დღეს მოკრძალებით უნდა გთხოვოთ, გადადოთ ყოველგვარი მორიდება და დახვეწილ მაღალ საზოგადოებაში მიღებული საერთო აზრი, რომ თვალში ზედმეტად მოსახვედრი სიმდიდრე და ფუფუნება არის ცუდი ტონი…
ამ დილით, ჩემს სადღესასწაულოდ მორთულ აივანზე გელით მხოლოდ ლიმუზინებით, იახტებითა და კერძო თვითმფრინავებით…
რაც შეეხება საუზმეს, სახლში შავ ხიზილალას მაინცდამაინც ნუ მიეძალებით, რადგანაც საზეიმო სუფრა მექნება გაშლილი, რომელზეც მოგართმევთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ პიცას „Luis XIII“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ყველი ”მოცარელა ბუფალო”, ზუთხის ხიზილალა, წითელი ლობსტერისა და ომარის ხორცი და ზედ კი მოყრილი აქვს ავსტრალიური ვარდისფერი მარილი „Murray River“. გარდა ამისა, საშუალება გექნებათ გასინჯოთ „ფონ ესენის პლატინის სენდვიჩი“, თეთრი ტრიუფელებით, მწყრის კვერცხებითა და გამხმარი იტალიური ტომატებით… უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს კერძი სინამდვილეში ბუს კვერცხებისგან მზადდება, მაგრამ მზარეულს ავუხსენი რომ საქართველოში ამას ცოტა სხვა დატვირთვა აქვს და ინგრედიენტი შევაცვლევინე…
სულ ბოლოს კი დავაყოლებთ ჩინურ თეთრ ჩაი „ბაიჩას“, რომელიც იზრდება მხოლოდ ქალაქ ანცზის მიდამოებში და მზადდება განთიადზე ახლადგადაშლილი ყლორტებისგან…
თქვენ, მთავარია, არ გაიკვირვოთ, მე ამ დილით ასეთი „ლუქს კლასის“ მენიუ შევარჩიე, რადგანაც ზუსტად ამ დღეს, 1839 წლის 8 ივლისს, ნიუ-იორკის შტატის ქალაქ რიჩფორდში დაიბადა მსოფლიოში პირველი მილიარდერი (აშშ დოლარებში) და დღემდე მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კაცი, ჯონ დევისონ როკფელერი… თურმე, მისი იმდროინდელი ქონება დღევანდელი ექვივალენტით თავად ბილ გეიტსის ქონებას 4-ჯერ აღემატება! ხოდა აბა, ერბოკვერცხს ხომ ვერ გამოვიტანდი ან „ნიკორას“ სოსისს, პაკეტებიანი ჩაი „გურიელის“ თანხლებით…
მართლაც საოცრად საინტერესო და არაერთგვაროვანია ამ განსაკუთრებული ადამიანის ცხოვრება… ის არაჩვეულებრივად აქვს აღწერილი და გაანალიზებული ცნობილ ამერიკელ პედაგოგს, მწერალს, ორატორსა და ადამიანური ურთიერთობების უბადლო მცოდნეს დეილ კარნეგის.
ჯონ დევისონ როკფელერის ცხოვრება 2 ნაწილისგან შედგებოდა, რომლებიც აბსოლუტურად საპირისპირო და მკვეთრად გამიჯნულები იყო ერთმანეთისგან… პირველი 50 წელი მან კაპიტალის მოგროვებას მოანდომა, გამოირჩოდა საშინელი, ავადმყოფური ხელმომჭირნეობითა და სიძუნწით… უკვე 7 წლის ასაკში, ნაჩუქარი ფულით ყიდულობდა კამფეტებს, ინახავდა და შემდეგ „სპეკულაციურ“ ფასებში უთმობდა საკუთარ დებს… 8 წლის რომ გახდა, დაიწყო ინდაურების მოვლა, რაშიც მშობლებს ფულს ართმევდა. პირველი „ხელფასით“ კი შეიძინა ბუღალტრული წიგნი, რომელშიც სკურპულოზურად ინიშნავდა შემოსულ და დახარჯულ თანხებს, ფულს კი ყულაბაში ინახავდა. 13 წლის ასაკში, ჯონმა თავისი პირველი 50 დაგროვილი დოლარი… (არც გაიფიქროთ, რომ წავიდა და მაგალითად, დიდი ხნის საოცნებო ველოსიპედი იყიდა) ერთი წლით ასესხა მეზობელ ფერმერს, ვის ხელშიც იყო გაზრდილი, თანაც 7,5%-ში.

