-ქალბატონო ნარგიზა, როგორ იპოვეთ საკუთარი თავი ხელოვნებაში?
— სანამ ხელოვნებაში საკუთარ თავს აღმოვაჩენდი, მანამდე, რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი. ხატვა ადრეული ასაკიდან დავიწყე. ვხატავდი ყველგან და ყოველთვის- სახლში და გარეთ, დღისით თუ ღამით. გვიან ღამით ხატვით გატაცებულს რომ მხედავდა, დედა ხშირად მსაყვედურობდა. მაშინ ალბათ 5- 6 წლის ვიქნებოდი და ჩემი ეს საქციელი ოჯახში სერიოზული განხილვის საგანი იყო. არც მასწავლებლები მაკლებდნენ ხელს და ამის გამო სკოლაში მშობელსაც იბარებდნენ. შემეძლო გაკვეთილების წიგნი გვერდზე გადამედო და ხატვა დამეწყო. ამას ზოგჯერ გაუაზრებლად, მექანიკურად ვაკეთებდი. ეს რაღაც ამოუცნობი მისტიურობით ხდებოდა… მიუხედავად იმისა, რომ წყნარი ბავშვი ვიყავი, მუხის სკამზე მჯდარი სხვანაირი, სრულიად გაუგონარი ვხდებოდი. წლებთან ერთად ბუნების სილამაზის აღქმის უნარი მომყვებოდა და ასე ვეუფლებოდი ხელოვნებას, რომლის მსახურიც გავხდი და რომელიც მოგვიანებით პროფესიად გავიხადე.
-ჩვენში მსგავსი ხელობა ხშირად ბებიებისგან აქვთ ნასწავლი. თქვენს შემთხვევაში არ იყო ასე?
— ბებიისგან ქსოვა შევისწავლე, დედისგან-კერვა. ხშირად მის კაბებს ვჭრიდი და მათგან თოჯინებს ვუკერავდი სამოსს. მაგრამ ახლა ჩემი ბავშვობის დროინდელი ამბავი მინდა გავიხსენო, რომელიც სულ სხვა ადამიანთანაა დაკავშირებული.
ჩვენს უბანში იყო “არტუშას ბუტკა“, სადაც თერძი-არტუშა მოღრეცილ და დაზიანებულ ფეხსაცმელებს აწესრიგებდა, ანუ მისივე სიტყვებით რომ ვთქვა, „აპაჩინკებდა“. მე მუსიკის გაკვეთილს ვაცდენდი და ამ ჩვენს არტუშას საათობით ვეჯექი. როცა ის საქმიანობდა, ხელებში მივშტერებოდი, კბილებით სულ ლურსმნები ეკავა და შიშით გული მიღონდებოდა, არ გადაეყლაპოს-თქო. მოკლედ, ისეთი ინტერესით ვაკვირდებოდი, უცხოს არტუშას შეგირდი ვეგონებოდი. ამ ყველაფერმა ტკბილ და თბილ ბავშვობაში მომისროლა. მაშინ არტუშასთან, პირველად დავინახე გაწაფული ხელობა და დავაფასე ადამიანის შრომა…
- ახლა თქვენს შრომაზე გადავიდეთ. ძირითადად ქალის აქსესუარებზე მუშაობთ, თქვენი რომელი ნამუშევარი სარგებლობს პოპულარობით?
