ქართველი კომპოზიტორის აღიარება ელტონ ჯონის კლუბში და მისი „უკანასკნელი რომანტიკოსი“

© ო. ტატიშვილის პირადი არქივიოთარ ტატიშვილი
ოთარ ტატიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი კონცერტის გამართვას თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გეგმავს. მისი თქმით, ფესტივალზე ,,აღდგომიდან ამაღლებამდე“ გამართულმა ერთსაათიანმა კონცერტმა მას სრულყოფილად თვითგამოხატვის საშუალება ვერ მისცა.

მოგეხსენებათ, კამერულ მუსიკამდე კომპოზიტორი საესტრადო სიმღერებით იყო პოპულარული. მის სიმღერას ”sometimes” ინგლისში ასეთი შეფასება გაუკეთეს: ეს სიმღერა რომელიმე სუპერვარსკვლავს რომ შეექმნა, მსოფლიო ჰიტი გახდებოდაო… ჩვენ გავესაუბრეთ კომპოზიტორს, რომელსაც მისი შემოქმედების სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები და დაუვიწყარი ამბებიც გავახსენეთ. 

- ბატონო ოთარ,  წლევანდელი გაზაფხული და ზაფხულის პირველი ნაწილი თქვენთვის შემოქმედებითად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.

— მოგეხსენებათ, შარშან ჩემი საიუბილეო წელი იყო და დიდი კონცერტის გამართვას ვაპირებდი. საბოლოოდ ფესტივალზე „აღდგომიდან ამაღლებამდე“ ჩემს მუსიკას ერთსაათიანი განყოფილება დაუთმეს, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველას, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, არ მეყო, რადგან ვერ გავშალე ფრთები ისე, როგორც მინდოდა. წლების განმავლობაში ბევრი სათქმელი დამიგროვდა და მინდა, რომ დიდი კონცერტი ფილარმონიაში გავმართო, რაშიც მერიისა და კულტურის სამინისტროს  იმედი მაქვს, რადგან დაფინანსებას დამპირდნენ. თუმცა ჩემი მუსიკის თაყვანისმცემლებს სამი კონცერტი უკვე შევთავაზე: პირველი, 26 აპრილს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, მეორე- 27 აპრილს, ილიას უნივერსიტეტში, რომელზეც ერევნიდან ჩამოსული უნიჭიერესი პიანისტი, ორღანისტი და კომპოზიტორი, ჰოვანეს მანუკიანი ჩემი საფორტეპიანო ნაწარმოებებით წარსდგა. მესამე კონცერტი გაიმართა 9 ივნისს, ჯანო კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრის მცირე დარბაზში, სადაც მანუკიანი ამჯერად უფრო ვრცელი პროგრამით წარდგა. გარდა ამისა, პროგრამაში მონაწილეობდა ასევე ცნობილი კანადელი მევიოლინე, რუბენ კოსემიანი, რომელიც ჩემი სავიოლინო კონცერტით ძალიან იყო დაინტერესებული. მან გადაწყვიტა, რომ იგი საკუთარ რეპერტუარშიც შეეტანა და თბილისში შეესრულებინა, თან ჩემი გაცნობაც სურდა.

© ო. ტატიშვილის პირადი არქივიოთარ ტატიშვილი მოსკოვში, მეგობართან, აწ გარდაცვლილ კომპოზიტორთან, რეზო ჩირინაშვილთან სტუმრად.
ოთარ ტატიშვილი მოსკოვში, მეგობართან, აწ გარდაცვლილ კომპოზიტორთან,  რეზო ჩირინაშვილთან სტუმრად. - Sputnik საქართველო
ოთარ ტატიშვილი მოსკოვში, მეგობართან, აწ გარდაცვლილ კომპოზიტორთან, რეზო ჩირინაშვილთან სტუმრად.
  

