ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და ტემპერატურაც არა მხოლოდ ცელსიუსით მატულობს… ახლა უკვე ძალიან ცხელა, თუმცა მრავალი წლის მანძილზე პოლიტიკური ბატალიების შემხედვარე გამოცდილმა მკითხველმა იცის, რომ საშემოდგომოდ კიდევ უფრო დაცხება. არც ის არის უცხო, რომ საარჩევნო პერიოდში თანდათან მრავალი „სიკეთე“ იჩენს თავს. ახლა არ ვიცი, ამ „სიკეთეთაგან“ ვის რა გაახსენდა და ვის რისი მოლოდინი აქვს, თუმცა პოლიტიკურ სამზარეულოში კარგად ჩახედული მკითხველი დამეთანხმება, რომ უკვე წლებია, რაც კერძი უცვლელი ინგრედიენტებისგან მზადდება. სიახლე არც ამჟამად იგრძნობა და თუ ასე გაგრძელდა ადვილად განჭვრეტადია, რომ საოქტომბროდ გამომცხვარი „ტორტის“ გემო არაფრით გამორჩეული იქნება. შეფერილობა უთუოდ შეიცვლება… შესაძლოა მკითხოთ ვინ არის რეცეპტის ავტორი და პასუხად მოგიგებთ, რომ არავინ სხვა, თუ არა ჩვენ ყველა ერთად. საარჩევნო პროცესის კომპონენტებს ხატოვნად ინგრედიენტები ვუწოდე, თუმცა მათი დეტალური აღწერისგან თავი შევიკავე, რადგან ეს ერთი სტატია ყველაფერს ვერ დაიტევს. სხვა მრავალ კომპონენტთა შორის გადამწყვეტი საზოგადოებრივი აზრია, რომლის პერიოდულად შესწავლაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
ზოგადად საზოგადოებრივი აზრის კვლევა, პასუხის ძიება კითხვაზე ვინ ვისთვის აპირებს ხმის მიცემას და რატომ, სასურველი და არასასურველი პოლიტიკური პარტიების რეიტინგის შემოწმება და თავად არჩევნების შედეგის წინასწარ განჭვრეტის მცდელობა სახელმწიფოებში წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პროცესის განუყოფელი ნაწილია. უახლეს პოლიტტექნოლოგიებში გაწაფულები არც ჩვენ ჩამოვრჩებით თანამედროვე ტენდენციებს და ვიტყვი, რომ არჩევნების მოლოდინში საზოგადოებრივი აზრის კვლევისას ციფრებით ომობანას თამაში პოლიტიკური დუღილის ერთ-ერთი ტრადიციული გამოვლინებაა… ჩვენში ყველაფერი გაუკუღმართებულია და ყოველი მორიგი კვლევის შედეგი გაოცებას იწვევს. ერთი და იგივე კითხვაზე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ციფრები და საერთო სურათი…
უკვე რამდენიმე დღეა, რაც ორი სხვადასხვა ორგანიზაციის, გერმანულ-ამერიკული კომპანიის GFK-სა და საკონსულტაციო ცენტრის „ფსიქოპროექტის” მიერ პარაქტიკულად ერთსა და იმავე დროს ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. თქვენს ყურადღებას კვლევის შედეგების იმ ნაწილზე გავამახვილებ, რომელიც მომავალ საპარლამენტო არჩევნებში პოლიტსუბიექტების შანსებს, ანუ პარტიათა რეიტინგს ასახავს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“ — ის დაკვეთით კომპანია GFK — ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებიდან დიაგრამაზე წარმოდგენილია მხოლოდ იმ ოთხი პარტიის მაჩვენებელი, რომლებიც ამ კვლევის თანახმად სავალდებულო ბარიერს გადალახავენ. ყველა სხვა პარტიის მონაცემები კი, ჯამურად ასახულია პუნქტით სხვა პასუხი. მაშ ასე, მაინც რაზე მეტყველებენ ციფრები, რისი თქმა სურთ კვლევის დამკვეთებსა და ავტორებს, რა დასკვნა შეიძლება გააკეთოს მკითხველმა…
პირველი — მმართველ პარტიასა და ყოფილ სახელისუფლებო გუნდს შორის სხვაობა მხოლოდ არასრული ერთი პროცენტია. დასკვნა — მთავარი დაპირისპირება „ქოცებსა და „ნაცებს“ შორის წარიმართება. მკითხველს აქვე შევახსენებ ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს, რომ საქართველოში ძირითადად მისი და ბიძინა ივანიშვილის მომხრეები არიან… ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ორივე პოლიტიკური გუნდი სწორედ ორპოლუსიან დაპირისპირებას აანონსებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნდება ან მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სტატუსს შეინარჩუნებს. დამოუკიდებლად ვერცერთი ვერ შეძლებს მთავრობის ფორმირებას.
