რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინის ტელეჟურნალისტი პაველ შერემეტი ინტერნეტ-გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ ხელმძღვანელის, ელენა პრიტულეს კუთვნილი ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, აფეთქება ძლიერი იყო.
ასაფეთქებელი მოწყობილობის სიძლიერე, წინასწარი ინფორმაციით, ტროტილურ ეკვივალენტში 400-დან 600 გრამი იყო.
შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის მიერაა გარშემორტყმული. დამწვარი ავტომობილი შემთხვევის ადგილზეა, სადაც სამართალდამცველები მუშაობენ.
უკრაინელი პოლიტიკოსები და შერემეტის კოლეგები მიიჩნევენ, რომ მკვლელობის მიზეზი ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა იყო.
ბოლო ორი წლის განმავლობაში უკრაინაში ჟურნალისტებთან მიმართებით რამდენიმე გახმაურებული დანაშაული მოხდა.
მათ შორის ყველაზე რეზონანსული ოლესია ბუზინას მკვლელობა იყო, რომელიც გასული წლის აპრილში ჩაცხრილეს. ჟურნალისტი საკუთარი სახლის ეზოში მოკლეს.