თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. კალათბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია Golden State Warriors-ში გადავიდა, იუწყება Yahoo Sports.
გამოცემის ინფორმაციით, გარიგების თანხა 2,9 მილიონი აშშ დოლარია, ხოლო ხელშეკრულება 32 წლის კალათბურთელსა და NBA-ს ბოლო სეზონის ფინალისტს შორის ერთ წელზეა გათვლილი.
სავარაუდოდ, ფაჩულია ახალ გუნდში ანდრიუ ბოგუტას შეცვლის, რომელიც „დალას მავერიკსში“ გადავიდა. ფაჩულიამ ბოლო სეზონი სწორედ „მავერიკსში“ გაატარა.
„მავერიკსში“ ფაჩულია თამაშზე საშუალოდ 8,6 ქულას აგროვებდა, ჰქონდა 9,4 მოხსნა და 1,7 შედეგიანი გადაცემა. ტეხასის გუნდში ქართველმა სპორტსმენმა 76 მატჩი ჩაატარა.
Golden State ამ სეზონში NBA-ს ფინალში გავიდა, მაგრამ „კლივლენდთან“ სერიაში დამარცხდა.