ლექციები რომის კინოსკოლაში, ფილმი ჯუმბერ ლეჟავაზე და განცხადებით გაყიდული ველოსიპედი

© FB/Giorgi Kharebavaგიორგი ხარებავა გადაღებების დროს
გიორგი ხარებავა გადაღებების დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
„საუბარი პირისპირ“ დღეს რეჟისორ გიორგი ხარებავას გაგაცნობთ. თავის დროზე მისმა მოკლემეტრაჟიანმა საკურსო ფილმმა "უნამუსო" რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა. რომში გავლილი აქვს რეჟისურის კურსები და ავტორია სხვადასხვა დოკუმენტური ფილმების. ქართულ ტელესივრცეში, როგორც რეჟისორს, 300-მდე გადაცემა აქვს მომზადებული.

სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მოამზადა კინოტერმინების ორენოვანი ლექსიკონი (ინგლისურ-ქართული, ქართულ-ინგლისური), რომელიც შარშან გამოიცა, აგრეთვე, როგორც რედაქტორმა, კინოტერმინების განმარტებითი ლექსიკონი. ამჟამად რეჟისორი მუშაობს ორ ფილმზე: "უზნაძის ფენომენი", რომელიც ქართველი მეცნიერის დიმიტრი უზნაძის 130 წლის იუბილეს ეძღვნება და "ველოსიპედით მთვარეზე", რომელიც ქართველ სპორტსმენსა და მოგზაურზე ჯუმბერ ლეჟავაზეა.

– გიორგი, როგორი იყო კინოსამყაროში თქვენი პირველი ნაბიჯები?

— კინო ბევრისთვის მიუწვდომელი და იდუმალი სამყაროა, სანამ ამ სამყაროს შეეხება, ხოლო როცა შეეხება, მაშინ ხვდება, რომ იდუმალებას სირთულეც ემატება. სწორედ ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც. ჯერ კიდევ 10 წლის ვიყავი, როცა ფოტოსამყაროს შეცნობა დავიწყე, ვიყიდე აპარატი და ვიღებდი ფოტოებს. ამან გამიტაცა და კინოგადაღების ინტერესიც გამიჩნდა. ასე აღმოვჩნდი დედაჩემის დახმარებითა და მონდომებით საყმაწვილო სტუდია "პიონერფილმში" გრიგოლ ჩიგოგიძესა და სვეტლანა მარჯანიშვილთან. იქ ოთხი წელი გავატარე. კინოს იდუმალება გახდა ცნობიერი, მაგრამ რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ვხვდებოდი, რომ რთული დარგი იყო. დღესაც ამ აზრზე ვარ, და რაც უფრო მეტს შევიმეცნებ, კინოს მრავალფეროვნებას მით უფრო ვხვდები. 

© FB/Giorgi Kharebavaგიორგი ხარებავა გადაღებების დროს
გიორგი ხარებავა გადაღებების დროს - Sputnik საქართველო
გიორგი ხარებავა გადაღებების დროს

– თქვენმა მოკლემეტრაჟიანმა საკურსო ფილმმა "უნამუსო" თავის დროზე რამდენიმე საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა. თუ შეიძლება, მკითხველებს თქვენი სარეჟისორო ნამუშევრები შევახსენოთ.

