ჩვენ კახელ ფერმერებს ბესო თოფჩიშვილსა და ზურა თეთვაძეს დავუკავშირდით, რათა უშუალოდ მათგან გაგვეგო, თუ როგორი მოსავალია შირაქში.
„წელს ქერის მოსავალი კიდევ უფრო დიდია, ვიდრე შარშან, რაც ამინდებმაც განაპირობა. მოსავლის აღება, შპს „მექანიზატორის“ დახმარებით, ჰექტარზე 90 ლარი მიჯდება. ქერს, ძირითადად, კერძო პირებზე ვყიდი, ბაზარზე 1 კგ-ის შესასყიდი ფასი კი 30-35 თეთრია“, — აღნიშნა ფერმერმა ბესო თოფჩიშვილმა.

ზურა თეთვაძეს შირაქში ხორბალი აქვს დათესილი. როგორც მისგან შევიტყვეთ, მოსავალი ჰექტარზე 4-6 ტონა მოვიდა, რაც ფასების კლებაზეც აისახა და 1 კილოგრამი 35-38 თეთრი ღირს. „ამჯერად, ძირითადად, ამერიკული და ფრანგული ჯიშის ხორბალი დავთესეთ და კარგი მოსავალიც მივიღეთ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს „ჯაგერი“ და „პიონერი“. ძველი ჯიშები — „კრასნოდარი 99“ და „სტავროპოლიც“ ძალიან უხვმოსავლიანია. თესლს უცხოეთში ან კერძოდ ვყიდულობ, მოსავლის აღების შემდეგ ვასაწყობებ და ანალიზებსაც ვუტარებ“, — გვითხრა ზურა თეთვაძემ.

მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ აქტიურად მუშაობს ჯიშთა გამოცდის მიმართულებით. ჩვენ ცენტრის მარცვლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის მთავარ სპეციალისტს ნანა ჩხუტიშვილს დავუკავშირდით და მათ მიერ ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებით გავესაუბრეთ.
— ქალბატონო ნანა, კონკრეტულად რა სამუშაოს ახორციელებს თქვენი სამსახური და რა მნიშვნელობა აქვს ამას მარცვლეული კულტურების წარმოების განვითარებისთვის?
— ჩვენ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებში, რომლებიც 4 მუნიციპალიტეტში – დედოფლისწყაროში, თელავში, ხაშურსა და ახალციხეში გვაქვს, სელექციური და საერთაშორისო სანერგეებიდან 850-მდე ჯიშზე ვახდენთ დაკვირვებას და შესწავლას. აქ გვაქვს როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ჯიშები. კვლევების დასრულების შემდეგ ჯიშები, რომელთა თესლიც გაღვივების მაღალი უნარით, კლიმატური პირობებისა და დაავადებების მიმართ გამძლეობით, ასევე მოსავლიანობითა და ხარისხით იქნებიან გამორჩეული, სერტიფიცირებას მიიღებენ და ჩვენ შევთავაზებთ მათ ჩვენს ბენეფიციარებს.
— ამჟამად ბაზარზე რამდენადაა შესაძლებელი ფერმერთა დაკმაყოფილება სერტიფიცირებული თესლით?
— წელს ჩვენ ადგილობრივ ფერმერებს პირველად შევთავაზეთ კვლევის შედეგად მიღებული, ადაპტირებული, სერტიფიცირებული თესლი, რაც კონკრეტულ რეგიონებში მოსავლიანობის ზრდის პირობაა. თუმცა ეს რაოდენობა ჯერ არ არის საკმარისი. იმ პირობებში კი, როცა ბაზარი კანონით არ კონტროლდება, კერძო შემომტანებს ხშირად გამოუცდელი, არასერტიფიცირებული თესლი შემოაქვთ, რაც ხშირად მარცვლეულის მოსავალსა და ხარისხზე უარყოფითად მოქმედებს.
— თქვენ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებში რომელ ადგილობრივ ჯიშებს გამოყოფდით?
— ადგილობრივი ჯიშებიდან ძალიან კარგია „ვარძია“, „სულიცხრა“, „ახალციხის წითელი დოლი“, „თეთრი იფქლი“. ძველი ქართული „მაგარი“ ხორბლის ჯიშებიდან გამორჩეულია „შავფხა“, რომელიც საბურღულეა, და პირველი ქართული სერტიფიცირებული ჯიში „ლომთაგორა 126“.
— ქალბატონო ნანა, რა უნდა ქნან იმ ფერმერებმა, ვისაც ხარისხიანი თესლის შეძენა სურს?
— ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერი სამინისტროს ოფიციალურ საიტზე მითითებულია. ფერმერებს შეუძლიათ დაგვირეკონ და ისინი ყველა საჭირო კონსულტაცას მიიღებენ. გარდა ამისა, ერთწლიანი და მარცვლეული კულტურების პოპულარიზაციის მიზნით ყველა დაინტერესებული ფერმერისთვის რეგიონებში სადემონსტრაციო დღეებს ვაწყობთ.
— დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ.
ლალი ნოზაძე
