შეზღუდული შესაძლებლობები ნაკლი არ არის

© ს. კაკაჩიაზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დამონტაჟებული პანდუსი
ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან დამონტაჟებული პანდუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები შეადგენენ. შშმ პირები წარმოადგენენ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჯგუფს მსოფლიოში იმ უმცირესობათა შორის, რომელიც ყურადღების მიღმა რჩება და ხშირად საზოგადოებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციას განიცდის.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია (UNCRPD), რომლის რატიფიცირებაც საქართველომ 2013 წელს მოახდინა, სახელმწიფოებს ავალდებულებს შშმ პირთა სტატისტიკური და კვლევითი მონაცემების შეგროვებას, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობა, შეუძლებელს ხდის პრობლემის რეალური სურათის გამოვლენას და შშმ პირთა საჭიროებების დანახვას. 

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2015 წლის სტატისტიკური მონაცემებით  11 963 შშმ- პირი არის დარეგისტრირებული, რაც რეგიონის მოსახლეობის 3.4 % შეადგენს. 

2014-16 წლის თვითმართველობის სამოქმედო გეგმის მიხედვით ქ.ზუგდიდიში ცენტრალური ნაწილის ტროტუარებზე რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო პანდუსები. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და მისმა საერთო ღირებულებამ 125 781 ლარი შეადგინა.

მიწისქვეშა გადასასვლელმა ყურადღება გახსნის დღიდანვე მიიქცია,უფრო სწორედ მასზე დამონტაჟებულმა რელსებმა, რამაც გარკვეულწილად უკმაყოფილება გამოიწვია შშმ პირების მხრიდან, ვინაიდან შშმ პირები დღემდე ვერ სარგებლობენ მიწისქვეშა ე.წ.  „პანდუსით“. აღსანიშნავია, რომ მიწისზედა გადასასვლელზე კი გადასვლა  შშმ პირებისთვის დამოუკიდებლად საერთოდ შეუძლებელია.

© ს. კაკაჩიაზუგდიდი, მიწისქვეშა გადასასვლელში დამონტაჟებული პანდუსი
ზუგდიდი, მიწისქვეშა გადასასვლელში დამონტაჟებული პანდუსი - Sputnik საქართველო
ზუგდიდი, მიწისქვეშა გადასასვლელში დამონტაჟებული პანდუსი

რამდენად ადაპტირებულია გარემო შშმ-პირებისთვის რეგიონში,რა საჭიროებები დგას მწვავედ,რა მიმართულებით რჩება კვლავ  პრობლემები და  რა ნაბიჯები გადადგა ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამ საკითხების მოგვარებისთვის?!

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია  „დეა“-მ  ჩაატარა მონიტორინგი და დაადგინა, რომ თვითმმართველობამ 2014-16 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ადაპტირებული გარემოს შექმნას ითვალისწინებდა, არაჯეროვნად შეასრულა. 

როგორც ასოციასია — დეას  პროექტების კოორდინატორი ივეტა წითაშვილი აცხადებს პრობლემური მიმართულებები საკმაოდ მრავალმხრივია, რომელიც ორგანიზაციის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა.

© ს. კაკაჩიაივეტა წითაშვილი
ივეტა წითაშვილი - Sputnik საქართველო
ივეტა წითაშვილი

ივეტა წითაშვილი : „ასოციაცია „დეამ“ ჩაატარა მონიტორინგი, თუ რამდენად შეასრულა ადგილობრივმა თვითმართველობამ 2014-16 წლის გეგმაში გაწერილი საკუთარი უფლებამოსილებები. შევისწავლეთ ის კორესპონდენციები, რაც გვგქონდა მერიასთნ, გამგეობასთან და საკრებულეობთან. ჩვენ ნათლად დავინახეთ,რომ თვითმართველობა ჯერ კიდევ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს  განიხილავს, მხოლოდ როგორც სამედიცინო და სოციალური სერვისების მომხმარებლად. ასევე პრობლემური საკითხია დისკრიმინაციული ტერმინოლოგია, ინტერგარციისა და რეინტეგრაციის არასწორი აღქმა და თუ როგორი ხედვა აქვს ხელისუფლებას ამ საკითხთან მიმართებაში. პანდუსი არ ნიშნავს სრულად შეღწევადობას, თუმცა პანდუსებიც ხარვეზებით არის გაკეთებული და გამოუსადეგარია სრულიად,რაც შეეხება რუსთაველის ქუჩაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლეს ეს  არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც ფორმალურად არის დამონტაჟებული პანდუსი, პანდუსსაც ვერ დავარქმევთ. იმიტომ, რომ ეს არის ლითონის კონსტრუქცია — ლიანდაგი, რომლითაც შშმ პირი ვერ ისარგებლებს. ბევრი ადგილია ქალაქში ისეთი, სადაც სტანდარტების დარღვევით არის მიშენებული პანდუსი. გარდა ამისა, ბევრი შენობა-ნაგებობა შეუღწევადია, ბორდიურები გაჭრილია არასწორად. მე პირადად ძალიან მიჭირს ქალაქში გადაადგილება და ვაწყდები ბევრ წინააღმდეგობას“.

