თბილისი, 7 ივლისი – Sputnik. იმისათვის, რომ ბაკურიანისა და მის მიმდებარედ მდებარე საკურორტო პოტენციალის მქონე დიდი მიტარბის დასახლების განახლება დაიწყოს, საქართველოს მთავრობა მიწათსარგებლობის გეგმას შეიმუშავებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლება მოხდება მის მიმდებარედ არსებული საკურორტო პოტენციალის მქონე დასახლების, დიდი მიტარბის გათვალისწინებით. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა განკარგულება „დიდი მიტარბისა და ბაკურიანის განვითარების ღონისძიებების შესახებ“.
„ჩვენ ვიწყებთ მიწათსარგებლობის გეგმის შედგენას. ბაკურიანის განვითარება მიწათსარგებლობის კუთხით თითქმის დასრულებულია. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში მოხდა სტიქიური განვითარება”, — აღნიშნა პრემიერმა.
როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოს სივრცითი მოწყობა — მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს.
„ამ მიმართულებით რომ არ მოხდეს სტიქიური განვითარება და მათ შორის ტყის მასივების სტიქიური გამოყენება, აუცილებელია კანონზომიერი განვითარების ჩარჩოს შექმნა“, — აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს მთავრობამ ბაკურიანის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება-რეაბილიტაციის პროექტი 2015 წელს დაიწყო.
ბაკურიანში, კოტხას გორაზე ახალი ტიპის საბაგირო გზა მოეწყო, რომლის მშენებლობაც ავსტრიულმა კომპანია „დოპელმაიერმა“ განახორციელა. კოხტას ტრასის საერთო სიგრძე 3,1 კმ-ია.
გარდა ამისა, 2016 წლის ბოლომდე დაბა მიტარბიში ახალი საბაგირო გზა და სხვა ინფრასტრუქტურა მოეწყობა.
ბაკურიანი დსთ-ის ქვეყნების რეიტინგში ნაკლებად ძვირი სამთო კურორტების ტოპ-10-შია შესული.
კავკასიის ერთ-ერთი უძველესი სამთო კურორტი, რომელმაც ფუნქციონირება მე-19 საუკუნეში დაიწყო, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს.