ქართული ძიუდოს კლუბი ნიუ-იორკში და ქართველების გამარჯვება ამერიკულ ტატამზე

© FB/ David Prangishviliდავით ფრანგიშვილი
დავით ფრანგიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამერიკაში მცხოვრებ სპორტსმენს, დავით ფრანგიშვილს გაგაცნობთ.

ფალავანთა კლუბის საქმიანობაში ის ჯერ კიდევ 1983წელს, საქართველოში ჩაება. 1986 წლიდან 1993 წლამდე ის ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრი, საქართველოსა და ამიერკავკასიის მრავალგზის ჩემპიონი იყო. დღეს ამერიკაში, თანამოაზრეებთან ერთად ქართული ჭიდაობის კლუბი ჩამოაყალიბა. თავიდან ეს საქმე ხუთი მოწაფით დაოწყო, მაგრამ სირთულეების მიუხედავად, ამ კლუბმა ამერიკის ძიუდოს ოჯახში თავისი კუთვნილი, საპატიო ადგილი უკვე დაიმკვიდრა. ამ კლუბის შვიდი მოწაფე დღეს ამერიკის ძიუდოს ნაციონალური ნაკრების წევრია.

- ბატონო დავით, თქვენი სიცოცხლე პატარა,ზღვისპირა ქართული ქალაქიდან დაიწყო და ალბათ იქაური მოგონებები ოკეანის მიღმაც გაგყვათ…

— დიახ, ბათუმში დავიბადე, მოსკოვის ქუჩაზე ვცხოვრობდი. ბათუმური ცხოვრების გახსენება სითბოთი მავსებს. იქ დიდი, საკუთარი სახლი გვქონდა, სადაც საახალწლოდ მთელი ნათესავები ვიკრიბებოდით. ბაბუა ტრადიციისამებრ დამალულ თოფს სხვენიდან ჩამოიტანდა ხოლმე და ჩვენ ვაზნების დატენვას ვიწყებდით. ქალაქში 12 საათზე რომ დაიწყებოდა ბათქა-ბუთქი, ხალხი ხუმრობდა: ზღვიდან გერმანელები გვიტევენ და უნდა მოვიგერიოთო. ბაბუაჩემი საინტერესო ადამიანი იყო, ძველი ძალოსანი და მაშინდელი ფრანგული ანუ კლასიკური სტილის მოჭიდავე. 45 წელი ქუთაისის სახელმწიფო ფილარმონიის საცირკო ბრიგადაში იმსახურა, სადაც ძალოსნური ნომრებით გამოდიოდა. ასაკში რომ შევიდა, ცნობილი ილუზიონისტი გახდა. ჩვენ სახლში გვყავდა დათვი, მაიმუნი და ანაკონდა… ახლა შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორი საინტერესო ბავშვობა მქონდა?!.. მეზობლები ჩვენთან ვერ შემოდიოდნენ- ანაკონდასი ეშინოდათ! მე ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-4 საშუალო სკოლაში დავდიოდი. ფოტო-კადრებივით მახსოვს: ცნობილი ბულვარი, ფარშავანგები, უნიკალური დელფინარიუმი… „მორვაგზლის“ უგემრიელესი აჭარულის გემო ხომ მთელი ცხოვრება გამყვება… იმედი მაქვს, ჩემს ქათქათა ბათუმს სულ მალე ჩავეხუტები…. 

© FB/ David Prangishviliდავით ფრანგიშვილი სპორტულ დარბაზში
დავით ფრანგიშვილი სპორტულ დარბაზში - Sputnik საქართველო
დავით ფრანგიშვილი სპორტულ დარბაზში

- სპორტის სამყაროში როგორ აღმოჩნდით?

— სპორტის სიყვარულს ჩვენს ოჯახში ჩაეყარა საფუძველი, ჩემი დეიდაშვილი, თენგიზ თედორაძე კლასიკურ ჭიდაობაში ვარჯიშობდა. მისი პირველი მწვრთნელი, არაჩვეულებრივი პიროვნება, ბერძენი ნერსეს აკოპოვი იყო, საქართველოს ჩემპიონატებზე მისი უნიკალური ნიჭი მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა, დავით დავითაიამ შეამჩნია და ის საქართველოს ნაკრებში აიყვანეს. მშობლებისა და ბაბუის მეთვალყურეობის გარეშე დიდხანს არ დავრჩენილვართ. ოჯახმა ბათუმის სახლი გაყიდა და ჩვენ დედაქალაქში გადავედით.მერე უკვე სპორტით სერიოზული გატაცება დაიწყო. 1983წელს, ფალავანთა კლუბის საქმიანობაში, მწვრთნელ გოდერძი ჩიტიაშვილსა და დავით დავითაიასთან ერთად აქტიურად ჩავები.1986 წლიდან 1993 წლამდე უკვე ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრების წევრი გახლდით. ვიყავი საქართველოსა და ამიერკავკასიის მრავალგზის ჩემპიონი დააბაშიძის სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის მედლის მფლობელი…

- ამერიკულ ტატამზე როდის გადაინაცვლეთ? 

