თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს შემოდგომაზე ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სესიაში. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ვარშავაში ალიანსის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„შემოდგომაზე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შემადგენლობაში ვიზიტით საქართველოში ვიქნები. ეს საქართველოსა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მძლავრი მხარდაჭერის კიდევ ერთი მაგალითია, საქართველოსი, რომელიც ნატოს წევრობის გზაზე რეფორმებს ახორციელებს“, – განაცხდა სტოლტენბერგმა.
გენერალური მდივნის გამოსვლის ტრანსლირება ნატოს ვებგვერდზე მიმდინარეობს.
ჩრდილოატლანტიკური საბჭო ნატოს მთავარი ხელმძღვანელი ორგანოა. საბჭო აერთიანებს ალიანსის წევრი თითოოეული სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებს. საბჭოში განიხილება პოლიტიკური და ოპერატიული საკითხები, რომლებიც ერთობლივ გადაწყვეტილებას საჭიროებს.