თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ბაჩანა ხორავა, რომელიც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს წარმომადგენელი იქნება სიგრძეში ხტომაში, თურქეთში დასკვნით შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც 21 ივლისის ჩათვლით დაჰყოფს. ამის შესახებ Sputnik-ს თავად სპორტსმენმა განუცხადა.
„ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოვტოვე. გადავწყვიტეთ, არ გამერისკა და ფსონი ოლიმპიადისთვის მზადებაზე გამეკეთებინა. ახლა თითქოს ყველაფერი კარგადაა. არის პატარა პრობლემები, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თამაშების დაწყებისთვის სრულ წესრიგში ვიქნები. თურქეთში თითქმის ორი კვირა ვიქნები. 22 ივლისს თბილისში ვბრუნდები, ხოლო 26 ივლისს უკვე რიოში მივფრინავთ“, — განაცხადა მძლეოსანმა.
ხორავამ რიოს ოლიმპიადის ლიცენზია წელს, საქართველოს ჩემპიონატზე მოიპოვა. მისი შედეგი იყო 8 მეტრი და 25 სანტიმეტრი.