— 2000წელს ამერიკაში ემიგრაციაში წასვლა გადავწყვიტე. მოხდა ის, რომ აქ ჩემი პროფესიის რეალური გამოვლინების საშუალება მომეცა, მაგრამ ამას წლები დასჭირდა, რადგან არალეგალის წინსვლა იმ დროს, როცა ენობრივი ბარიერი არსებობს, სირთულეებთანაა დაკავშირებული. ემიგრაციაში ყოველდღიური ცხოვრებისეული ბრძოლაა საჭირო. უფროსი ძმის, გიორგის ჩამოსვლისთანავე ძიუდოს ასპარეზზე აღმოვჩნდით. დროთა განმავლობაში რამდენიმე კლუბი გამოვიცვალეთ, რადგან მწვრთნელების მეთოდი არ მაკმაყოფილებდა! ეს ალბათ იმიტომ, რომ ამ საკითხში გათვითცნობიერებული ვიყავი. საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტის მწვრთნელის, პედაგოგისა და ორგანიზატორის, სამკურნალო სპორტის რეაბილიტაციის ფაკულტეტები დავამთავრე. ძიუდოს ერთ-ერთ კლუბში, ზეზვა ებელაშვილი და გივი შუბითიძე გავიცანი. ისინი ჩვენი საამაყო სპორტსმენები იყვნენ. ზეზვა ევროპის ზონის ჭაბუკთა ოლიმპიური თამაშების ოქროს მფლობელი, ძიუდოში საერთაშორისო ტურნირების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალისანი გახლდათ, გივი კი — მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. ჩვენ შორის ნორმალური ადამიანური ურთიერთობები ჩამოყალიბდა და ჩემს ნანატრს ოცნებასაც ხორცი შევასხი — ქართული ჭიდაობის კლუბი ჩამოვაყალიბეთ. დასაწყისში ხუთი მოწაფე გვყავდა. სირთულეების მიუხედავად, ბრძოლა-ბრძოლით ამერიკის ძიუდოს ოჯახში ჩვენი კუთვნილი, საპატიო ადგილი დავიმკვიდრეთ. 

- დღეს ამერიკაში, როგორც ვიცი, სპორტსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს ბევრ ქართველს თუ არაქართველს აზიარებთ? 

— თავიდან ზოგიერთი თანამემამულისგან წინააღმდეგობას წავაწყდი, რადგან მეუბნებოდნენ, რომ სხვა ეროვნების ბავშვები ჩვენთან არ მოვლენო. კლუბის მთავარი მწვრთნელი, ზეზვა ებელაშვილია და ამ კლუბის ასეთი შედეგები მისი შრომისა და თავდადების მაჩვენებელია.

© FB/ David Prangishviliდავით ფრანგიშვილი აღსაზრდელებთან ერთად
დავით ფრანგიშვილი აღსაზრდელებთან ერთად - Sputnik საქართველო
დავით ფრანგიშვილი აღსაზრდელებთან ერთად

-თუ შეიძლება, ჩვენს მკითხველს თქვენი მოსწავლეების ყველაზე წარმატებული სპორტული შეხვედრები შევახსენოთ.

— დავიწყებ იმით, რომ ჩვენი შვიდი მოწაფე აშშ-ის ძიუდოს ნაციონალური ნაკრების წევრია. მათგან გამოვყოფ სანდრო ჩალაძეს, რომელიც 2009 წლიდან დაუმარცხებელია. მინდა გავიხსენო 2009 წლის პირველი ღია აშშ-ის ჩემპიონატი, სადაც მან ფინალში, მეტოქე 3-წამში დაამარცხა. ვერ წარმოიდგენთ, ეს რა სიხარულია!… 

-ბატონო დავით, გარდა სპორტისა, რაიმე გატაცებისთვის თუ გრჩებათ დრო?

— ემიგრაციაში რთულია გატაცებებზე იფიქრო, მაგრამ ხელობას მაინც სწავლობ, რომ ოჯახი რაიმეთი არჩინო. დღესდღეობით რესტავრატორ-დიზაინერად ვმუშაობ, არ გეგონოთ, რომ იოლი საქმე იყოს… ამ სირთულეების დაძლევასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში სწორედ სპორტი მეხმარება. ჩემი მიზნის ყოველთვის ჯიუტად მჯეროდა და ვამაყობ იმით, რომ ქართველებისკლუბი აშშ-ს ძიუდოს წამყვანი კლუბების სამეულში შედის… მეამაყება, რომ სადაც უნდა მივიდეთ, ქართველები მოვიდნენო,- ყველგან ასე გვხვდებიან…

 

ყველა ახალი ამბავი
0