თბილისი, 17 ივლისი – Sputnik. ქართული ცეკვის საბავშვო ანსამბლი „ქართული გენი“ სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნდა. ავტობუსმა კვირას დილით სარფში საქართველო–თურქეთის საზღვარი გადმოკვეთა.
ბავშვები ბულგარეთიდან ავტობუსით ბრუნდებოდნენ საქართველოში, როდესაც თურქეთში დაწყებული ამბოხის გამო, სტამბოლის სიახლოვეს გაჩერება მოუწიათ.
ანსამბლის მონაწილეებმა საქართველოს საკონსულოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს.
„თურქეთში შევედით და თქვეს, რომ ტერაქტი მოხდაო. გავჩერდით ერთი დღე რაღაც მაღაზიასთან, არ მახსოვს, რა ერქვა. საჭმელ–სასმელი არავის მოუცია, როგორც შეგვპირდნენ. სასტუმროშიც არ ვყოფილვართ. მთელი დღე ავტობუსში გავატარეთ“, – განაცხადა ანსამბლის წევრმა ანა აგლაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
პარასკევს საღამოს თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შესახებ განაცხადა. სამხედროებმა, თავის მხრივ, ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ განაცხადეს. შაბათს დილით მეამბოხეებმა იარაღის დაყრა დაიწყეს. თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გადატრიალების მცდელობა ჩავარდა. თურქმა სამართალდამცველებმა თითქმის სამი ათასი ადამიანი დააკავეს. მათ შორის არიან მაღალი და საშუალო ჩინი მქონე სამხედრო მოსამსახურეები. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 265 ადამიანი დაიღუპა.