რუსთაველის თეატრი ჩემპიონია!

© მ.ტურიაშვილი"ძვირფასო მეგობრებო, მიიწურა ჩვენი 137-ე სეზონი, „ბარსა“ ჩემპიონია!“
ძვირფასო მეგობრებო, მიიწურა ჩვენი 137-ე სეზონი, „ბარსა“ ჩემპიონია!“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსთაველის თეატრის ახალი სპექტაკლის - „დაკანონებული უკანონობის“ პრემიერის მესამე დღეს, რობერტ სტურუამ მაყურებელის მქუხარე ტაში და შეძახილები, რამდენიმე წამით შეაჩერა და გულშემატკივრებს მიმართა: „ძვირფასო მეგობრებო, მიიწურა ჩვენი 137-ე სეზონი, „ბარსა“ ჩემპიონია!“

რობერტ სტურუას წარმოდგენა „დაკანონებული უკანონობა“, აზარტული, ენამოსწრებული მხიარულებით მოთხრობილი ამბავია, სადაც რთული პრობლემები მსახიობების შექმნილ მსუბუქ წნულში დახტუნაობს და ბავშვური სიანცით დღევანდელი საქართველოს, დღევანდელი მსოფლიოს მოდელს ქმნის. ბერტოლდ ბრეხტის ნაწარმოებმა სპექტაკლის შემქნელებს  მოუმზადა ისეთი ნიადაგი, სადაც რობერტ სტურუას უსაზღვრო ნიჭმა ლაგამი აიწყვიტა, იმპროვიზაციით — ფანტაზიისა და წარმოსახვის ჩვეულ გზას დაადგა, ლოგიკით გააჯერა, ფსიქოლოგიაც გამოიკვლია და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდის ანუ საქართველოს უახლესს ისტორიაზე დაკვირვების გამაოგნებელი შედეგი, მაყურებლის თვალწინ გააშიშვლა. ღრებულებები დაცემულია, გვეუბნება დიდი რეჟისორი, ადამიანურობა განწირულია, მაგრამ ამას ისე მსუბუქად გვიყვება, რომ არ ძალადობს მაყურებელზე, არ თრგუნავს, პირიქით ართობს და აცინებს. 

- ბატონო რობერტ, მაყურებელი შემეკითხა: რატომ ახსენებენ სპექტაკლის ფინალში „ბარსას“, მე ვუპასუხე: ალბათ იმიტომ რომ ბარსელონა კატალონიის დედაქალაქია, ამასთან მისი საფეხბურთო კლუბის სახელწოდებაა და კატალონია დამოუკიდებლობისთვის იბრძვის… „ბარსა ჩემპიონია, თავისუფლება კატალონიას!“ ამბობს მთავარი გმირი…

დამდგმელი რეჟისორი, რობერტ სტურუა: ასეც და კიდევ ის, რომ ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ, ფეხბურთის გარდა.

- ბატონო რობერტ, ბრწყინვალე სპექტაკლი იყო, მეცნიერულ შესწავლას მოითხოვს, მაყურებელს ცრემლი მოადგა. ეს წარმოდგენა რთულია, ამასთან მსუბუქი. დიდი მადლობა…

- ნიკოლოზ, ვინაიდან ამ სპექტაკლზე მთელი თბილისი ლაპარაკობს, მუშაობის პროცესი მაინტერესებს, პიესა წავიკითხე, მისი ქარგა შენარჩუნებულია და „დაკანონებული უკანონობა“ XX საუკუნის მითის, ახალ ვერსიას ჰგავს…

© მ. ტურიაშვილისცენა სპექტაკლიდან “დაკანონებული უკანონობა"
სცენა სპექტაკლიდან “დაკანონებული უკანონობა - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან “დაკანონებული უკანონობა"

რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე: ბრეხტის ამ ნაწარმოებს ჭკუის სასწავლებელი პიესა ჰქვია, მარტივია და ავტორმა „გიჟობის“ საშუალება მოგვცა. მოგეხსენებათ, ბატონი რობერტის ხელში, ნებისმიერი სიუჟეტი როგორი მრავალფეროვნებით შეიძლება განვითარდეს.  ავტორის ესთეტიკა შენარჩუნებულია და ვინაიდან ბრეხტს პიესებში ღმერთები ჰყავს, აქ ბუდისტია.