პირველი მილიონი როკფელერმა 30 წლის ასაკში შეაგროვა. 1870 წელს კი, მან ოჰაიოში დააფუძნა კომპანია Standard Oil, რომელსაც 1897 წლამდე, პენსიაში გასვლამდე ხელმძღვანელობდა. უკვე 1880 წელს როკფელერის ხელში ამერიკის ნავთობის მოპოვების 95% იყო კონცენტრირებული. მისმა კომპანიამ, როგორც მონოპოლისტმა, ფასები გაზარდა და მსოფლიოში ყველაზე მსხვილ კომპანიად იქცა. სხვათაშორის, აშშ-ს პრაქტიკულად ყველა სანავთობო კომპანია, მათ შორის ExxonMobil და Chevron-იც როკფელერის Standard Oil-ისგან არის წარმოქმნილი.
როკფელერმა მეუღლე ლაურა სპელმანი სიყვარულით მოიყვანა. ის მასზე უფრო მეტად საქმიანი და პრაქტიკული აღმოჩნდა და მათ სრულ ურთიერთგაგებაში გაატარეს 60-ზე მეტი წელი… გაუჩნდათ 4 შვილი, რომლებსაც ძალიან ეკონომიურად ზრდიდნენ და უმცროსები ყოველთვის უფროსების ტანსაცმელს ატარებდნენ.
თითქოს აქ უკვე შეიძლება ისტორიის დასრულება… არა და ეს როკფელერის ცხოვრების მხოლოდ ერთი, პირველი ნახევარია… როდესაც ის ან ძალიან არ უყვარდათ და ან სძულდათ. თავად აქვს ნათქვამი — „მე ვაპატიებ პანღურის ამორტყმას იმას, ვინც თავის დროზე გზა გადამიღობა წარმატებისკენ“… დაფიქრდით, ესე იგი, რამდენი ცუდი ქონდა გაკეთებული თავის დროზე, ამ ხალხის გზიდან ჩამოსაცილებლად…
არ შეგეშინდეთ, როკფელერის ცხოვრების მეორე ნახევარს, პირველისგან გამსხვავებით, სულ რამდენიმე ფრაზაში ჩავატევ…
53 წლის ასაკში, მუდმივი დაძაბულობისგან, ნერვიულობისგან და ფულის დაკარგვის შიშისგან, როკფელერი, რომელიც საკუთარ თავს ყოველთვის უვლიდა (არ ეწეოდა, არ სვამდა), დაავაადდა… წელში მოიღუნა, თმები და წამწამები გასცვივდა, სიარული გაუჭირდა… ერთი სიტყვით, დაბერდა…
მას უთხრეს, რომ ერთადერთი, რაც მას გადაარჩენდა იყო ის, რომ მას ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეეწყვიტა ფიქრი საკუთარ კაპიტალზე და მოეწესრიგებინა ნერვული სისტემა…
და დაიწყო მისი ცხოვრების ნათელი, სხვანაირად რომ ვთქვათ ნორმალური, ადამიანური ნაწილი. მან დაიწყო ხალხთან ურთიერთობა, გართობა, სტუმრად სიარული, გოლფის თამაში, სიმღერაც კი… ამას მოჰყვა ფიქრი სხვა ადამიანებზე, მათ პრობლემებზე, გაჭირვებაზე… და ამ ეტაპს კი დაერთო მისი საოცარი ხელგაშლილობა — ის ფულს მარჯვნივ და მარცხნივ არიგებდა, ეწეოდა არნახულ ქველმოქმედებას, გახდა მეცენატი და ფილანტროპი… ბევრმა არც კი იცის, რომ სწორედ როკფელერს უნდა უმადლოდეს კაცობრიობა პენიცილინის გაჩენას… იმას, რომ ბავშვები აღარ იღუპებიან მენინგიტისგან, მალარიისგან, ჭლექისგან, დიფტერიისგან… როკფელერის დაარსებულია ჩიკაგოს უნივერსიტეტი, როკფელერის სახელობის სამედიცინიო ინსტიტუტი, საყოველთაო საგანმანათლებო საბჭო და როკფელერის ფონდი, რომელიც დღემდე მრავალი საოცარი და ლამაზი საქმის და წამოწყების ინიციატორია.
საბედნიეროდ, როკფელერმა მოასწრო შვილებიც სწორ გზაზე დაეყენებინა და მათ მისი შეცდომა აღარ დაუშვიათ, ღირსეული ადამიანები გაიზარდნენ და დღესაც როკფელერების ოჯახის შთამომავლობა უამრავი კეთილი საქმით გამოირჩევა…
არა და, თუ დავუკვირდებით, როკფელერმა მთელი 53 წელი გაიარა, რომ მიხვედრილიყო და შეეგრძნო ერთი თითქოსდა ძალიან უბრალოდ სათქმელი, მაგრამ ო, რა რთულად განსახორციელებელი სიბრძნე - „რასაცა გასცემ შენია… რაც არა — დაკარგულია“… და რომ გაცემა უდიდესი და შეუდარებელი ნიჭი და ბედნიერებაა, თუკი გულით გასცემ, რა თქმა უნდა…
გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დღეს!
ლელა ანჯაფარიძე