— მართალია, ფილმმა „უნამუსო“ კარგი სტარტი მომცა, თუმცა მას მერე ცუდ დროში მომიწია მოღვაწეობა. "უნამუსომ" რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა და სამი მთავარი პრიზი მოგვიტანა. 90-იანი წლების ბოლოს საქართველოში არსებული სოციალური ფონი თავადაც გემახსოვრებათ. რა თქმა უნდა, მაშინ კინოს არ სწყალობდნენ, რადგან შიმშილი და გაჭირვება ადამიანის აზროვნებას სხვა მხარეს მიაქანებდა. მაშინ რამდენიმე წლის მანძილზე ტელევიზიაში მუშაობა მომიწია, რამაც კინოსამყაროდან ჩემი ნაწილობრივი მოწყვეტა გამოიწვია. თუმცა, შესაძლოა, ის წლები დაკარგულად მაინც არ ჩაითვალოს, რადგან დიდი გამოცდილება მივიღე. როგორც რეჟისორს, ჯამში 300-მდე გადაცემა მაქვს გაკეთებული. იქ ვისწავლე სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, მონტაჟი, სტუდიური ჩანაწერებისა და პირდაპირი ეთერის მართვა და ა.შ. მაგრამ მერე ვიგრძენი, რომ ტელევიზია ჩემთვის ჭაობი იყო და იმ ყოველდღიურ დაძაბულ მუშაობაში შემოქმედი ვერ განვითარდებოდა, ამიტომაც იქიდან წამოვედი. ბოლო 10 წლის განმავლობაში რამდენიმე ფილმზე ვიმუშავე, ზოგზე როგორც ოპერატორმა, ზოგზეც მემონტაჟემ ან პროდიუსერმა, ხოლო როგორც რეჟისორს ისევ არ შემეწყო ხელი და რიგი მიზეზების გამო სამი დაუმთავრებელი ფილმი დამრჩა. 2005 წელს დოკუმენტური ფილმი "ღია ფანჯრები" მიზერული თანხებით მოვახერხე დამესრულებინა. 2006 წელს სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი "აზერბაიჯანი" და 2007 წელს სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი "მესხების კუნძული" დავასრულე. დღეს ორ დოკუმენტურ ფილმზე ვმუშაობ. ერთია "ველოსიპედით მთვარეზე", რომელიც ცნობილი სპორტსმენისა და მსოფლიო მოგზაურის ჯუმბერ ლეჟავას ხსოვნას ეძღვნება. ეს ფილმი მაშინ დავიწყე, როცა ის ცოცხალი იყო და ეს ბუმბერაზი ადამიანი ისე გარდაიცვალა, რომ ფილმის გადაღება ვერ მოვასწარი. მეორე ფილმია "უზნაძის ფენომენი", რომლის გადაღებებიც ახალი დაწყებული გვაქვს და დიდი ქართველი მეცნიერის დიმიტრი უზნაძის 130 წლის იუბილეს ეძღვნება. 

– თავის დროზე რომში რეჟისურის კურსები გაიარეთ, როგორ გახსენდებათ თქვენი ცხოვრების „რომაული პერიოდი“?

— ამ პერიოდმა ბევრი რამ შემძინა როგორც გამოცდილების, ისე მეგობრების მხრივ. საერთოდ, ეს იყო ჩემი აკვიატებული იდეა, რომ რომის ნაციონალურ კინოსკოლაში უნდა მესწავლა. იმისთვის, რომ მკითხველმა წარმოიდგინოს, რაოდენ რთულია იქ მოხვედრა თავად იტალიელი მოქალაქისთვისაც კი, გეტყვით, რომ ჩემი იქ ყოფნის დროს მისაღებ გამოცდებზე რეჟისურის მიმართულებით 150 განაცხადი იყო შემოსული, საიდანაც მხოლოდ 6 უნდა მიეღოთ. ალბათ ხვდებით, რომ ეს იტალიაში ჩასული ქართველისთვის წარმოუდგენელია. მაგრამ მე სხვა მხრივ გამიმართლა – საქართველოში იტალიის საელჩოს იტალიაში სწავლის დაფინანსების მისაღებად კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული. ასეთი დაფინანსებით ძირითადად ქართველი სტუდენტები იტალიური ენის სასწავლებლად მიდიოდნენ. მე კი ჩემი აკვიატებული აზრი ავამუშავე და რომის კინოსკოლაში სწავლა მოვითხოვე. საბუთები მიიღეს, გასაუბრება გავიარე, მაგრამ დადასტურებული დადებითი პასუხი არ მოუციათ. მიმანიშნებდნენ, რომ დიდი ალბათობით მეც სხვებივით ენის დასახვეწ კურსებზე მომიწევდა წასვლა. მაგრამ მოხდა საოცრება, დადებითი პასუხი მოვიდა და რამდენიმე თვეში იქ აღმოვჩნდი. კინოსკოლაში შევხვდი დირექტორს — ლინო მიჩიკეს, რომელმაც გამანდო, რომ იმ კინოსკოლაში 3 წლის განმავლობაში სწავლობენ და ისტორიაში არ არსებობდა პრეცედენტი, რომ ვინმე რამდენიმე თვით ჩამოსულიყო და სპეციალური კურსები გაევლო. შენ შემთხვევაში ეს რატომ დავუშვით, ახლაც ვერ გეტყვიო, — ასე მითხრა. შემდეგ შევხვდი იგივე კინოსკოლის სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელს, ქალბატონ კატერიან დამიკოს, რომელსაც საქართველოში თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში შეხვედრებზე სულ ორჯერ ვყავდი ნანახი. ამ ქალმა განმაცვიფრა, როცა მითხრა, რომ კონკრეტულ კურსს ვერ შემირჩევდა, რადგან მე საქართველოში რეჟისურა უკვე დამთავრებული მქონდა და თავიდან სწავლას არ დამაწყებინებდა. 