— დღეს აქსესუარების შექმნას მოვკიდე ხელი, ჩემთვის ყველაზე საინტერესო საქმე ჩანთების დამზადებაა, რადგან მასში მთელ სიყვარულს ვდებ და ჩემი ნახელავი ხალხსაც მოსწონს. თანაც, ჩემი მომხმარებლის განსხვავებულ ასაკს, სტილს და გემოვნებას ვითვალისწინებ. სხვათაშორის ყურმოკვრით ვიცი, რომ ჩემი ესა თუ ის ნამუშევარი ამ თუ იმ ცნობილმა პიროვნებამ შეიძინა. მიხარია, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ჩემი ნახელავის ფოტოები უცხოეთშიც გადის. დიდი მოთხოვნაა მათზე უკრაინასა და უცხოეთში მცხოვრებ ემიგრანტ ქართველებშიც. ეს ფაქტი ძალიან მახარებს. ძირითადად ნატურალური ტყავითა და ზამშით ვმუშაობ. გარდა ჩანთებისა, ქალის სამკაულებსა და სხვადასხვა აქსესუარებსაც ვამზადებ. ჩემი ხუთწლიანი გამოცდილების შედეგად ამ საქმეში მივაგენი საკუთარ ხელწერას, რაც ჩემს ნამუშევრებს სხვებისგან აშკარად გამოარჩევს. ჩემს მომხმარებლებს შორის ძირითადად ახალგაზრდები არიან. თუმცა ხშირად ვიმეორებ, რომ ხელოვნებას, ისევე როგორც ადამიანის გულს, ასაკი არ აქვს და ეს თვითდაჯერებას მმატებს.ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ არა ჩემი დღევანდელი ფინანსური საჭიროება, ჩემს ნამუშევრებს ალბათ ყველა მსურველს უსასყიდლოდ დავურიგებდი…
- რაიმე უჩვეულო შეკვეთა ხომ არ გქონიათ?
— ახლახან ჩემთან ერთი მოვიდა გოგონა, რომელმაც კაბაზე ვეფხვისა და მის გარშემო უამრავი ფოთლის მოხატვა მთხოვა. მოკლედ შევთანხმდით, ვიმუშავე და მეორე დღეს, ღამით, როდესაც მისავათებული, აზრდაკარგული და ნახევრად ღია თვალებით ვიჯექი, ის გოგო ისევ მოვიდა და მთხოვა, რომ იმ კაბას ნიჟარებიც დაამატეთო… ისეთი დაღლილი ვიყავი, გაუაზრებლად დავეთანხმე და ისე გავუშვი. დილით როცა რეალობას თვალებში ჩავხედე, კერვა კივილით დავიწყე, თანაც, დრო ცოტა, მხოლოდ ორი დღე მქონდა. საბოლოოდ ჩემი ვეფხვი მგელს, ანუ უფრო ზუსტად, ჩვენი ბავშვობის მულტ-გმირს „ნუ პაგადის“ დაემსგავსა. გოგოს მოსვლას მოუთმენლად და შიშით ველოდი. როცა მოვიდა, ჩემდა გასაოცრად ნახელავი ძალიან მოეწონა და მითხრა, რომ ვეფხვს ისევ მგელი მირჩევნიაო. მომეფერა და კარი კმაყოფილმა გაიხურა. მე კი აწითლებულმა მივაძახე: გთხოვ, არსად გამამხილო, ასეთი რამ მე რომ გავაკეთე თქო. ბევრი უცნაური შეკვეთა მომდის, შემკვეთებს შორის აბეზარებიც არიან და მათ შეძლებისდაგვარად ვიშორებ თავიდან.
- გამოფენა, რამდენადაც ვიცი, არასოდეს გქონიათ…
— დიახ, გამოფენა არასოდეს მქონია, რადგან საამისოდ პირობები არ მიწყობს ხელს. საზოგადოების წინაშე ნამუშევრების წარდგენას ძირითადად სალონებისა და სოციალური ქსელის საშუალებით ვახერხებ. ერთხელ მეგობრების დახმარებით ისინი „ქარვასლაშიც“ იხილეს. რაც შეეხება ხატვას, რათქმაუნდა ისე ვხატავ და რაიონის გამოფენებშიც ვიღებ მონაწილეობას. ამჟამად ქუთაისში ეწყობა გამოფენა, რომელშიც სხვადასხვა რაიონის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, მაგალითად: ზესტაფონის, მაიაკოვსკის, სამტრედიის… ახლა გადაღებები მიმდინარეობს და უშვებენ პირველ კატალოგს, რომელშიც ყველა რაიონის მიერ წარდგენილი მხატვრის ნამუშევრები შევა და ჩემთვის ეს ძალიან სასიხარულოა… მთავარია, ჩემი შექმნილი ნახატი თუ ნახელავი მომხმარებლამდე მივიდეს და მათ მოეწონოს. გამიხარდება, თუკი ისინი ადამიანებს ყოველდღიურ ყოფას გაულამაზებენ, ხელოვნების დანიშნულებაც ხომ ესაა?…