სპეციალისტები ბათუმში შვიდი ადამიანის მოწამვლის მიზეზებს იკვლევენ

© FB/Visit Batumiბათუმი
ბათუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაზარალებულები ირწმუნებიან, რომ ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში მოიწამლნენ. რესტორანში ამას კატეგორიულად უარყოფენ.

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. აჭარის სურსათის უვნებლობის სამსახური ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში შვიდი ადამიანის შესაძლო მოწამვლის მიზეზებს ადგენს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ აჭარის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

დაზარალებულებმა განაცხადეს, რომ რესტორანში „შემოიხედე გენაცვალე“ სალათი „ცეზარი“ მიირთვეს და ორი დღის შემდეგ თავი ცუდად იგრძნეს. რესტორანში განაცხადეს, რომ სტუმრები მათი საკვებით ვერ მოიწამლებოდნენ.

„მათ სამედიცინო დახმარება მაშინვე აღმოუჩინეს, ექიმებმა ყველა აუცილებელი პროცედურა ჩაატარეს. ისინი საავადმყოფოდან უკვე გაეწერნენ, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, — განაცხადა ცენტრის დირექტორის მოადგილე ნინო ნიჟარაძემ.

რესტორანთა ქსელში „შემოიხედე გენაცვალე“ განაცხადეს, რომ იმ დღეს 16 პორცია „ცეზარი“ გაყიდეს და არც გემოზე და არც სუნზე არავის უჩივლია.

„ყველა, მათ შორის ისიც, ვინც მოიწამლა, ჩვენი რესტორნიდან კმაყოფილი წავიდა. ჩანდა, რომ ჩვენთან პლაჟიდან მოვიდნენ, ძლიერ გარუჯული იყვნენ. გამოვრიცხავ, რომ ჩვენი საკვებით მოიწამლნენ“, — განაცხადა რესტორნის მენეჯერმა.

მისი ვარაუდით, რესტორნის სახელის შებღალვას ვიღაც მიზანმიმართულად ცდილობს.

სურსათის უვნებლობის სამსახური რესტორანში საკვებ პროდუქტებს ამოწმებს.

ყველა ახალი ამბავი
0