ჩვენი რესპოდენტი თქმით, ასევე ერთ-ერთ მთავარი პრობლემას  წარმოადგნს საზოგადოების მხრიდან დისკრიმინაციული ტერმინები და მათი ცნობიერების დაბალი დონე.  

ქალაქ ზუგდიდის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ეკატერინე თოდუამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ  არქიტექტურის  სამსახური აქტიურად მუშაობს შშმ-პირების ადაპტირებული გარემოს შექმნისათვის, რაც სამოქმედო გეგმის ნაწილია.

„ყველა  სივრცე, რომელიც განეკუთვნება საზოგადოებრივ სივრცეს, ეს იქნება მაღაზიები სავაჭრო ცენტრი თუ სხვა  მეტნაკლებად არის ადაპტირებული და შეღწევადი, ხოლო ახალაშენებულ შენობებზე კი შესაბამისი რეკომენდაციებია გაცემული, ყველა ტროტუარზე, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდა მიშენებულია პანდუსი. ზოგიერთი მათგანზე ხარვეზები არსებობდა, რაც რამდენადმე გამოსწორდა. მე მესმის იმ ადამიანების გულისტკივილი, ვისაც ამ ყველაფრით სარგებლობის საშუალება ეზღუდება, მაგრამ მერწმუნეთ ჩვენ 2- წელიწადში ვერ მოვახერხებდით სრულიად გამართული ინფრასტრუქტურის მოწყობას, თქვენ იცით, რომ საკამოდ მძიმე მემკვიდრეობა მივიღეთ.

ჩვენი მერიის შენობა სრულიად ადაპტირებულია, მოწყობილია პანდუსი ფასადზე, არის ლიფტი და ასევე სველი წერტილი. დანარჩენი 5 შენობა, რომელიც მერიის ბალანსზეა არის 70-იან წლებში აშენებული და იქ შეღწევადობა მეტნაკლებად არის, ვინაიდან 4 სართულიან შენობებზე ფაქტიურად ლიფტი არ კეთდებოდა მაშინ.

რაც შეეხება რუსთაველის ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელში დამონტაჟებულ რელსებს, ჩვენთვის ცნობილია, რომ იქ ეტლით მოსარგებლე  პირები დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და  საჭიროა ლიფტების მოწყობა, რომლისთვის რეაბილიტაციის  პერიოდში თანხის მოძიება ვერ მოხერხდა, თითო ლიფტისთთვის საჭირო იყო 60 ათასი ლარი ხოლო ჯამში 120 ათასი. თუმცა, იმ რელსებით, რაც მოწყობილია მიწისქვეშა გადასასვლელში ამჟამად, იყენებენ საბავშვო ეტლებისა და ურიკების გადაადგილებისთვის. ამ ეტაპზე თანხის მოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და მე მინდა დავპირდე ჩვენს მოქალაქეებს, რომ იქ ლიფტი აუცილებლად მოეწყობა", — თქვა ეკატერინე თოდუამ.  

სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება აჩვენებს,რომ  შშმ პირებისათვის შრომის, დასაქმების  ხელშეწყობა და შესაბამისი, ადაპტირებული გარემოს შექმნა, უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტს, რაც შშმ პირს თვითრეალიზების საშუალებას მისცემს.  სამწუხაროდ საქართველოში არსებული სტატისტიკა და ფაქტები, ასეთი პოლიტიკის  ჯერ კიდევ  არ არსებობაზე  მეტყველებს. 

სოფიო კაკაჩია

ყველა ახალი ამბავი
0