მეორე — „ქართული ოცნება“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიდი უპირატესობით უსწრებენ სხვა პოლიტიკურ ძალებს. მესამე და მეოთხე პოზიციები პაატა ბურჭულაძის ახლადშექმნილ პოლიტიკურ დასს და ირაკლი ალასანიას თანაგუნდელებს უკავიათ. სხვა პოლიტიკური პარტიების და ჯგუფების მაჩვენებელი საკმაოდ ჩამორჩება ხუთპროცენტიან ნიშნულს. დასკვნა — ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის და პარლამენტში მოხვედრის შანსი, „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ასევე აქვთ მხოლოდ ოპოზიციურ ძალებს. ყოფილი მმართველი კოალიციის წევრები პარლამენტს მიღმა რჩებიან. ასეთივე ბედი ეწევათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებულ პოლიტიკურ ცენტრს „გირჩი“ და პარტია „ახალი საქართველო — გიორგი ვაშაძეს“… ხალხის რჩეულებს შორის ვერ უნდა ვიხილოთ ე.წ პრორუსულ პოლიტიკურ ძალებად მონათლული „დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო” და „პატრიოტთა ალიანსი“…
ახლა საინტერესოა ვის სურვილებსა და ინტერესებს ეფსალმუნება ჩვენს მიერ გაკეთებული დასკვნები, ვინ არიან მთავარი გზავნილის — „ჩვენ დავბრუნდებით!..“ ადრესატები. ყოფილი სახელისუფლებო გუნდის აქტივისტები და მომხრეები. საარჩევნო პროცესი დიდ ინტელექტუალურ და ფინანსურ რესურსთან ერთად მონდომებასა და ძალისხმევას მოითხოვს. თუ გამარჯვების, ან პარლამენტში ღირსეულად წარმოჩენის იმედი არ არის იკარგება მოტივაცია და მასთან ერთად კლებულობს მხარდამჭერთა აქტიურობაც. კიდევ ერთი ადრესატი ქვეყნის ფარგლებს გარეთა არის საერთაშორისო თანამეგობრობის იმ ნაწილის სახით, რომელიც დაინტერესებულია საქართველში პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობით…
უკვე ცნობილია, რომ მომავალ არჩევნებში ტელეკომპანია „რუსთავი — 2“ ე.წ ეგზიტპოლს ამავე კომპანიას დაუკვეთავს. სამწუხაროდ GFK საქართველოში კარგი ავტორიტეტით ვერ სარგებლობს, რადგან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში საზოგადოებრივი აზრის კვლევის და ეგზიტპოლის მონაცემებით შეირცხვინა თავი. არის მოსაზრება, რომ ეს ყველაფერი პოსტარჩევნებისეულ პერიოდში მოვლენების ე.წ რევოლუციური სცენარით განვითარებისთვის მზადებას ემსახურება. შესაძლოა ასეც იყოს, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან საზოგადოების უდიდეს ნაწილში ასეთი განწყობა არ არის და საამისოდ არც რესურსი აქვთ უკვე გამოცდილ რევოლუციონერებს.
საპასუხოდ სოციოლოგმა ზურაბ ბიგვავამ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ დაკვეთით საკონსულტაციო ცენტრის „ფსიქოპროექტის“ მიერ ჩატარებული შიდა პარტიული კვლევის შედეგები გააცნო.
პარტიათა რეიტინგის ნაწილში დამკვეთის გადაწყვეტილებით მხოლოდ „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ციფრები გასაჯაროვდა. სხვათა „მიღწევების“ საიდუმლოდ შენახვის მოტივად კი მმართველი პარტიის წევრებმა და კვლევის ავტორებმა „დელიკატური მოსაზრებები“ დაასახელეს. რა იმალება ამ დელიკატურობის და თავად არგამხელილი ციფრების მიღმა ჩვენთვის უცნობია და ამიტომაც თქვენს ყურადღებას მხოლოდ იმაზე გავამახვილებ, რაც ციფრებს შორის იკითხება.
პირველი — „ქართული ოცნება“ ყოფილ სახელისუფლებო გუნდს დამაჯერებელი უპირატესობით უსწრებს.
დასკვნა — მთავარი დაპირისპირება ამ ორ სუბიექტს შორის წარიმართება. მმართველ პოლიტიკურ გუნდს მთავრობის ჩამოსაყალიბებლად სხვა პოლიტიკური ძალების ან მაჟორიტართა ხმები დასჭირდება.
მეორე — „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული კვლევის შედეგები რადიკალურად განსხვავდება ყველა სხვა მათ შორის იგულისხმება ეროვნულ-დემოკრატიული და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებისგან. დასკვნა — მმართველი პოლიტიკური გუნდი „ციფრებით ომის“ გამოწვევას იღებს და საარჩევნო ფრონტზე მისთვის სასურველი ვითარებისა და გარემოს ჩამოყალიბებას ცდილობს.
ამ ფონზე შესაძლოა მკითხველმა მაინც იკითხოს რომელი კვლევის შედეგებს უნდა ენდოს და რატომ. თავად მე სოციოლოგი არ გახლავართ და გეტყვით, რომ ჩვენში კვლევის შედეგებისადმი ნდობა კონკრეტული მაჩვენებლის ხარისხს ეფუძნება და მხოლოდ სუბიექტური ფაქტორებით განისაზღვრება. არის სხვა ხედვაც. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ბრძანებს, რომ როდესაც სხვადასხვა კვლევით განსხვავებული შედეგი იდება, თავი უნდა დავანებოთ დამკვეთებს და ყურადღება გადავიტანოთ იმაზე, თუ რა პოლიტიკური აქტიურობა ჰქონდა ამა თუ იმ პარტიას განვლილ პერიოდში. გასულ თვეებში „ქართული ოცნება“ უფრო აქტიური იყო, რაც აისახა მის რეიტინგზე. „ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი არაფერია და მისი რეიტინგიც უცვლელად მერყეობს 15-18 პროცენტის გარშემო. ამ ვითარებაში, რატომ აიწია GFK-ს გამოკითხვაში „ნაცების“ რეიტინგმა და რატომ არის იმავე დონეზე „ქართული ოცნების“ რეიტინგი, მისთვის გაუგებარია და მას უფრო სანდოდ და ლოგიკურად ის შედეგები მიაჩნია, რომელიც „ფსიქოპროექტმა“ გამოაქვეყნა…
და ბოლოს, მთავარი დასკვნა — ისეთი პირი უჩანს, რომ წინასაარჩევნოდ მავანნი კიდევ უფრო აეცდებიან ციფრებით ომობანას თამაშს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას…