ჩემთვის მისი ტიტულების ჩამოთვლა უფრო რთული საქმეა, ვიდრე მისთვის – ოლიმპიური ლიცენზიის მიღება, ან ამ ტიტულების მოპოვება. კარგად მახსოვს, 2011 წელს ავსტრალიაში მსოფლიოს თასი მოიგო და ლონდონის ოლიმპიადის საგზური გაინაღდა. იმ დროს გაზეთ „დრონში“ ვმუშაობდი, გვიან ღამით ავსტრალიიდან სასიხარულო ამბავი გავიგეთ და გაოცება ვერ დავმალეთ, რომ ნინო მეშვიდე თამაშებზე უნდა წასულიყო, თურმე… მოგვიანებით მასთან გასაუბრების საშუალებაც მომეცა. ახლა ყველაზე ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენის ნინო სალუქვაძის შესახებ გიამბობთ.
მიუხედავად სპორტსმენისთვის კრიტიკული ასაკისა, ყველა შეჯიბრზე მედლის კანდიდატად მოიაზრება. ასე იქნება რიო-დე-ჟანეიროშიც, თუმცა იქ მარტო საკუთარი შედეგები არ ექნება სადარდებელი. მსოფლიო ოლიმპიური თამაშების ისტორიაში პირველად ხდება, რომ ერთად იასპარეზებენ დედა – ნინო სალუქვაძე და შვილი – ცოტნე მაჭავარიანი. ესეც კიდევ ერთი რეკორდი და ისიც ოლიმპიადის დაწყებამდე… თუმცა, რატომღაც არავინ ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ ამ წყვილის მწვრთნელი ნინოს მამა და ცოტნეს ბაბუა — ვახტანგ სალუქვაძე გახლავთ, შესაბამისად, რიოში ერთი ოჯახიდან სამი თაობის წარმომადგენელი იქნება.
ისევ ქალბატონ ნინოზე საუბარს დავუბრუნდები – უყვარს ხატვა, ხაზვა, ქარგვა და… ცხოველები. 300-ზე მეტი მედლიდან ყველაზე მეტად პეკინში აღებულ ბრინჯაოს აფასებს. ისე მოხდა, რომ 2008 წლის აგვისტოში აქ ომი იყო. იქ კი, პეკინში ნინოსა და რუს ნატალია პადერინას შორის მეორე-მესამე ადგილის ბედი წყდებოდა. პოდიუმზე ასულებმა ჯერ ერთმანეთი გადაკოცნეს, მერე ხელისუფალთ ომის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
მისი საყვარელი წიგნია გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“, სიამოვნებით უყურებს გასულ საუკუნეში გადაღებულ ქართულ და იტალიურ ფილმებს. მუდამ აოცებდა მისი იარაღების კონსტრუქტორი ვლადიმირ რაზარიონოვი – უზომოდ პატიოსანი, სამართლიანი და შრომისმოყვარე კაცი, თავისი განუყრელი თეთრი სვანური ქუდით, და მწვრთნელისა და მამის ვახტანგ სალუქვაძის სიბრძნე და ადამიანურობა.
რადგან იარაღი ვახსენე, იმასაც ვიტყვი, რომ რიოში გამგზავრებამდე ერთი თვით ადრე ცოტნეს არ ჰქონდა იარაღი 50-მეტრიან დისტანციაზე სასროლად. შვეიცარიული "მორინის" ფირმა საჩუქრად კი აძლევდა, მაგრამ ჩვენი არალოგიკური კანონების გამო საქართველოში ვერ შემოიტანეს. საერთოდაც, აქ მომზადება არანაირად არ გამოდიოდა – არც 50-მეტრიანი სასროლეთი გვაქვს და არც ღია ტირი…
ცოტა უცნაურია, რომ ასეთი რეგალიების მქონე სპორტსმენს საკუთარ ქვეყანაში ნორმალურად მომზადების საშუალება არ გააჩნია. არა და, კონკურენცია თუ არ იზრდება, არანაირად არ იკლებს. წამოვიდა ახალი თაობა, რომელთან კონკურენციაც გაუჭირდათ სპორტის ამ სახეობის ისეთ „ასებს“, როგორებიც არიან ორგზის ოლიმპიური ჩემპიონები ბულგარელი მარია გროზდევა და გერმანელი დორჯსურენი, ასევე სერბი მსოფლიოს ჩემპიონი ზორანა არუნოვიჩი და სხვები, რომლებმაც რიოს საგზურები ვერ მოიპოვეს. სამაგიეროდ, მოძლიერდნენ ინდოელები, კვლავ ლიდერებად რჩებიან ჩინელები, კარგი მსროლელები ჰყავთ გერმანელებს, რუსებს, სერბებს, უკრაინელებს. ოლიმპიადაზე შემთხვევით არავინ ხვდება, მით უმეტეს — რვაჯერ. აი, მეცხრე უკვე რეკორდი იქნება:
– ჯერ ეს ოლიმპიადა ჩავამთავროთ, წინასწარ ვერაფერს ვიტყვი. ტექნიკურად და ფსიქოლოგიურად არც შეჯიბრებებზე გამოსვლა მიჭირს და არც — მზადება, მაგრამ მარჯვენა თვალზე მხედველობის სერიოზული პრობლემა მაქვს. სად არ გამოვიკვლიე — ინგლისი, თურქეთი, საქართველო… მაგრამ ვერავინ ვერაფერი გაიგო და ვერაფერი მიშველეს. ახლა გერმანიაშიც ვაპირებ ექიმთან მისვლას და ვნახოთ… თუ მდგომარეობა არ გამომისწორდა, მაშინ ძნელია ოპტიმისტური პროგნოზი, — ამბობს ნონო.
თავად პროგნოზებს გაურბის, მაგრამ მაინც გავბედავ და ვიტყვი, რომ ძნელია, არ ელოდე გამარჯვებას სპორტსმენისგან, ვისაც პირად და გუნდურ პირველობებში შვიდჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონობა, ცხრაჯერ აიღო სუპერთასი და ხუთჯერ ევროპის საუკეთესოც გახდა. ასე რომ, იმედი მაქვს, ნინო სალუქვაძე თავის მერვე ოლიმპიურ თამაშებზე კიდევ ერთი წარმატებით გაგვახარებს.
თენგიზ ჩოჩუა