- მოსამართლე ბუდისტის სამოსში, შეიხი… არაჩვეულებრივი პერონაჟები, ამასთან ახალი საქართველოს სიტუაციაა, თბილისია! 

— პოლიტიკა და სპორტი, ქართველი კაცის სალაპარაკო მასალა… და ბოლოს, „ბარსა“ ჩემპიონია!“

- მთავარი როლის შემსრულებელი, ზუკა (ზვიად) პაპუაშვილი: მუშაობის დროს, ბატონმა რობერტმა  მხარი მოიტეხა და რეპეტიციებს მხარმოტეხილი  ატარებდა. 20 დღეში ყველაფერი მზად იყო — დეკორაცია, კოსტიუმებიც, მაგრამ დამემართა ლარინგიტი, პლიუს ფარინგიტი და ჩემი მკურნალობა ერთი თვე გაიწელა. როგორ მიდიოდა რეპეტიციები? სიცილ-ხარხარით, იუმორში, ერთი ამოსუნთქვით, დღეში  სამ-სამი სცენა კეთდებოდა. ყველა ფანტაზიორობდა, მერე ბატონი რობერტი თავის ჯადოსნურ ჯოხებს მოიქნევდა, რაღაცებს მოაშორებდა, რაღაცებს დატოვებდა და გამოვიდა ის, რაც გამოვიდა.

- ახლა მკითხეს, რატომ არის სპექტაკლში ფრაზა: „ბარსა“ ჩემპიონია“?

— „ბარსელონა“ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრ ასოციაციას იწვევს. დღეს ადამიანი, რომ იხრჩობოდეს და ამ დროს „ბარსელონა“ თამაშობდეს, ვისაც მისი გადარჩენა შეუძლია, ის მიტრიალდება და მატჩის საყურებლად წავა. ასეა მთელ მსოფლიოში,  საქართველოში განსაკუთრებით. ისე, მეც „ბარსელონას“ მაგარი გულშემატკივარი ვარ!.. მაგრამ  ყველაფერმა ფასი დაკარგა. 

ქორეოგარაფი კოტე ფურცელაძე: ბატონმა რობერტმა იმდენად კარგად იცის ქორეოგრაფია, რა უნდა და როგორ უნდა, რომ ზუსტად გიხსნის და შესაბამისად, ეს ამბავი კარგად გამოგვდის. მე ვცდილობ მისი ამოცანების ამოხსნას და როცა მეთანხმება, ძალიან მიხარია. მსახობები მუშაობდნენ ძალიან კარგად, ბევრს გთავაზობენ, ამიტომ მათთან ურთიერთობით დიდი სიამოვნება მივიღე. 

- დავით, თქვენ თამაშობთ ერთ-ერთ მთავარ როლს — მუშას, რომელსაც ჩვენ რეალურ ცხოვრებაში არც როლი აქვს და არც უფლება. საქართველოს ნებისმიერ „უბრალო“ ადამიანს ექსპლუატატორი ჩაგრავს. ბრეხტი ამბობს: „ვინც ძლიერია და სასტიკი, ის ყოველთვის წინ არის!“ ამ როლის თამაში, რა პასუხიმგებლობაა? 

მუშის როლის შემსრულებელი, მსახიობი დავით გოცირიძე: როცა ასეთ დიდ რეჟისორთან და არაჩვეულებრივ მსახიობებთან მუშაობ, ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა, ვინაიდან თამასა  მაღალია და მოცემული ამოცანები კარგად უნდა შეასრულო, არ უნდა გააფუჭო. ყოველთვის საინტერესოა ბატონ რობერტთან მუშაობა, ურთიერთობაც. მის ხელში, ნებისმიერი მოვლენა საინტერესო ხდება, მის სიღრმე უსაზღვროა და ამიტომ საპასუხიმგებლოც. ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: რეპეტიციებზე, ძალიან ღრმა და მძიმე პრობლემების ახსნა, მხიარულად მიმდინარეობდა — ეს ძალიან რთულია და მარტო მეტრებს შეუძლიათ.

