ბაქოელი გოგოს ბავშვობის ზღაპარი, სამოთხე და ტიბეტური საცივი — „ეს ჩემი საქართველოა“

© photo: Sputnik / Levan Avlabreliკრისტინა მიშინა
კრისტინა მიშინა - Sputnik საქართველო
გამოწერა

Sputnik–ის პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ბაქოელ კრისტინა მიშინას ისტორიას გიამბობთ, რომელიც თბილისში საცხოვრებლად ჯერ კიდევ 90–იან წლებში გადმოვიდა. მაშინ ის ჯერ კიდევ 15 წლისა იყო. დღეს მას თბილისში საკუთარი ბიზნესი აქვს და იმავდროულად ექსპერიმენტული თეატრი Tilde–ის მსახიობია.  

საბავშვო ზღაპარი

საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, ბავშვი ვიყავი. ბაბუამ გადაწყვიტა, მთელი ოჯახისთვის დღესასწაული მოეწყო და მანგლისში სახლი იქირავა. მაშინ ასე მეგონა, ზღაპარში მოვხვდი.

ხეები, მთები, მდინარეები… ყველაფერი სამოთხეს ჰგავდა და ეს სიმართლე გამოდგა: მდიდარი ბუნება, გემრიელი საკვები, არაჩვეულებრივი ხალხი… მეტი რა უნდა ადამიანს?!

© FB/Kristin.Sakura კრისტინა მიშინა
კრისტინა მიშინა  - Sputnik საქართველო
კრისტინა მიშინა

ახლაც კი, როცა ბაქოში მივდივარ, მაშინვე ვგრძნობ, როგორ ძლიერ განსხვავდება იქაური ჰაერი აქაურისგან. 

თბილისიდან რა მიმართულებითაც არ უნდა გახვიდე, ნახევარ საათში უკვე შუაგულ ტყეში შეგიძლია აღმოჩნდე. მიდი და კრიფე სოკოები და კენკრა. აზერბაიჯანში კი ასე არ არის. ბაქოდან, სულ ცოტა, ოთხი საათი მაინც უნდა იმგზავრო, რომ ბუნება ცოტათი მაინც დაემსგავსოს საქართველოსას.

თითქოს მეზობელი ქვეყნები ვართ, ჩვენი სახელმწიფოები შავ და კასპიის ზღვებს შორის ერთ ციცქნა ტერიტორიაზე მდებარეობს, მაგრამ საქართველოში ბევრად მეტი ტყეცაა და ბუნებაც ბევრად მდიდარია. აზერბაიჯანი უფრო სტეპს ჰგავს, მთები კი არის, მაგრამ ცოტა.

მეზობლობა ქართულად

ჩვენი ოჯახი ათ წელზე მეტ ხანს ვეღარ ჩამოვიდა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამო. აქ მხოლოდ ბებიის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით შევძელით დაბრუნება 90–იან წლებში და ძლიერი შოკი მივიღეთ: არ იყო შუქი, არ იყო გაზი, არ იყო წყალი… ქვეყანა ბნელში იყო ჩაძირული. აზერბაიჯანში ამ დროს პირიქით, ყველაფერი წინ მიდიოდა, ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარება უკვე დამშვიდებული იყო.

© FB/ Kristin.Sakura საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, ასე მეგონა, ზღაპარში მოვხვდი: ხეები, მთები, მდინარეები… ყველაფერი სამოთხეს ჰგავდა
საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, ასე მეგონა, ზღაპარში მოვხვდი:  ხეები, მთები, მდინარეები… ყველაფერი სამოთხეს ჰგავდა - Sputnik საქართველო
საქართველოში პირველად რომ ჩამოვედი, ასე მეგონა, ზღაპარში მოვხვდი: ხეები, მთები, მდინარეები… ყველაფერი სამოთხეს ჰგავდა

ყველაზე ცხადად მეზობლები დამამახსოვრდა. ეს რაღაცნაირი, ერთიანი ორგანიზმი იყო. მაღაზიაში მაშინ პურზე რიგები იყო და ყველა ერთმანეთს უკავებდა ადგილს. უფრო მეტიც, აუცილებლად მოიძებნებოდა ვიღაც, ვინც დავრდომილ მოხუც მეზობელს თავად მოუტანდა პურს.

