თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა მნიშვნელოვანია.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის 11 კანდიდატი წარადგინა. მათ შორისაა კობა ნარჩემაშვილი — შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს შინაგან საქმეთა ბოლო მინისტრი.
„ჩვენ თავი უნდა დავაღწიოთ უმძიმეს წარსულს და არ უნდა გავხდეთ იმ სისასტიკის მძევალი, რომელიც ყველამ ერთად გადავიტანეთ. ანგარიშსწორება და შურისძიება გუშინდელი დღეა, რეგრესია, განვითარების შეფერხებაა. ჩვენი მიზანია საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა. მოვა დრო და კარგად გამოჩნდება, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.