© FB/Giorgi Kharebavaგიორგი ხარებავა გადაღებების დროს
გიორგი ხარებავა გადაღებების დროს - Sputnik საქართველო
გიორგი ხარებავა გადაღებების დროს

– რამდენადაც ვიცი, თქვენ შემთხვევაში კიდევ ერთი გამონაკლისი დაუშვეს – თავად უნდა გადაგეწყვიტათ, თუ რომელ ლექციასა და სემინარს დაესწრებოდით…

— დიახ, ასეა. კინოსკოლაში ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ იმ ლექციასა თუ სემინარზე შევსულიყავი, სადაც თავად ჩავთვლიდი საჭიროდ, ანუ გრაფიკი მე უნდა შემედგინა. ეს მართლაც მეორე საოცრება იყო ჩემთვის, რადგან ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ იქ ამხელა დათმობაზე წავიდოდნენ. განსაკუთრებით მომწონდა ხმის რეჟისურის ლექციები, რაც საქართველოში მაშინ ჩავარდნილი სექტორი იყო. მით უმეტეს, რომ იქ ამ მიმართულებაში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, პროფესორი — ფედერიკო სავინა ასწავლიდა. მის ლექციებზე ვისრუტავდი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს, რადგან ამ კაცმა იცოდა ყველაფერი, კაბელიდან და კონდენსატორებიდან დაწყებული, ხმის საბოლოო მასტერინგით დამთავრებული. შემდეგ ისე აღმოჩნდა, რომ თეორიული ლექციების გარდა ჩემს იტალიელ მეგობარს კინოსტუდია "ჩინეჩიტაში" გადაღებებზეც ვეხმარებოდი, ხოლო ერთ-ერთი თანაკურსელი პროდიუსერის დახმარებით მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღება დავიწყე. აი, ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომელიც ზემოთ დაუმთავრებელ პროექტებში მოვიხსენიე. ეს ფილმი დაუმთავრებელი დარჩა, რადგან ვიდეოკასეტებზე გადაღებული ყველა მასალა პროდიუსერმა დაკარგა. მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, ეს პერიოდი ჩემთვის მაინც ძალიან ნაყოფიერი და დატვირთული იყო.

– გიორგი, მკითხველს შევახსენებ, რომ თქვენ საქართველოში მანამდე არარსებულ კინოტერმინების ორენოვან ლექსიკონსა და კინოტერმინების განმარტებით ლექსიკონზეც მუშაობდით.