- თბილისამდე ერევანში ფესტივალზე მიიღეთ მონაწილეობა…

— შარშან ზაფხულში რამდენიმე ქართველი კომპოზიტორი მიწვევით ჩავედით სომხეთში, სადაც სომხეთის კომპოზიტორთა კავშირისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით თანამედროვე ქართული პროფესიული მუსიკის ფესტივალი ჩატარდა. მასზე სომეხი მუსიკოსები  თანამედროვე, მოქმედი ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს ასრულებდნენ. მათ შორის ჩემს მე-2 საფორტეპიანო სონატას, რომელიც სასწავლად სწორედ ჰოვანეს მანუკიანს გადასცეს. აქედან დაიწყო ჩვენი შემოქმედებითი ურთიერთობა, რომელიც  მეგობრობასა და თანამშრომლობაში გადაიზარდა. უნდა ითქვას, რომ სომხეთთან შემოქმედებითი ურთიერთობების ინიციატორი გახლდათ შესანიშნავი თბილისელი მუსიკოსი, ლიტერატორი და საზოგადო მოღვაწე არტემ კირაკოზოვი, რომელსაც სომხეთთან ამგვარი ურთიერთობის აღდგენის იდეა გაუჩნდა. რის მერეც დააინტერესა სომხეთის მხარე და ისინიც ამ წინადადებაზე სიამოვნებით წამოვიდნენ. ახლა საქართველოში ველით სომეხ კომპოზიტორებს, თუმცა ჩვენი მხრიდან ამ ღონისძიების დაფინანსების საკითხი რატომღაც ჭიანურდება. ფინანსების გარეშე კი ამის განხორციელება შეუძლებელია. ვიმედოვნებ, რომ ეს საკითხი მალე მოგვარდება. სომხეთში  ქართული მუსიკის ფესტივალი წარმატებით ჩატარდა. ჩვენ დილიჟანში, კომპოზიტორთა დასასვენებელი კომპლექსის კოტეჯებში გაგვაჩერეს. იქ ჩატარდა სამი კონცერტი: დილიჟანში, გიუმრისში და დასკვნითი- ერევანში, კომიტასის სახელობის დარბაზში, რომელსაც სომხეთის შემოქმედებითი ელიტა და მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

- ვიცი, რომ ბატონ ჰოვანესს თქვენი საფორტეპიანო ნაწარმოებების კრებულიც გადაეცით…

— დიახ, გადავეცი კრებული, რის შემდეგაც ჰოვანესი დამიკავშირდა ტელეფონით და მითხრა, რომ გადახედა მას და აღფრთოვანდა. თანაც, უფლება მთხოვა, ისინი თავის სოლო-კონცერტზე შეესრულებინა, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. მოგვიანებით ამ კონცერტზე დასასწრებად მეუღლესთან ერთად ჩავედი. მინდა მოგახსენოთ, რომ მან ბრწყინვალედ დაუკრა ჩემი ურთულესი საფინალო ციკლი: ”უკანასკნელი რომანტიკოსი” და ”ბალადა შოპენზე”. მისი სოლო-კონცერტის მეორე განყოფილება ჩემს ქმნილებებს დაეთმო, რის მერეც გამიჩნდა იდეა, რომ ჰოვანესი თბილისში ჩამოსულიყო და ჩემს შემოქმედებით საღამოზე დაეკრა.

- თქვენ ბევრი პოპულარული საესტრადო სიმღერების ავტორიც ბრძანდებით, მაგრამ ბოლო დროს უფრო კამერულ ნაწარმოებებს ანიჭებთ უპირატესობას, რატომ?

