ევრო–2016–ზე პირველი ორი მეოთხედფინალი სიურპრიზებით გამოირჩეოდა. თუ პოლონეთი–პორტუგალიის მატჩში ექსპერტთა მოსაზრებები დაახლოებით 50/50–ზე გაიყო, ბელგიის უელსის ნაკრებზე გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა. თუმცა, უელსის ნაკრებს ამაზე თავისი აზრი ჰქონდა და ბელგიის ნაკრები დაამარცხა. შედეგად: ნახევარფინალი – პორტუგალია–უელსი.
ამ უქმეებზე ევროპის ჩემპიონატზე ნაახევარფინალისტების მეორე წყვილი გამოვლინდება. პირველ მატჩში იტალია გერმანიას დაუპირისპირდება, მეორე შეხვედრაში კი ფრანგები – ისლანდიელებს.
ტრადიციულად, გთავაზობთ ჩვენი სპეციალისტების პროგნოზებს.
სანდრო ცნობილაძე, რადიო Jako.fm–ის სპორტული რედაქტორი
გერმანია–იტალია. ეს თამაში როგორც არ უნდა დამთავრდეს, მისი ჩასმა შესაძლებელი იქნება დამწყები მწვრთნელების სახელმძღვანელოში. დღევანდელი თამაში ბორდოში – ეს ნამდვილად ჟანრის კლასიკაა. ამასთან, ორივე ნაკრების შემადგენლობაში აშკარა ლიდერი გამოკვეთილი არ არის. გერმანელებსაც და იტალიელებსაც ამ ტურნირზე შესანიშნავი, სწორედაც რომ გუნდურად მოთამაშე ნაკრებები ჰყავს.
ჩემი აზრით, გერმანიას თავი მთლიანად ჯერ კიდევ არ უჩვენებია. რაც შეეხება იტალიას, კონტეს გუნდმა თავის პიკს მიაღწია. მიუხედავად ამისა, ჩემი ვარაუდით, ევროს ნახევარფინალში სწორედ იტალია გავა. შეფარდება დაახლოებით 55 პროცენტი 45–ზეა. ამასთან, მატჩში 2 გოლზე ნაკლები არ გავა. თუ საქმე პენალტებზე მიდგება, აქაც, ჩემი აზრით, უფრო კარგად გამოიყურება ბუფონი და არა ნოიერი.
საფრანგეთი–ისლანდია. თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ისლანდიას ნახევარფინალში გასვლის თუნდაც რაიმე შანსი აქვს, ხელებს ავწევ. სძლიო საფრანგეთის ნაკრებს საფრანგეთში – უბრალოდ, არარეალურია. ჩემი პროგნოზი ასეთია: მასპინძლები ძირითად დროში გაიმარჯვებენ.
ვალერი კაპანაძე, სტაჟიანი გულშემატკივარი
გერმანია–იტალია. ჩემი აზრით, დღევანდელი თამაშის გამარჯვებული ევროპის ჩემპიონი გახდება. ამ ნახევარფინალში ამ ევროს საუკეთესო ნაკრებები თამაშობენ. თითოეულს თავისი პატარა პრობლემები აქვს, მაგრამ, მთლიანობაში, ამის კომპენსირებას ხარისხიანი და მწყობრი გუნდური თამაშით ახდენენ. სამწუხაროა, რომ ეს მხოლოდ ¼ ფინალია და არა გადამწყვეტი მატჩი. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ნაკრებები ერთმანეთს 20–ჯერ შეხვდნენ. ხუთჯერ გერმანიამ გაიმარჯვა და 11–ჯერ – იტალიამ. ვფიქრობ, დღეს გერმანელები „შურისძიებას“ შეეცდებიან, ამიტომ, ვივარაუდებ, რომ გერმანია ძირითად დროში არ წააგებს და გოლს გაიტანს.
საფრანგეთი–ისლანდია. რა თქმა უნდა, ამ დაპირისპირების ფავორიტი საფრანგეთია – როგორც გამოცდილი გუნდი ტოპ–დონის მოთამაშეებით და როგორც ტურნირის მასპინძელი. მაგრამ საფრანგეთს დაცვაში გარკვეული პრობლემები აქვს, ამით სარგებლობას კი ისლანდია შეეცდება. ვვარაუდობ, რომ გოლს ორივე გუნდი გაიტანს.
ნანა ჩოკორაია, სპორტული ჟურნალისტი
გერმანია–იტალია. იტალიელები ამ ტურნირზე ძალიან მომწონს. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ერთი მთლიანი გუნდია. გერმანიას რაღაც აკლია; ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად რა, მაგრამ ეს ის გერმანია არ არის, რომლის ნახვასაც მივეჩვიეთ. ეს მაფიქრებინებს, რომ იტალია ძირითად დროში გაიმარჯვებს.
საფრანგეთი–ისლანდია. ის, რომ ისლანდიამ საფეხბურთო ევროპის დიდი ნაწილის გული მოინადირა, ცალსახაა. ფრანგების წინააღმდეგ მატჩი როგორც არ უნდა დამთავრდეს, ისინი სამშობლოში გმირებად დაბრუნდებიან. თავდაპირველად არავინ ფიქრობდა, რომ ჯგუფიდან გასვლას შეძლებდნენ, შემდეგ – ინგლისი „გაიტანეს“. შეიძლება, უმეტესად, ემოციების ტალღაზე, მაგრამ ჩემი ვარაუდით, ნახევარფინალში სწორედ ისლანდია გავა.
დემნა დაბრუნდაშვილი, სტაჟიანი გულშემატკივარი
გერმანია–იტალია. დიდი ხანია, გერმანიის გულშემატკივარი ვარ. დიდი იმედი მაქვს, დღეს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალების გამო რევანშის აღებას შეძლებს. ეს სტატისტიკა ოდესმე ხომ უნდა შეწყდეს. არა მგონია, რომ ადვილი მატჩი იქნება, მაგრამ, საბოლოოდ, გერმანია გავა ნახევარფინალში.
საფრანგეთი–ისლანდია. ისლანდიისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, ჩრდილოეთის ზღაპარი დამთავრდა. მაინც – ეს იქნება ფინალი ბედნიერი დასასრულით, ყოველ შემთხვევაში – ისლანდიისთვის. ხოლო ფრანგებმა, თუ სიამაყე შერჩენიათ, თავისი ერის, გულშემატკივრისა და ბოლოს და ბოლოს, საკუთარი თავისთვის ძირითად დროში უნდა გაიმარჯვონ.