გურული ფესტივალის ლიტვური ფინალი, ანუ პირველად ოზურგეთში

© მ. ტურიაშვილითეტრალური ფესტივალი ფოიერვერკით დაიხურა
თეტრალური ფესტივალი ფოიერვერკით დაიხურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოზურგეთში პირველად ჩატარდა ნოდარ დუმბაძის სახელობის თეატრალური ფესტივალი. სომხურმა დასმა პირველად ითამაშა ქართულ ენაზე. პირველად შედგა ორენოვანი ლიტვურ-ქართული პროექტი.

ოზურგეთის ფესტივალზე სხვადასხვა თეატრალური დასები მარტო ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს თამაშობდნენ. გაგვიძნელდება გამოვყოთ და უპირატესობა მივანიჭოთ რომელიმე თეატრს, ვინაიდან ფოთის თუ ზუგდიდის, ქუთაისისა თუ ბათუმის, ოზურგეთისა თუ ახალციხის, თბილისისა თუ სოხუმის დასების მიერ წარმოდგენილ ყველა სპექტაკლში აუცილებლად ნახავდით იმ პროცესს, რომელიც ქართული თეატრის დღევანდელი მდგომარეობის ზოგად სურათს ქმნის. ფესტივალის ბოლო დღეს ოზურგეთისა და ლიტვის მილტინისის დრამატული თეატრების ერთობლივი პროექტი ვიხილეთ. „გამარჯობა, ხალხო!“ — ასე ჰქვია რეჟისორ ვასილ ჩიგოგიძის სპექტაკლს, სადაც დამდგმელმა რეჟისორმა გურულების ინდივიდუალური ნიშან-თვისებები წარმოაჩინა. 

ლიტველი მსახიობი ლიგიტა კონდროტაიტე: მე ჩემ თბილ და საყვარელ ბებიას ვთამაშობდი. ნოდარ დუმბაძემ შექმნა ისეთი პერსონაჟი, რომლის ზოგად ნიშან-თვისებებს ყველა ერში ნახავთ. 

მეგობრული, გულღია, მზიური, ღიმილიანი, მოსიყვარულე ქართველების ხასიათი ჩვენთვის ზღაპარია. გვიყვარს საქართველოს ბუნება, ხალხური სიმღერები. სასიამოვნო იყო ქართველ მსახიობებთან ერთად მუშაობა. თქვენი ენა არ გვესმის და თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მერე ერთმანეთს მხარში ამოვუდექით და გაიმარჯვა რაღაც ნამდვილმა… ამიტომ სპექტაკლი შედგა და მაყურებელმაც კარგად მიიღო.

ოზურგეთის თეატრის და ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე: როცა 2007 წელს ეს სპექტაკლი მილტინისის თეატრში დავდგი, მაშინ შევპირდი ლიტველ მსახიობებს, რომ აუცილებლად ჩამოვიყვანდი საქართველოში და ამ წარმოდგენას ქართველებთან ერთად ვათამაშებდით. მიუხედავად იმისა, რომ ქართველმა და ლიტველმა მსახიობებმა ეს სპექტაკლი კარგად იცოდნენ, 5 ღამე არ გვძინებია, ვმუშაობდით იმ ვარიანტზე, რომ გვეყოლებოდა ქართველი ზურიკელა, ლიტველი ბებია, ქართველი ილარიონი, ლიტველი ილიკო… მუშაობის პროცესში მოვიფიქრეთ, რომ სცენაზე ერთდროულად იქნებოდა ორი ზურიკელა, სამი ბებია… ალბათ ის, რაც გონებაში იხარშებოდა, დაილექა და რეპეტიციებზე ეს ვარიანტი ავირჩიეთ. მე ძალიან ბედნიერი ვარ, თუ თქვენც კმაყოფილი ხართ — თეატრმცოდნეები, კრიტიკოსები… ხოლო დარბაზი რომ კმაყოფილი იყო, ეს ვნახე.

© მ. ტურიაშვილინოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ქართველი და უცხოელი მონაწილენი.
ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ქართველი და უცხოელი მონაწილენი. - Sputnik საქართველო
ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის ქართველი და უცხოელი მონაწილენი.

