თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ავტობუსი, რომელშიც მოცეკვავეთა ანსამბლის წევრი 50 ბავშვი იმყოფება, ბოსფორის ხიდიდან 70 კილომეტრშია გაჩერებული. მშობლები საქართველოს ხელისუფლებას შვილების სამშობლოში დაბრუნებაში დახმარებას სთხოვენ.
ამის თაობაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ს“ ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ინგა ვასაძემ სატელეფონო ჩართვისას განუცხადა.
„[ბავშვები] ბოსფორის ხიდთან იმყოფებიან, 70 კილომეტრის დაშორებით. არიან ქუჩაში უპატრონოდ. ძალიან გთხოვთ, მოხდეს რეაგირება სახელმწიფოსგან და იქნებ დაგვეხმაროთ“, — თქვა ინგა ვასაძემ.
მისი თქმით, მოცეკვავეთა ანსამბლი „ქართული გენი“ ბულგარეთში გასტროლებიდან ბრუნდებოდა და სტამბოლში ჩასვლამდე მოუხდათ შეჩერება თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო.
როგორც ვასაძემ განაცხადა, ბავშვებს თან რამდენიმე მშობელიც ახლავთ, რომლებსაც ყოველ ათ წუთში უკავშირდებიან, თუმცა მათ ზუსტად არც თავად იციან, რა ადგილზე არიან.
„[მშობლები] არიან ძალიან დაბნეულები, ნერვიულობენ მასწავლებლებიც და ვთხოვ საქართველოს, რაიმე რეაგირება მოახდინოს“, — ამბობს ინგა ვასაძე.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კი მოსახლეობას აცნობებს შემდეგს:
თურქეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე (+905336903040; +905418184400) დაკავშირებას ვერ ახერხებენ, დამატებით გაცნობებთ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზის ნომერს: 577984020