ასეთი ურთიერთობა ჩემთვის უკიდურესად უცნაური იყო. აზერბაიჯანში თუ კაცს საკუთარი სახლი აქვს, აუცილებლად ორმეტრიანი ღობით შემოსაზღვრავს, რომ თავისი პატარა სახელმწიფო შექმნას. არავის აზრადაც არ მოუვა ვინმეს რამე სთხოვოს, მით უმეტეს ისე, როგორც ეს საქართველოში იციან.

აქ ყველაფერი სხვაგვარადაა. ყველა მეზობელი იცნობს ერთმანეთს და ისე დადიან მათთან, როგორც საკუთარ სახლში, ხშირად კარსაც კი არ კეტავენ. ეს აქამდე მაოგნებს. ყველა მეგობრულია, თბილი და ნებისმიერ უცხოელს ისე იღებენ, როგორც ნანატრ სტუმარს.

სწორედ ეს იქცა ჩემი საქართველოში გადმოსვლის ბიძგად. აქ ცხოვრება იმდენად სახალისო იყო, რომ სხვა არაფერს არ ჰქონდა მნიშვნელობა. ბებიასთან ვსტუმრობდი მაშინ, სულ 15 წლისა ვიყავი და უკან წასვლა აღარ მინდოდა.

დროთა განმავლობაში თბილისის კიდევ ერთი თავისებურება შევნიშნე. აქაური ბავშვები ყველანი რაღაც წრეებზე დადიან — ცეკვაზე, სიმღერაზე, მუსიკაზე. ეს მათთვის განათლების განუყოფელი ნაწილია.
არ ვიცი, რა ახდენს გავლენას ქართველებზე, მაგრამ ეს კია, ყველა საკმაოდ შემოქმედებითი ადამიანია. ძალიან მიყვარს ქართული მუსიკა და ცეკვები, განსაკუთრებით, აჭარული.

ქართული ძლივძლივობით ვისწავლე. ჩემთვის ის საკმაოდ რთულია. საერთოდ არ ჰგავს აზერბაიჯანულს, რომელიც თურქულ ენათა ჯგუფს განეკუთვნება და, ჩემი აზრით, შესასწავლად ბევრად იოლია.

© Sputnik/ Levan Avlabreliკრისტინა მიშინა: „საქართველომ საყვარელი საქმე მაჩუქა“
კრისტინა მიშინა: „საქართველომ საყვარელი საქმე მაჩუქა“ - Sputnik საქართველო
კრისტინა მიშინა: „საქართველომ საყვარელი საქმე მაჩუქა“

ცხარე, მაგრამ უგემრიელესი

ქართულმა სამზარეულომ საერთოდ დამატყვევა — ცხარემ, მრავალფეროვანმა და საოცრად გემრიელმა. დიახ, ის ჩემთვის ცხარეა, მიუხედავად აქ გატარებული მრავალი წლისა. მაგრამ არა, მაგალითად, ჩემი ვაჟისთვის, რომელიც ყველა კერძს, რაოდენ ცხარეც არ უნდა იყოს, მაინც ამატებს წიწაკას. მე კი ყველაზე მეტად ჩაქაფული მიყვარს.

მრავალი წლის წინ სადღაც მოვისმინე, ტიბეტელებს ქართული საცივის მსგავსი კერძი აქვთ და მის მოსამზადებლად ზუსტად ისეთ სანელებლებს იყენებენ, როგორსაც ქართველები და მაშინ მიირთმევენ, როცა ორგანიზმი ავადმყოფობითაა დასუსტებული, ან რაიმე სტრესი გადაიტანაო. მას შემდეგ საცივი ჩემთვის უბრალოდ გემრიელი კერძი კი არ არის, არამედ, თუ შეიძლება ასე ითქვას, სამკურნალოც. ყველა მეგობარს ვურჩევ მას.

თბილისის საჩუქარი
აქ ბიზნესის რეგისტრირება ძალიან იოლია. ეს დიდი პლუსია და, როგორც ბევრ სხვას, მეც მომწონს. ამიტომ ერთ დღესაც მეც საკუთარი სილამაზის სალონის გახსნა გადავწყვიტე.

