თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. გერმანიაში სამგზავრო მატარებელში მომხდარი თავდასხმისას დაზარალებულები ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონის მცხოვრებნი არიან, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ რადიოსადგურ RTHK-ზე დაყრდნობით.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ავღანელი ცულით ხელში მატარებელში შეიჭრა და მგზავრებს თავს დაესხა, რომელთაგან სამი მათგანი მძიმედაა დაჭრილი, ერთმა კი სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
რადიოსადგურის ინფორმაციით, ინციდენტის დროს ვაგონში ჰონგ-კონგის ხუთი მოქალაქე იმყოფებოდა, მათ შორის ოთხსულიანი ოჯახი. დაზარალებულებიდან ორმა — ოჯახის უფროსმა და მისმა მეგობარმა „სერიოზული ჭრილობები მიიღეს“.
ამჟამად ყველა დაზარალებული გერმანიის სამ სხვადასხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჰონგ-კონგის საემიგრაციო განყოფილება იუწყება, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო მიუნხენში მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.
შემთხვევა სადგურ ტროიხტლინგენიდან ვიურცბურგის მიმართულებით მოძრავ საგარეუბნო მატარებელში მოხდა. მამაკაცი, პოლიციის მონაცემებით, ცულით და დანით იყო შეიარაღებული. ვაგონში 14 ადამიანი იმყოფებოდა, დანარჩენი მგზავრები შოკურ მდგომარეობაში არიან.