იგორ ობოლენსკი
ეს 1931 წელს აჭარაში დაიწყო. იმ ზაფხულს ბორის პასტერნაკმა, იმ დროის ყველაზე ცნობილმა საბჭოთა პოეტმა გადაწყვიტა, რომ მოსკოვიდან რამდენიმე თვით წასულიყო. მასთან ერთად გაქრა ცნობილი პიანისტის ჰენრიხ ნეიჰაუზის მეუღლე ზინაიდაც.
ამ მოულოდნელი გამგზავრების მიზეზი „საბედისწერო“ გრძნობა გახდა. პასტერნაკს შეუყვარდა და თან ისე, როგორც არასდროს ჰყვარებია. მის ცხოვრებაში ყველაზე ვნებიანი, ბობოქარი, ყველაზე მგზნებარე რომანი დაიწყო, რომელსაც თავად „მეორედ დაბადებად“ მიიჩნევდა. ამ ისტორიის მოწმე ქობულეთის საუკუნოვანი ფიჭვებია, სადაც დაიწყო კიდეც ყველაფერი.
შეყვარებულები იმ დროისთვის საუკეთესო სანატორიუმ „საქართველოში“ გაჩერდნენ. დღეს ისინი პლაჟზე ატარებდნენ, ხოლო საღამოობით ახალ მეგობრებს — პაოლო იაშვილს, გიორგი ლეონიძეს, ტიციან ტაბიძეს ხვდებოდნენ, რომლებიც ახალგაზრდა წყვილს თავიანთი ლექსებით გზას ულოცავდნენ.
მომავალმა მეუღლეებმა ერთმანეთი შემთხვევით გაიცნეს. ზინაიდა ნეიჰაუზი პასტერნაკის თაყვანისმცემელი არასდროს ყოფილა. პოეტის ლექსები მას ცოტა გაუგებარი ეჩვენებოდა. პასტერნაკი ზინაიდას მეგობარს მოსწონდა და გეგმებსაც აწყობდა მასთან დაკავშირებით, სწორედ მან, მისდა საუბედუროდ, გააცნო ერთმანეთს ახალგაზრდები.
ბორისი მაშინვე მიხვდა, რომ გაიცნო ქალი, რომელიც ხელიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაეშვა: მის გვერდით უბრალოდ წერა კი არა, არამედ ცხოვრება უნდოდა.
ეს საოცარი ურთიერთობები იყო. ამ ურთიერთობებში სხვაგვარად იხსნება პასტერნაკი, ის უფრო ახლობელი, მშობლიური ხდება. ტყუილად ხომ არ ამბობენ, პოეტზე წარმოდგენა რომ შეგექმნას, მისი საყვარელი ქალი უნდა გაიცნოო.
ოჯახის ნაცნობი ვერა პროხოროვა მიყვებოდა, რომ „ზინაიდა მშვენიერი იყო თავისი ამოუცნობი მკაცრი სილამაზით. ასევე შესანიშნავი დიასახლისი იყო. ბორისს, რომელსაც წესრიგი უყვარდა, ყოველთვის ჰქონდა გემრიელი სადილი“.
ბორისისა და ზინაიდას ერთობლივი ცხოვრება ზღვის პირას დაიწყო და მათი ურთიერთობებიც ზღვასავით ხან მღელვარე და ხან ალერსიანი, მშვიდი იყო.
პასტერნაკი და ზინაიდა ნეიჰაუზი პირველად 1927 წელს შეხვდნენ ერთმანეთს. როდესაც პოეტმა ზინაიდასთან პირველი ღამე გაატარა, ქალმა მეორე დღესვე გასტროლებზე მყოფ მეუღლეს წერილი გაუგზავნა.
შემდეგ ზინაიდას უყვებოდნენ, რომ მისი წერილი ნეიჰაუზს პირდაპირ კონცერტის დაწყების წინ გადასცეს. გამოსვლისას პიანისტმა მოულოდნელად როიალს თავი დაახურა და ატირდა.
ნეიჰაუზი დაბრუნდა მოსკოვში. მათ ისაუბრეს და ზინაიდამ პირობა მისცა, რომ მასთან დარჩებოდა. „მისი სახე რომ დავინახე, მივხვდი, რომ არასწორად მოვიქეცი არა მარტო იმიტომ, რომ მივწერე, არამედ იმიტომაც, რაც ჩავიდინე“.