— მართალია, ადრე პოპულარულმა მუსიკამ ზომაზე მეტად გამიტაცა. ეს ალბათ ახალგაზრდული გატაცება გახლდათ, თანაც, საკუთარ სიმღერებსა და ჯაზურ კომპოზიციებს თავად ვასრულებდი. ჩემი სიმღერა საქართველოს თითქმის ყველა ცნობილი პოპულარული მომღერლის რეპერტუარშია. დუეტი ბევრ ცნობილ მომღერალთან ერთად მაქვს ჩაწერილი. ვასწავლიდი ჯაზისა და ესტრადის სახელმწიფო სასწავლებელში, სადაც დეკანი გახლდით და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მომღერალი გავზარდე. მათ შორის არიან: ქეთა თოფურია, მარიკო ებრალიძე, ელენე ფოჩხუა, ია ჩანტლაძე, პაატა თედიაშვილი, თამუნა ვადაჭკორია და სხვები. საესტრადო ჟანრით ჩემი გატაცება ამანაც განაპირობა, რადგან ამ სფეროში უფრო მიწევდა მუშაობა. თან მე ვყალიბდებოდი იმ პერიოდში, როდესაც მსოფლიო არენაზე უნიჭიერესი მუსიკოსები გამოჩნდნენ, ისინი, ვინც დღეს ლეგენდებად იქცნენ. ამიტომ ძნელი იყო, მათი გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყავი. სამაგიეროდ ამ პრაქტიკამ და სფერომ ჩემი მუსიკალური აზროვნება და ინტელექტი გაამდიდრა. დღეს ისევ კლასიკას მივუბრუნდი, თუმცა კლასიკურ ნაწარმოებებს ადრეც ვწერდი, მაგრამ არა ასე ინტენსიურად. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, თანამედროვე რიტმები და სტილისტიკა ჩემს კლასიკურ ნაწარმოებებს საინტერესო სინთეზსა და თანამედროვე ჟღერადობას ანიჭებს. როგორც ჩანს, დავღვინდი და ინტელექტუალურმა მუსიკამ მეტად მძლია. ეს სფერო ათმაგ შრომას, ცოდნასა და ენერგიას ითხოვს, თუმცა ის მასიურ ხელოვნებად ვერ იქცევა. კლასიკას ყველა ვერ მოუსმენს, რადგან ის ინტელექტსა და გარკვეულ მომზადებას ითხოვს. სამაგიეროდ უფრო დიდი ნეტარებითა და სულიერებით კვებავს მათ, ვინც მასში ჩახედულია და მისთვის მზადაა. ამჟამად გადაჭრით არ ვაცხადებ, რომ პოპულარულ მუსიკას აღარ დავწერ. ვიმედოვნებ, რომ გარკვეულწილად მომავალში მასაც მივუბრუნდები.

- ბატონო ოთარ, ვიცი, რომ ტელე-რადიო კომიტეტში მუშაობის პერიოდი თქვენთვის შემოქმედებითად ნაყოფიერი იყო..

— დიახ, 80-90-იანი წლების მიჯნაზე ცენტრალურ ტელე-რადიო კომიტეტში სხვადასხვა თანამდებობებზე ვმუშაობდი. მუსიკალური რედაქტორიც გახლდით. არაჩვეულებრივი პერიოდი იყო,- განსაკუთრებით 86-87-88 წლები. მერე კი 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მერე მთელ ქვეყანაში დაიძაბა სიტუაცია, რასაც სხვა მოვლენებიც მოჰყვა. ამან რასაკვირველია, ზოგადად საზოგადოებრივ ყოფა-ცხოვრებაზე ცუდად იმოქმედა და პრობლემები ყველასთან ერთად ხელოვან ადამიანებსაც გაუჩნდათ. თუმცა ხელოვანი ყველაფერზე თავისებურად რეაგირებს და საკუთარი განცდები სურს, რომ შემოქმედებაში გამოხატოს. ამიტომ ამ პერიოდის ნაწარმოებები ტრაგიკულ ფერებს პოპულარულ ჟანრშიც იძენდა. 9 აპრილის მოვლენებს მიძღვნილი ჩემი სიმღერა ირმა გურიელის შესანიშნავ ლექსზე ”გვფარვიდე უფალო”  თამარ გვერდწითელის შესრულებით გაჟღერდა. მას ზოგჯერ მეც ვასრულებდი. ამ სიმღერის რიმეიქი 2 წლის წინ, თემურ ყვითელაშვილმა  შესანიშნავად გააჟღერა და მას ახალი სიცოცხლე  შთაბერა. ასევე იყო შემდეგი ნაწარმოებები: ”გულს ნუ გაიტეხთ ქართველნო”, ”ჩამავალ მზეს ” (გალაკტიონის ცნობილ პოეტურ შედევრზე) და სხვა. რას იზამ, ცხოვრება გრძელდებოდა და ჭირ-ვარამი ერთმანეთს ენაცვლებოდა…

- 90-იან წლებში სტაჟირება დიდ ბრიტანეთში, BBC-ს კომპანიაში გაიარეთ, როგორ მოხდა ეს?