პატარა და საკმაოდ მყუდრო სალონი მაქვს. ყველა კლიენტთან ვმეგობრობ. ეს თავისთავად გამოდის, იმიტომ რომ თავად ხალხია აქ ძალიან თბილი და გულწრფელი. სწორედ ასეთი სალონი იყო ჩემი დიდი ხნის ოცნება — ანუ ისეთი, სადაც გოგოები თავს ისე იგრძნობდნენ, თითქოს ძველ მეგობართან იყვნენ სტუმრად.

არ ვიცი, რამდენად გამომივიდოდა ამ იდეისთვის ხორცშესხმა სხვა ქვეყანაში. თბილისმა საყვარელი საქმე მაჩუქა. ახლა ქალაქის ცენტრში გადასვლასა და სალონის გაფართოებაზე ვფიქრობ. ვნახოთ, რა გამოვა.

© FB/ Kristin.Sakura კრისტინა მიშინა: სწორედ ასეთი სალონი იყო ჩემი დიდი ხნის ოცნება
კრისტინა მიშინა: სწორედ ასეთი სალონი იყო ჩემი დიდი ხნის ოცნება  - Sputnik საქართველო
კრისტინა მიშინა: სწორედ ასეთი სალონი იყო ჩემი დიდი ხნის ოცნება

პოლონური „გამარჯობა“

ჩვენი ექსპერიმენტული სამოყვარულო თეატრი Tilde ორნახევარი წლისაა. პირველად იქ ტრაგედიას, სახელწოდებით „წვიმას“ დავესწარი. სპექტაკლი მოგვითხრობდა, როგორ დაწყევლა მამამ საკუთარი ვაჟი, ხოლო ხუთი ქალი — დედა და ოთხი და როგორ ელოდა შვილისა და ძმის უკან დაბრუნებას.

თეატრი მეხმარება, რომ უფრო მოქნილი ვიყო და ნებისმიერ ადამიანს მოვერგო. რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, თეატრი ნამდვილ ცხოვრებას მასწავლის.

ჩვენი ერთ–ერთი ყველაზე დიდი მიღწევა — პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გასტროლებია. იქ ფესტივალზე წავედით და ლაურეატები გავხდით. არც კი ველოდით, იმდენად თბილად დაგვხვდნენ.

წარმოიდგინეთ: უცხო ქვეყანა, საერთოდ პირველად ხარ გასტროლებზე, ამ ფესტივალზე საქართველო ჩვენამდე არავის წარუდგენია, დაძაბულები ვართ, ცოტა გვეშინია კიდეც… სცენაზე გავდივართ, მაყურებელს ვესალმებით და პასუხად გვესმის ქართული შეძახილი: „გამარჯობა! გამარჯობა!“ ეს ენით აუწერელი ემოცია იყო. საქართველო დიდი სიყვარულით მიიღეს. 

© FB/ Tilde.777 კრისტინა მიშინა: თეატრი მეხმარება, რომ უფრო მოქნილი ვიყო და ნებისმიერ ადამიანს მოვერგო
კრისტინა მიშინა: თეატრი მეხმარება, რომ უფრო მოქნილი ვიყო და ნებისმიერ ადამიანს მოვერგო - Sputnik საქართველო
კრისტინა მიშინა: თეატრი მეხმარება, რომ უფრო მოქნილი ვიყო და ნებისმიერ ადამიანს მოვერგო

თანამედროვე სამყაროში თავისუფალი დრო დიდი ფუფუნებაა. ის იმდენად იშვიათად აქვს ადამიანს, რომ აუცილებლად თავისთვის სასარგებლო საქმეში უნდა გამოიყენოს. მე მთელ ჩემ თავისუფალ დროს, პრაქტიკულად, თეატრში ვატარებ — მრავალსაათიან რეპეტიციებზე.

ზუსტად ვიცი, რომ ჩემთვის ცხოვრებაში სამი უმთავრესი ასპექტი არსებობს: ოჯახი, სამსახური და თეატრი. და ეს სამივე საქართველომ მაჩუქა, რისთვისაც მისი უზომოდ მადლიერი ვარ.

დღეს, მრავალი წლის მერე ვხვდები, რომ დიდი ხნის წინ სწორად მოვიქეცი, როდესაც საცხოვრებლად აქ გადმოვედი. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ადამიანმა მისთვის მყუდრო და კომფორტულ ადგილზე იცხოვროს. მიხარია, რომ მე ჩემი ქვეყანა ვიპოვე — ეს ჩემი საქართველოა!!!

ყველა ახალი ამბავი
0