მაშინ ჩვენებმა მერვედფინალში ბელარუსი დაამარცხეს 5:4, მეოთხედფინალში ამავე ანგარიშით თურქეთს სძლიეს, ხოლო ნახევარფინალში დიდ ბრიტანეთს 5:3 მოუგეს. ფინალში საქართველოს ნაკრები ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან უკრაინასთან დამარცხდა.
მშვილდოსან ქალთა ნაკრები ერთ-ერთი იმათგანია, რომელსაც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე წარმატების მოპოვება შეუძლია. გუნდი უკვე მომწიფდა საამისოდ და თუ აქამდე საერთაშორისო რანგის შეჯიბრებებზე ან დარბაზის პირველობებზე აღწევდა წარმატებებს, უკვე ოლიმპიურ დისციპლინებზეც დაიწყო შედეგების ჩვენება. თანაც ისეთი მაღალი რანგის ტურნირზე, როგორიც ევროპის ჩემპიონატია.
ქალთა ტრიო უკვე კარგა ხანია ერთად ასპარეზობს, დამწყები არც ერთი არაა, ყველას დიდი გამოცდილება აქვს და ამის ხარჯზე მოიპოვეს ასეთი რთული გამარჯვებები – ნარიმანიძეც და ესებუაც მეოთხე ოლიმპიადაზე მიდიან. ლობჟანიძემ უკრაინის ნაკრებში გამოსვლისას კი მოიპოვა ათენის თამაშების საგზური, მაგრამ საბოლოოდ მწვრთნელმა მის ნაცვლად სხვა წაიყვანა საბერძნეთში. თუმცა გამოცდილება მასაც აქვს და ყველა წარმატებაში დიდი წვლილი შეაქვს. ევროპიდან გუნდური ლიცენზია მხოლოდ ჩვენ და რუსეთს გვაქვს, ევროპის ჩემპიონატზე საპრიზო სამეულში შესვლა კი მხოლოდ ქართველებმა შეძლეს. ეს იმის საფუძველია, რომ გუნდმა ოლიმპიადაზეც უნდა იბრძოლოს მედლისთვის. ბრიტანულ ნოტინგემში გუნდურ პირველობაზე ვერცხლის მედლების მოპოვება ქართული მშვილდოსნობისთვის პირველი შემთხვევაა.
მისასალმებელია, რომ ჩვენი ქალები აგრძელებენ წარმატებულ სეზონს და არ არღვევენ ბოლო ორ სეზონში დამკვიდრებულ ტრადიციას — ყველა ტურნირიდან რომელიმე სინჯის მედლით ბრუნდებიან. თან ყველაზე სასიამოვნოა, რომ ეს ხდება ოლიმპიურ სეზონში. მით უფრო, ამ წარმატებებს ისინი აღწევენ, ვინც ოლიმპიადაზე უნდა იასპარეზოს: ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხათუნა ნარიმანიძე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ქრისტინე ესებუა და იულია ლობჟანიძე.
მათ შორის ყველაზე გამოცდილი, საქართველოს მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ხათუნა ნარიმანიძე მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე გუნდის პერსპექტივას ოპტიმისტურად აფასებს:
– იმედია, ჩვენი სამეული ოლიმპიადას კიდევ უფრო უკეთ მომზადებული შეხვდება. გუნდი მონდომებულია და ნერვების თამაშიც დაიწყო. ყველას გვინდა შედეგი, წარმატებები, თუმცა ეს ჩემთვის გასაგებია, რადგან პირველი ოლიმპიადა არაა. ყველა შეჯიბრების წინ ნებისმიერი ჩვენგანი თავისებურად ნერვიულობს და ყველა ჩვენებურად გამოვხატავთ ამ ემოციებს.
მე მჯერა ჩვენი გუნდის – ქრისტინე ესებუას, იულია ლობჟანიძის და უფლის შეწევნით ოლიმპიადაზეც მოვიპოვებთ შედეგს, რაც მშვილდოსნობისთვის დიდი წარმატება იქნება.