— 1997-წელს, ტელეკომპანია ”ევრიკაში” რადიო წამყვანად ვმუშაობდი. იმ პერიოდში როგორც რადიოს მუშაკს შესარჩევ კონკურსში გასვლის შემდეგ მომეცა შანსი, რომ   სტაჟირებაზე დიდ ბრიტანეთში, BBC-ს კომპანიაში წავსულიყავი. ეს დაუვიწყარი პერიოდი ჩემთვის ნაყოფიერი გამოდგა, საინტერესო მეგობრებიც შევიძინე. ისინი ინგლისის, უელსისა თუ შოტლანდიის ულამაზეს მხარეებში მეპატიჟებოდნენ, ბევრი ვიმოგზაურე და დაუვიწყარი მოგონებები დამრჩა. ერთ-ერთი მუზიცირების დროს კომპანიაში, ცნობილი წამყვანი ისე მოიხიბლა ჩემი დაკვრით, რომ 20 წუთში ლამის ძალდატანებით მიკრა თავი პირდაპირ ეთერში და ლაივშიც დამაკვრევინა. მერე საქართველოზე მალაპარაკა. მახსოვს, ეთერში ბევრი ზარი შემოვიდა, რაც იმ პერიოდში მართლა იშვიათობა იყო. 

-ბატონო ოთარ, ინგლისში ყოფნის დროს ვიცი, რომ თქვენი ფანის, ელტონ ჯონის კლუბში აღმოჩნდით და მოგვიანებით იქ მიგიწვიეს კიდეც…

— დიახ, ვიყავი. ეს ამბავი ასე მოხდა: ინგლისში დავუკავშირდი ელტონ ჯონის საერთაშორისო კლუბს, სადაც მილიონობით მისი ფანია გაერთიანებული. ისინი სპეციალურად ჩამოდიან იქ ყოველ წელს, რათა ელტონ ჯონის მუსიკით ისიამოვნონ, მასზე ისაუბრონ, სამახსოვრო ნივთები და გამოცემები შეიძინონ. ეს ორგანიზაცია თავად უშვებს და აწარმოებს ელტონთან დაკავშირებული ნივთების, მაისურების, იშვიათი ჩანაწერების თუ სხვადასხვა საკოლექციო ატრიბუტებს, მისი მუსიკის საუკეთესო შესრულებისთვის აწყობს კონკურსებსა და ფესტივალებს და ა. შ. მე ყოველთვის მხიბლავდა ელტონ ჯონის მუსიკა, მასში იგრძნობოდა ინტელექტი, გემოვნება, შინაგანი კულტურა და რომანტიზმი, ასევე ძალიან მომწონდა ფორტეპიანოზე დაკვრის მისეული მანერა და ჰარმონიულ-ინტონაციური პალიტრა… ამიტომ ისე ვუკრავდი მის მუსიკას, რომ მისი დაკვრისაგან პრაქტიკულად ვერ განასხვავებდით. როცა ინგლისში ჩემი ჩანაწერები გავუგზავნე, ისინი აღფრთოვანდნენ და იმავე წელს ელტონ ჯონის 60 წელთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე მიმიწვიეს. რასაკვირველია, გავემგზავრე და თან ჩემი მოწაფე, შესანიშნავი მომღერალი, კოტე ჩუმაშვილიც გამომყვა. როცა საელჩოში მიწვევა და ფან-კლუბის მიერ ყოველკვარტალურ ჟურნალში ჩემზე დაბეჭდილი სტატია ვაჩვენე, ხუმრობა დაიწყეს: თუ შეიძლება, თქვენი ავტოგრაფი მოგვეცითო. სანამ ივლისში, ადგილზე ჩავიდოდით, დავწერე სიმღერა, რომელიც ელტონს მიუძღვენი. სიამოვნებით ვიხსენებ იმ დროს, როცა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ადამიანებმა ოვაციით დამაჯილდოვეს. 

