საგარეო საქმეთა სამინისტრო: ნიცის ტერაქტის დროს საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

© REUTERS / PASCAL ROSSIGNOLნიცაში გლოვაა
ნიცაში გლოვაა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომან ეკმალიანი და მისი მეუღლე ნიცის ტერაქტის მსხვერპლი გახდნენ.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნიცის ტერაქტისას დაღუპულთა შორის არის საქართველოს მოქალაქე — 1960 წელს დაბადებული რომან ეკმალიანი.

საფრანგეთში საქართველოს საკონსულომ დაღუპულის ოჯახს ამის შესახებ უკვე აცნობა. ბოლო წლებში ეკმალიანი ბელგიაში ცხოვრობდა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს. საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ტერორისტული თავდასხმა წარმოადგენს სასტიკ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და მიმართულია მსოფლიოში მშვიდობის წინააღმდეგ", — ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

პოლიციელები ტერაქტის ადგილზე ნიცაში - Sputnik საქართველო
იპოვეს ქართული ოჯახი, რომელსაც ნიცაში ტერაქტის შემდეგ ეძებდნენ

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკმალიანი ნიცაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც ასევე დაიღუპა ტერაქტის შედეგად. ის საფრანგეთის მოქალაქე იყო.

ხუთშაბათს, საღამოს სატვირთო მანქანა ხალხის მასაში შეიჭრა. ისინი ნიცაში ინგლისურ სანაპიროზე ფეიერვერკების სანახავად იყვნენ შეკრებილი ბასტილიის აღების დღესთან დაკავშირებით. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 84 ადამიანი. ბევრი ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოებში იმყოფება.

ტერაქტი ტუნისური წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქემ, ნიცაში მცხოვრებმა მოჰამედ ლაჰუაიეჯ ბუჰლელმა განახორციელა. შაბათს ცნობილი გახდა, რომ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

ყველა ახალი ამბავი
0