თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. ტერორისტი, რომელიც სატვირთო ავტომანქანას მართავდა, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ხალხის მასაში შეიჭრა. ტერაქტის შედეგად 80 ადამიანი დაიღუპა, კიდევ დაახლოებით 20 ადამიანი კრიტიკულ სიტუაციაშია, იუწყება Sputnik საფრანგეთი.
ნიცაში ინგლისურ სანაპიროზე შეკრებილი ხალხი საფრანგეთის ეროვნულ დღესასწაულს — ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა. ხუთშაბათს, საღამოს ქუჩებში ძალიან ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. ისინი ფეიერვერკის საყურებლად ემზადებოდნენ. თვითმხილველთა ცნობით, სატვირთო მანქანა შეიჭრა ხალხის მასაში და თითქმის 2 კილომეტრი გაიარა გაუჩერებლად თან ზიგზაგებით, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოხვედრილიყო ბორბლებს ქვეშ. შემდეგ მან უმისამართო სროლა ატეხა.
ხელისუფლების მონაცემებით, 80 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც არიან.