© photo:courtesy of Otar Tatishviliმაესტრო ოთარ ტატიშვილი
მაესტრო ოთარ ტატიშვილი - Sputnik საქართველო
მაესტრო ოთარ ტატიშვილი

- კონცერტის დროს მომხდარი რაიმე ამბავი გამორჩეულად ხომ არ დაგამახსოვრდათ?

— მახსოვს, ერთ-ერთი კონცერტი ჩაატარეს იმ ისტორიულ კლუბში, სადაც ოდესღაც ელტონ ჯონი მცირე გასამრჯელოზე წლების მანძილზე უკრავდა.  კონცერტს ესწრებოდნენ ადამიანები, რომელნიც მას ყოველდღე ხედავდნენ და უსმენდნენ.  სხვადასხვა ქვეყნიდან ფან-კლუბის კოორდინატორებიც იყვნენ ჩამოსული. მახსოვს, ერთ-ერთმა კოორდინატორმა სანამ ვუკრავდი, მაგიდაზე დიდი ლარნაკი დადგა და შიგ 50 ფუნტიანი კუპიურა პირველმა ჩადო. მერე სხვებმაც მიბაძეს და როცა დაკვრა დავასრულე, ფულით გავსებული ჭურჭელი დაცალეს და გადმომცეს- ეს შენ, ჩვენგანო. საკმაოდ დიდი თანხა შეგროვდა, მართალია, ზრდილობის გამო ვიუკადრისე, მაგრამ როცა შევატყვე, რომ გაოცებული და ნაწყენი სახეები მიიღეს, იქ ასეთი წესი ყოფილა და მეც უარი ვეღარ ვთქვი. ამის გარდა ინგლისი ძვირი ქვეყანაა და ზედმეტი თანხა არავის აწყენს. ფან-კლუბის მმართველმა და პროდიუსერმა, ჯორჯ მეტლოკმა პროექტში მონაწილეობა შემომთავაზა. პროექტი სამახსოვრო დისკის გამოცემას ითვალისწინებდა, სადაც ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული და საუკეთესოდ შესრულებული ჩანაწერები შევიდოდა. რასაკვირველია, სიამოვნებით დავთანხმდი. მე უნდა შემესრულებინა ელტონ ჯონის 3 სიმღერა, ოღონდ, ჩემებური, ორიგინალური ვერსიით და არა მიბაძვით, ასევე ჩემს მიერ დაწერილი 3 საუკეთესო სიმღერაც. გარდა ამისა, გადაწყვიტეს ფან-კლუბის ჰიმნიც, რომელიც ელტონ ჯონის ერთ-ერთი სიმღერის ქავერი უნდა გამხდარიყო, მის ფანებთან დაკავშირებული შეცვლილი ტექსტით, მე უნდა ჩამეწერა. საქართველოში წარმატების და სამახსოვრო საჩუქრებით ხელდამშვენებული დავბრუნდი, ჩვენი მიმოწერა ჯორჯ მეტლოკთან კი მოგვიანებითაც გაგრძელდა.

 

- ცნობილია, რომ თქვენი სიმღერა, რომელიც ლედი დის ეძღვნება, ელტონ ჯონის ცნობილ ჰიტთან ერთად  ინგლისში გამოშვებულ ალბომში შეიტანეს, ასეა?

