თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. რკინიგზაზე დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო მატარებლების მოძრაობა თბილისი-ბათუმის მარშრუტით 24 საათით შეწყდება, განუცხადეს Sputnik-ს „საქართველოს რკინიგზის“ ცხელ ხაზზე.
„რკინიგზაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის ლითონის ხიდზე სამონტაჟო სამუშაოები) 5 ივლისის 06:00 საათიდან 6 ივლისის 06:00 საათამდე იკეტება სუფსის სადგურისა და ურეკი-სუფსის მონაკვეთის ყველა გზა“, — განაცხადა რკინიგზის წარმომადგენელმა.
თბილისიდან ბათუმში და საპირისპირო მიმართულებით მატარებლები ყოველდღე, დღეში ორჯერ მოძრაობენ. პირველი მატარებელი 08:45 საათზე გადის, ხოლო მეორე — 18:15 საათზე. გარდა ამისა, ბათუმისკენ ყოველდღე მოძრაობს მატარებელი ერევნიდან, რომელიც სადგურიდან ადგილობრივი დროით 07:10 საათზე გამოდის.
რამდენიმე თვის წინ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ Stadler Kiss-ის მოდელის ორსართულიანი მატარებლები შეიძინა, რომლებიც თბილისი-ბათუმის რეისს შეასრულებენ.
ახალი მატარებელი საქართველოში 17 ივლისს შემოვა და, ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ, თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრაობის მარშრუტში ჩაჯდება.
ელექტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით შეჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში — ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში გაჩერდება.