მოსამართლის როლის შემსრულებელი, მსახიობი დავით დარჩია: რა თქმა უნდა, რობერტ სტურუასთან მუშაობა საინტერესოა და ეს სიახლე არ არის. მე განსხვავებული როლის თამაში მომიწია და ეს ძალას მმატებდა, ყველაფერი ისე სწრაფად გაკეთდა, რომ დაღვინების პროცესი ცოტა დამაკლდა, მაგრამ სპექტაკლი კიდევ დაიხვეწება…

შეიხის როლის შემსრულებელი, მსახიობი ნიკა ქაცარიძე: რობერტ სტურუას რეპეტიციებზე მისტიკური, იდუმალი გარემო იქმნება, მისი ყოველი წინადადების დაასრულების შემდეგ, სასწაულს ველოდებით. ის ჯადოქარია!.. მთელ მოვლენას ერთ სიტყვაში გიხსნის და მე არ ვიცი, როგორ ვახერხებ მისი ამოცანის შესრულებას, როლი გამომივიდა თუ არა, მაგრამ მასთან მუშაობა მაგიას ჰგავს.

© მ. ტურიაშვილისცენა სპექტაკლიდან “დაკანონებული უკანონობა"
სცენა სპექტაკლიდან “დაკანონებული უკანონობა - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან “დაკანონებული უკანონობა"

- მაყურებლისგან რა ტალღა მოდიოდა?

— ძალიან ძლიერი… შენ თუ მართალი ხარ, შენ თუ ზუსტად გადასცემ ენერგიას, მაყურებელი აუცილებლად მიხვდება, ის ხომ მიმდინარე პროცესის თანაგანმცდელია! 800 კაციდან წამოსული პოზიტიური ენერგია, მაგარ ძალას გაძლევს, ივსები და შეიძლება სიხარულისგან ტირილიც დაიწყო.

მეორე ექსპედიციის უფროსის როლის შემსრულებელი, მსახიობი ქეთი სვანიძე: არაჩვეულებრივი მუშაობის პროცესი იყო და ისეთი ბედნიერი ორი თვე გავატარეთ, ვერც ვიოცნებებდით. ბექა სონღულაშვილს ვეუბნებოდი: ამ სპექტაკლში რომ ვთამაშობთ, რა ბედნიერები ვართ!

- რობერტ სტურუსთან მუშაობის პროცესში, ადამიანი როგორ იცვლება?

— გძერწავს და ამ დროს აღმოჩენებს აკეთებ. როცა გიხნის, რა უნდა, სულ ვფიქრობ, — ამას ვერ გავაკეთებ, მაგრამ იმდენად ზუსტად იცის რას აკეთებს, ყველაფერს ისე მარტივად გაწვდის, რომ მისი თანამოაზრე ხდები. ბატონ რობერტთან მუშაობა, საკუთარი თავის აღმოჩენაა და ამისთვის მას მადლობას ვუხდი, ძალიან ბედნიერი ვარ!

მუშის ცოლის როლის შემსრულებელი, მსახიობი ეკა მინდიაშვილი: „დაკანონებული უკანონობა“ ბრეხტის ნაკლებად ცნობილი პიესაა, ძალიან მოკლე და საკმაოდ მძიმე, მაგრამ ბატონმა რობერტმა გაამსუბუქა და იუმორით, ღიმილში, სათქმელი თქვა. აქ ძალიან დიდი პრობლემებია და ეს სტურუასეული სიმსუბუქე სცენაზეც გვეხმარება. რა გამოვიდა, ეს უკვე მაყურებელმა უნდა განსაჯოს…

მაყურებელმა აღფრთოვანება გამოხატა, ტაში და შეძახილები: „ბრავო!“, „ბის!“, არ წყდებოდა… 

— ძალიან გვიხარია! არტისტს რა უნდა? ძალიან ცოტა: კარგი როლი, კარგ რეჟისორთან მუშაობა, და ბედნიერია! თითოეულს, ალბათ 100 წლის სიცოცხლე მოგვემატა და ძალიან დიდი მადლობა ბატონ რობერტს. დიდხანს იცოცხლოს, ჯანმრთელად იყოს და გაგვახაროს ჩვენც და რა თქმა უნდა ჩვენი საზოგადოება. ცხოვრება კარგი სპექტაკლებით და კარგი ამბებით, ხშირად არ გვანებივრებს!

რუსთაველის თეატრს, საქართველოს ვულოცავ წარმატებულ სპექტაკლს. ჩვენ მკითხველს კი, ამ სპექტაკლის ნახვას ვუსურვებ. რუსთაველის თეატრი ჩემპიონია!


ყველა ახალი ამბავი
0