თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს საგარეჯოს რაიონში მევენახეებისთვის გასულ წელს ჩაბარებული ყურძნის საფასურის გადაუხდელობის საკითხში გარკვევა დაავალა.
2015 წელს რთველის დროს კახეთში 143 ათას ტონაზე მეტი ყურძენი დაიკრიფა, ხოლო მევენახეთა შემოსავალმა 102 მლნ ლარს გადააჭარბა. ყურძნის გადამუშავების პროცესში 130-ზე მეტი ღვინის კომპანია ჩაერთო, მათ შორის 20-მდე კომპანია სახელმწიფომ იჯარით აიღო.
„ჩემამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ საგარეჯოში შარშან ჩაბარებული ყურძნის თანხა მიითვისა რომელიღაც ბიზნესმენმა და თანხა არ არის მისული მევენახემდე. მინდა სოფლის მეურნეობის მინისტრს ვთხოვო, ეს საკითხი მაქსიმალურად მოიკვლიოთ და, თუ საჭირო იქნება, ჩავრთოთ შესაბამისი უწყებები”, — მიმართა სოფლის მეურნეობის მინისტრს კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ის, რომ სახელმწიფო საკმაოდ დეფიციტური რესურსის გამონახვას ახერხებს, რათა ყურძნის ჩაბარების სუბსიდირება მოახდინოს, არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ ვიღაცამ ბოროტად ისარგებლოს ამით, დასძინა მან.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ განაცხადა, საუბარია 50 მევენახეზე და 200 ათასი ლარის თანხაზე.
„იყო გამოძიება, არ გააჩნია ის აქტივები იმ კომპანიას, რომელიც დააკმაყოფილებს დაზარალებულ ადამიანებს. თქვენს დავალებას მივიღებთ და ვეცდებით გამოსავალი ვიპოვოთ ისე, რომ მინიმალური იყოს ის ზარალი, რაზეც დღეს არის საუბარი", — განაცხადა ოთარ დანელიამ.
სახელმწიფო ყურძნის მოსავალს იბარებს იმ რაიონებში, სადაც ღვინის ძირითადი კომპანიები ნაკლებად დაინტერესებული არიან ყურძნის გადამუშავებით, ასევე „რქაწითელისა“ და „საფერავის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირებას ახდენს.