როცა ერთხელ მოიპოვებ მედალს, იქნებ, ვინმემ თქვას, გაუმართლათო, მაგრამ უკვე მეორე წელიწადია, სტაბილურად ვაჩვენებთ შედეგს. მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს, შარშან 7 საერთაშორისო მედალი მოვიპოვეთ, რაც არ ახსოვს ქართული მშვილდოსნობის ისტორიას. წლევანდელი სეზონიც ძალიან წარმატებულად დავიწყეთ და ოთხი ჯილდო მოვიპოვეთ, მხოლოდ ერთი ტურნირიდან დავბრუნდით უმედლოდ. ეს ხელშეწყობამაც გამოიწვია, რაც ამჯერად მართლაც გამორჩეულია. რაც დაგვჭირდა, რაც მოვითხოვეთ ოლიმპიური კომიტეტის თუ სპორტის სამინისტროსგან, უარი არაფერზე უთქვამთ, არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია. ყველა შეჯიბრების წინ შეკრებას გავდივართ, რაც შედეგზეც აისახა.
როგორც ფედერაციის პრეზიდენტს, მიმაჩნია, რომ ჩემი და ჩვენი გუნდის მუშაობა წარმატებულია; როგორც იქნა, საქართველოში მშვილდოსნობის ფედერაციამ თავისი სიტყვა თქვა, ამით კი გახარებული, ბედნიერი და ამაყი ვარ. მინდა, მადლობა გადავუხადო სპორტის ყველა ქომაგს; ყველას, ვინც გაიზიარა ამხელა სიხარული, განსაკუთრებით კი, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს.
მაისში ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მშვილდოსნებს სასიხარულო ამბავი დახვდათ. ბათუმში სამშენებლო კომპანია „სვეტმა“, რომელიც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპონსორი გახდა, ბათუმელ ლიცენზიანტებს – ხათუნა ნარიმანიძეს და იულია ლობჟანიძეს ბინები გადასცა საჩუქრად.
ახლა ცოტა ისტორიასაც გადავხედოთ. საქართველოში ამ სახეობაში ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონიც გვყავს – ქეთევან ლოსაბერიძე. ევროპის ჩემპიონები იყვნენ ხათუნა ქვრივიშვილი, რომელიც ახლა ამერიკის სახელით და ლორიგის გვარით ასპარეზობს და ნატო ნასარიძე – ახლა თურქეთის სახელით გამოდის. მასალაზე მუშაობისას მშვილდოსნობაში ევროპის ჩემპიონატების ისტორიას რომ გადავხედე, ხუთი ქართველის გვარი ამოვიკითხე: ქეთევან ლოსაბერიძის, ნატო ნასარიძის, ქვრივიშვილის და ორჯერ ისევ ნატო ნასარიძის, ოღონდ უკვე თურქეთის სახელით. ასე რომ, ქართველ ქალებს აქვთ საკმაოდ ხმაურიანი წარმატებები. 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიადაზე ჩემპიონის ბედი ბოლო დღეს წყდებოდა, საშინელი ამინდი იყო – ქარი, წვიმა. ყველამ ცუდი შედეგი აჩვენა, ქეთევანის ჯერიც დადგა, გასაგებია, რომ ნერვიულობდა, მაგრამ სწორედ მან შეძლო ნერვების დაოკება და სამი გასროლიდან 28 ქულის აღებით ოლიმპიური ოქროს მედალი გაინაღდა.
ამრიგად, მშვილდოსნობა შეგვიძლია იმ სახეობათა კატეგორიაში გავიყვანოთ, სადაც ოლიმპიური მედლის მოპოვების შანსი და იმედი უნდა ვიქონიოთ, ამის საფუძველს კი ჩვენი გოგონების ბოლოდროინდელი წარმატებები გვაძლევს – ორ წელიწადში გამართული 12 ასპარეზობიდან 11-ჯერ საპრიზო სამეულში მოხვდნენ, ასეთი რამ კი შემთხვევით არ ხდება.
თენგიზ ჩოჩუა