვილი I ევროპულ თამაშებზე
ავთანდილ ჭრიკიშვილი I ევროპულ თამაშებზე - Sputnik საქართველო
ავთანდილ ჭრიკიშვილი I ევროპულ თამაშებზე

— რამდენ ხანს აპირებთ სპორტში დარჩენას?

— მარტში 25 წლისა გავხდი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი მაქვს გასაკეთებელი… არა მგონია, რომ რიოს ოლიმპიადის მერე ჩემი კარიერა უნდა დასრულდეს. ჩვენ 29 წლის სპორტსმენებიც გვყავს გუნდში და მეც სწორედ ამდენისა ვიქნები ტოკიოს ოლიმპიადისთვის… ეს ის ასაკი არ არის, როცა პენსიაზე უნდა გახვიდე.

— რით განსხვავდება ოლიმპიური თამაშები სხვა ტურნირებისგან — რა არის თქვენთვის ოლიმპიადა?

— ოლიმპიადა ჩემთვის უბრალო და რიგითი შეჯიბრება არ არის. მაგრამ მე ყოველთვის მაინც მსოფლიო ჩემპიონობაზე ვოცნებობდი. მას შემდეგ, რაც 2014 წელს ეს ოცნება ამიხდა, იაპონიის გრან–პრის მოპოვება მომინდა, იმიტომ რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ძიუდოს დამაარსებლის, ძიგორო კანოს ტურნირში გამარჯვებული არ გვყოლია. ეს იდეა აკვიატებადაც კი მექცა.

ახლა კიდევ ერთი და ბოლო ოცნება მაქვს დარჩენილი ძიუდოში — ოქროს მედალი ოლიმპიურ თამაშებში. იმედი მაქვს, რომ ღვთის წყალობით, ეს ოცნებაც ამიხდება.

© Sputnik/ Denis Aslanovსაქართველოს ოლიმპიური ნაკრები ძიუდოში — სპორტსმენები და მწვრთნელები
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ძიუდოში — სპორტსმენები და მწვრთნელები - Sputnik საქართველო
საქართველოს ოლიმპიური ნაკრები ძიუდოში — სპორტსმენები და მწვრთნელები

— ანუ, თქვენთვის მისაღები შედეგი რიოში მხოლოდ და მხოლოდ ოქროს მედალი იქნება?

— დიახ, მხოლოდ ოქრო! შესაძლოა ეს ზედმეტად თავდაჯერებულად ჟღერს ჩემგან, მაგრამ მეორე ან მესამე ადგილი ჩემთვის — შესაძლოა, ჩავარდნა არა, მაგრამ დასახული მიზნის გაცრუება იქნება.
რიოში ვიბრძოლებ ოქროსთვის! იქ მხოლოდ გამარჯვებისთვის მივდივარ — ყველა მეტოქის დასამარცხებლად. მშვენივრად მესმის, რომ ყველა შეხვედრა დაძაბული და ძალიან რთული იქნება, ხოლო ყველა შერკინება — გადამწყვეტი… და მე ამისთვის მზად ვარ — ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც.

— ფსიქოლოგი გყავთ თუ შინაგან ხმას ეყრდნობით?

— ჩვენთან ნაკრების სრული შტაბი მუშაობს, მაგრამ თავადაც ვიქმნი განწყობას კონკრეტულ მეტოქესთან შესახვედრად. მიყვარს ძლიერი მოწინააღმდეგეები, რომლებიც დასხლტომასა და დროის გაწელვას არ ცდილობენ. მე თავად ღია ბრძოლას ვამჯობინებ და ვიცი, რომ ასეთ  სპორტსმენთან კარგი შერკინება გამომივა.

© Sputnik/ პაველ ლისიცინილატვიელი კონსტანტინ ოვჩინნიკოვი (თეთრებში) და ავთანდილ ჭრიკიშვილი შერკინებისას
ლატვიელი კონსტანტინ ოვჩინნიკოვი (თეთრებში) და ავთანდილ ჭრიკიშვილი შერკინებისას  - Sputnik საქართველო
ლატვიელი კონსტანტინ ოვჩინნიკოვი (თეთრებში) და ავთანდილ ჭრიკიშვილი შერკინებისას

თავს ვეუბნები ხოლმე: „ეს ისაა, რაც შენ შეგიძლია და შეგიძლია ყველაფერზე უკეთ. ღელვა, ნერვიულობა და განცდები საჭირო არ არის. უბრალოდ, გადი ხალიჩაზე და შენი საქმე გააკეთე!“

— შეიძლება კაცი შენი გააფთრებული მოწინააღმდეგე იყოს ტატამზე, მაგრამ მეგობრობდე მასთან?

— როგორ არა, შეიძლება. აი, მაგალითად, მე და საბერძნეთის მოჭიდავე რომან მუსტოპულოსი (ქართველი ძიუდოისტის, გიორგი რევაზიშვილის ვაჟი, — ავტ.) ბავშვობიდან ვმეგობრობთ. ხალიჩაზე ხშირად შევხვედრივართ ერთმანეთს. მეც ხშირად დამიმარცხებია ის და მასაც ბევრჯერ მოუგია ჩემთვის. არაფერს ვუთმობთ ერთმანეთს. ის კი არა, გაორმაგებული გააფთრებითაც ვიბრძვით. ხან ისეთი შერკინებები გამოგვდის, რომ თავად ვღებულობთ სიამოვნებას. ასეც უნდა იყოს. ჩვენ სპორტსმენები და ერთმანეთის კონკურენტები ვართ, მაგრამ მეგობრებად ვრჩებით. ორივემ ვიცით, რა შრომის ფასად მოდის გამარჯვება და პატივს ვცემთ ერთმანეთს.

© Sputnik/ Denis Aslanovავთო ჭრიკიშვილი: მხოლოდ ოქრო! რიოში მხოლოდ გამარჯვებისთვის მივდივარ
ავთო ჭრიკიშვილი: მხოლოდ ოქრო! რიოში მხოლოდ გამარჯვებისთვის მივდივარ - Sputnik საქართველო
ავთო ჭრიკიშვილი: მხოლოდ ოქრო! რიოში მხოლოდ გამარჯვებისთვის მივდივარ

— ყოველდღიურ ცხოვრებაში თუ დაგჭირვებიათ პროფესიული უნარების გამოყენება?

— არააა (იცინის). თუ ჩხუბი მიწევდა, მეც სხვებივით ყოველთვის მუშტს ვიქნევდი, ძიუდო არ გამომიყენებია. რა დროს ძიუდოა ჩხუბში?! (იცინის). 

— დაახასიათეთ თავი სამი სიტყვით.

— მიზანსწრაფული,  ჯიუტი  — თუ რამე ვთქვი ან ჩავიფიქრე, აუცილებლად გავაკეთებ — და, ალბათ, მაქსიმალისტი.

ყველა ახალი ამბავი
0