— დიახ, მე ვმუშაობდი კინოტერმინების ორენოვან ლექსიკონზე (ინგლისურ-ქართული, ქართულ-ინგლისური) და კინოტერმინების განმარტებით ლექსიკონზე. მინდა გითხრათ, რომ ქართული კინოს დაბადებიდან დღემდე არც ერთი არ არსებობდა. შარშან მოვახერხეთ კინოტერმინების ლექსიკონის წიგნად გამოცემა. ამასთან ერთად ეს ლექსიკონი ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე სრულიად უფასოდ. ის მოიცავს 4 000 ტერმინს, გააჩნია ძალიან მოხერხებული საძიებელი და მისი გამოყენება კინოხელოვნებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეუძლია. ამ ლექსიკონს სამი წელი ვაკეთებდით მე, ნოშრევან ჩხაიძე, ქეთევან ჯანელიძე, ზვიად დოლიძე და სპეციალისტების მთელი ჯგუფი. რაც შეეხება კინოტერმინების განმარტებით ლექსიკონს, ეს შედარებით ნაკლები რაოდენობის ტერმინს მოიცავს ხუთ ენაზე, მაგრამ თითოეულის განმარტებაა ვრცელი. მისი დაკაბადონება ჯერ არ დამთავრებულა და, შესაბამისად, ჯერ არც გამოცემულა. ამ ლექსიკონის ავტორი კინორეჟისორი გია ჭუბაბრია გახლავთ, ხოლო მე დარგობრივი რედაქტორის მოვალეობა შევასრულე. ენობრივი რედაქტორი პროფესორი შუქია აფრიდონიძე გახლავთ.

– ჯუმბერ ლეჟავასთან ერთად ფილმზე მუშაობა საინტერესო იყო? 

— ჯერ იმას გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს ველოსიპედი და მთელი ბავშვობა ველოსიპედზე მაქვს გატარებული. ის სიყვარული ამ ასაკშიც არ განელებულა. ბოლო წლებში დაახლოებით ოთხი წელიწადი მქონდა ერთი ველოსიპედი, რომლითაც თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად დავდიოდი. ჯუმბერ ლეჟავას შესახებ ფილმის გადაღება რომ დავიწყე, რატომღაც, მისი ველოსიპედების შემხედვარე, უფრო გამძლე და მსუბუქი ველოსიპედის ყიდვა მომინდა. ჩემ ძველ ველოსიპედზე გული ავიცრუე და მისი გაყიდვის შესახებ განცხადება გამოვაქვეყნე. სანამ ფილმის პროექტზე და შემდეგ ბატონ ჯუმბერთან ერთად გადაღებებზე ვმუშაობდი, დაახლოებით 6 თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ჩემი ველოსიპედით სერიოზულად თითქმის არავინ დაინტერესებულა, ეს განცხადება იდო და იდო. ერთხელაც ვიღაც ახალგაზრდამ დამირეკა, დროსა და თანხაზე შევთანხმდით და მეორე დღეს, დილით ველოსიპედი წაიყვანა… ზუსტად იმ დღეს, ამ ამბის შემდეგ ჩემი უახლოესი მეგობარი მირეკავს და მეუბნება, ჯუმბერ ლეჟავა გარდაიცვალაო (რასაც მისი ჯანსაღი იერის გამო არავინ მოელოდა). მახსოვს, ავტომობილში ვიჯექი და ამ ამბის გამო გული ისე ამიჩქარდა, მანქანა გავაჩერე და ერთხანს "გონებაგაშეშებული" ვიჯექი. მისი სიკვდილი ვერაფრით დავიჯერე, მერე ჩემი გაყიდული ველოსიპედი გამახსენდა. დღემდე ვფიქრობ, რატომ მაინც და მაინც იმ დღეს?..

- პრინციპი, რომელსაც არასოდეს უღალატებთ…

— სულ მახსოვს ჩემი პედაგოგის, გია ჭუბაბრიას ნათქვამი: დიდი ადამიანები თავის სიკეთეს სხვის უბედურებაზე არასოდეს აგებენ. ჩემთვისაც, ალბათ, ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი პრინციპი — ვაჩვენო სიმართლე, მაგრამ არასოდეს გადავაბიჯო მორალის იმ ზღვარს, სადაც სხვა ადამიანის პირადი სივრცე გადის და არ გამოვიტანო სააშკარაოდ ის, რაც სხვას დააზარალებს…

ყველა ახალი ამბავი
0