მაგრამ უკან დახევას არც პასტერნაკი აპირებდა. „ის დიდ წერილებს მწერდა, ხუთ-ექვს გვერდიანს, და თავისი სიყვარულითა და ღრმა ინტელექტით უფრო და უფრო მიპყრობდა“, — იხსენებდა ზინაიდა სიცოცხლის ბოლოს.
მტანჯველი სამკუთხედი 1931 წლის ზაფხულში დასრულდა. მაშინ ჩამოიყვანა პასტერნაკმა ზინაიდა საქართველოში, ქობულეთში. გადაწყვეტილება მიღებული იყო და მალე ზინაიდა ნეიჰაუზი ზინაიდა პასტერნაკი გახდა.
ექვს წელიწადში პასტერნაკებს ვაჟი — ლეონიდი გაუჩნდათ. ზინაიდას ორსულობა იმ საშინელ დროს დაემთხვა, როდესაც ტერორი ძალას იკრებდა. ამ ტერორმა იმსხვერპლა მათი ქართველი მეგობრები — პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე…
ზინაიდა იხსენებდა, ერთ დღეს მათთან სახლში როგორ მივიდა მწერლების ხელმოწერების „შემგროვებელი“ წერილზე ხელის მოსაწერად, სადაც ხალხის მტრებისთვის — ტუხაჩევსკისა და იაკირისთვის სასიკვდილო განაჩენი იყო გამოტანილი.
„პირველად ვნახე ბორია გაცოფებული. მოსულს კინაღამ მუშტებით დაესხა თავს, თუმცა ის არაფერ შუაში იყო, და ყვიროდა: „ხელი რომ მოაწერო, ამ ხალხს უნდა იცნობდე, და იცოდე, რა ჩაიდინეს. მე ხომ მათზე არაფერი ვიცი, მე მათთვის სიცოცხლე არ მიმიცია და არც მისი წართმევის უფლება მაქვს. ადამიანების სიცოცხლე სახელმწიფომ უნდა განკარგოს და არა კერძო მოქალაქეებმა. ამხანაგო, ეს თეატრში კონტრამარკაზე ხელმოწერა კი არაა, ხელს არავითარ შემთხვევაში არ მოვაწერ!“ თავს საშინლად ვგრძნობდი და ვემუდარებოდი, ბავშვის გულისთვის ხელი მოეწერა. ამაზე მითხრა: „ბავშვი, რომელიც არა ჩემგან, არამედ სხვა შეხედულებების ადამიანისგან დაიბადება, არ მჭირდება, დაე, დაიღუპოს“.
შედეგად, პასტერნაკის ხელმოწერა გაზეთში გამოქვეყნებულ წერილში მაინც გაჩნდა ისე, რომ მან არც კი იცოდა. მალე დაიბადა ვაჟიც — ლეონიდი. მან მხოლოდ 39 წელი იცოცხლა და 1976 წელს გარდაიცვალა.
პასტერნაკების პირადი ცხოვრება კვლავ ბობოქრობდა. საქართველომ არ გაუშვა არც ზინაიდა და არც ჰენრიხი: მათი შვილიშვილი მარინა (სტანილავისგან) სიცოცხლის ბოლომდე თბილისში ცხოვრობდა.
პასტერნაკმა და ნეიჰაუზმა შეძლეს მეგობრებად დარჩენა. მათ ცხოვრებაში უცვლელი დარჩა გრძნობები ერთმანეთისა და საქართველოს მიმართ.
პასტერნაკებს ყველაზე მძიმე პერიოდი ბორისის მსოფლიო ტრიუმფის — ის ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა — შემდეგ დაუდგათ. და ხსნას კვლავ საქართველოში ეძებდა. თავისი მეგობრების სახლებში — ტიციან ტაბიძისა და ლადო გუდიაშვილის ოჯახებში.
ტიციანის ქალიშვილი იხსენებდა, როგორ აცილებდა ბორისს მოსკოვში. ის, უკვე ვაგონში ასული, უცებ შემობრუნდა და დაიძახა: „ნატა, სახლში რომ მიხვალ, სასტუმრო ოთახის კუთხეში შეიხედე. ის ჩემი სული დარჩა“.