— დიახ, ასე გახლავთ. ალბათ გახსოვთ, 97 წლის აგვისტოში მოხდა პრინცესა დიანასთან დაკავშირებული ტრაგედია, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. ის ელტონის უახლოესი მეგობარი იყო და ბუნებრივია, მომღერალმა მისი დაღუპვა ძლიერ განიცადა. მან ყველასთვის კარგად ცნობილი სიმღერა ”სანთელი ქარში”(candel in the wind) დაწერა, რომელიც არნახული ტირაჟით გაიყიდა. ეს შემოსავალი ელტონმა მთლიანად ლედი დის ფონდში შეიტანა. სიმღერის დაწერის იდეა მეც გამიჩნდა და უკვე შინაგანად მელოდიაც მესმოდა. როდესაც მიმოწერაში ეს იდეა ჯორჯ მეტლოკს გავუმხილე, მან თავი შეიკავა და მითხრა, რომ ამ სიმღერის დაწერა და მისი პროექტში შეტანა არ ღირდა, ვინაიდან ელტონ ჯონს უკვე დაწერილი აქვს ჰიტი და ეს ცოტა პრეტენზიული ნაბიჯი იქნებაო. მე ვუპასუხე, რომ სიმღერა უკვე შექმნილი მაქვს, უბრალოდ ფორმისა და ტექსტის მხრივაა დასალაგებელი. ამას ჩემი ხარჯებით მაინც ჩავწერ და თუ მოიწონებთ, იმ შემთხვევაში შეიტანეთ ალბომში თქო. ის არცთუ დიდი ხალისით დამეთანხმა. როცა სიმღერა ჩავწერე და გავუგზავნე, ცოტა არ იყოს, ვინერვიულე, მაგრამ სულ ტყუილად… ცოტა ხანში მისგან აღფრთოვანებული ფაქსი მივიღე, სადაც ემოციებს ვერ მალავდა. ბუნებრივია, ამ სიმღერის ალბომში შეტანას სიამოვნებით დათანხმდა. ამავე წლის დეკემბერში, ლონდონში ისევ მიმიწვიეს. ამჯერად დისკის პრეზენტაციაზე, რომელიც  სადღესასწაულო ვითარებაში ჩატარდა. აქ უამრავი ქათინაური და მოწონება დავიმსახურე. მოგვიანებით ჟურნალში ”ჰერკულესი” ჩემზე ბევრი სტატია დაიწერა. სხვადასხვა ქვეყნებიდან წერდნენ ფანები, რომ ჩემს მუსიკაზე მათ გული აუჩუყდათ. ალბომის ყდაზე ჩემი პორტრეტია, მასში ჩემი რვა ნომერია შესული. ამავე ალბომში ორი ბრიტანელი და ერთი ავსტრალიელი მომღერალიცაა, მაგრამ მათ შესრულებას მხოლოდ თითო ნომერი დაეთმო. სიმღერაზე ”ლედი დიანა ” უწერიათ, რომ ეს არის ცრემლის მომგვრელი შედევრი, რომელსაც დრო სჭირდება, რომ აღიარონ, ხოლო მეორე ჩემს სიმღერაზე ”sometimes” აღნიშნეს, რომ ეს სიმღერა რომელიმე სუპერვარსკვლავს რომ შეექმნა, მსოფლიო ჰიტი გახდებოდაო…

-ბატონო ოთარ, თქვენს საფორტეპიანო ნაწარმოებების ციკლს ჰქვია ”უკანასკნელი რომანტიკოსი”- მაინტერესებს, ეპითეტი „რომანტიკოსი” თქვენს პიროვნებაზე რამდენად მორგებულია? 

— ბუნებით ნამდვილად ვარ რომანტიკოსი და მიმაჩნია, რომ რომანტიზმის გარეშე  ძნელია, რომ ხელოვანი  იყო. თუ აღმაფრენა და შთაგონება არ მოგეცა, მარტო გონებით და პრაგმატულად შექმნილი შემოქმედება მშრალი და უსიცოცხლო იქნება. ვფიქრობ, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ხელოვნების ისტორია და მისი ესთეტიკური ღირებულებები უფრო საფუძვლიანად უნდა ისწავლებოდეს. ბოლოს და ბოლოს ტყუილად არ არსებობს გამოთქმა, რომ კაცობრიობას სილამაზე და ხელოვნება გადაარჩენს. მიძინებული ემოციებისა და ესთეტიური ღირებულებების გაღვიძება ადამიანებს დღეს როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ…  

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0