ზურიკელას როლის ერთ-ერთი შემსრულებელი, ლიტველი მსახიობი დონატას ქალკაუსკასი: როცა ჩიგოგიძემ ამ როლზე ამიყვანა, საქართველო ჩემთვის ის კოსმოსი იყო, რომელზეც არაფერი ვიცოდი. მერე მშობლები მიყვებოდნენ თქვენი სამშობლოს შესახებ. ვასიკო ჩიგოგიძემაც ბევრი რამ გვიამბო. თავიდან ძალიან გამიჭირდა, მე არ მესმოდა კულტურა, ვერ ვგრძნობდი ატმოსფეროს, მაგრამ ჩემი კოლეგების დახმარებით ყველა პრობლემა გადავლახე. ვასიკომ ტექსტი ზეპირად იცოდა, კარგად გრძნობდა ენერგიას, თვალიც უჭრის და ეს ყველაფერი როლის შექმნაში გამომადგა. მე მგონია, რომ კარგ თეატრს, ისევე, როგორც სიყვარულს, ენა არ გააჩნია და „ხალტურას“ ვერ გააკეთებ.

– ქართველებისა და ლიტველების ერთობლივი მუშაობა რით იყო საინტერესო?

— ვიცი დუმბაძის ტექსტი, ვიცი, როგორ უნდა ვესაუბრო პარტნიორს, მაგრამ მუშაობის დასაწყისში ენობრივმა ბარიერმა ორივე დასს ხელი შეუშალა. მერე ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ ვიწყებდი ადამიანების შეცნობას, დავინახე მათი ანთებული თვალები და პროფესიისადმი დიდი სიყვარული.

დუმბაძე რომ წავიკითხე, გავიფიქრე — ეს ხომ ისტორიაა… და დღეს, როცა ყველაფერი შეიცვალა, დღეს რა ხდება? მაგრამ ჩამოვედი საქართველოში და დავინახე, რომ დუმბაძისეული პერონაჟები რეალურად არსებობენ. საქართველოში ძალიან მომეწონა ერთი რამ — თქვენ ძალიან დიდ პატივს სცემთ მოხუცებულს, ხანში შესულ ადამიანს. ჩვენთან ეს გაქრა, თქვენთან კი შენარჩუნებულია.

ოზურგეთის თეატრის ყველაზე მცხოვანი მსახიობი, 89 წლის გაბრიელ მდინარაძე, რომლმაც სპექტაკლში „გამარჯობა, ხალხო!“ ილიკოს როლი შეასრულა: ნოდარ დუმბაძის თითქმის ყველა ნაწარმოებში ვთამაშობდი, მისი პერსონაჟები მიყვარს, განსაკუთრებით კი ტიგრანა, ფოსტალიონი. 60 წელია, სცენაზე ვარ და იცით, ეს რა არის? სიცოცხლეა! საფესტივალო სპექტაკლი „გამარჯობა, ხალხო!“, რომელიც ჩვენი და ლიტველების ერთობლივი პროექტია, უდიდესი მნიშვნელობისაა. 

© მ.ტურიაშვილითბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის „საბრალდებო დასკვნა“.
თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის „საბრალდებო დასკვნა“.  - Sputnik საქართველო
თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის „საბრალდებო დასკვნა“.

თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური დრამატული თეატრის რეჟისორი არმენ ბაინდურიანი: ჩვენ ფესტივალზე „საბრალდებო დასკვნა“ ვითამაშეთ. 

40 წელია თეატრში ვმუშაობ და ძალიან მინდოდა, ჩემს ახალგაზრდებს ქართულ ენაზე ნოდარ დუმბაძის ნაწარმოები ეთამაშათ. როგორც ნახეთ, ჩვენი დასის ახალგაზრდა მსახიობებს სცენაზე ქართულად ლაპარაკი შეუძლიათ და ამის პრობლემა არ ყოფილა. მე დღეს ბედნიერი ადამიანი ვარ!

P.s. ფესტივალის წარმოდგენებს თეატრმცოდნეები და კრიტიკოსები ესწრებოდნენ. ფესტივალის კოორდინატორის ლაშა ჩხარტიშვილის ინიციატივით მათ შეფასებებს მოისმენდით სოციალურ ქსელში ყოველ საღამოს. ოზურგეთში საფესტივალო ჟრიამული შეწყდა, მაგრამ ნოდარ დუმბაძის ჰუმანიზმი და გურული მასპინძლების სიყვარული დიდხანს გაგვყვება.

ყველა ახალი ამბავი
0