მან უკვე ყველასათვის საყვარელი ადამიანების: ბუბა კიკაბიძის, კახი კავსაძისა და ვაჟა აზარაშვილის ხელის მტევნების სკულპტურული ასლები დაამზადა. ამას გარდა ქმნის ულამაზეს თოჯინებსა და საბავშვო შემეცნებით-გასართობი ხასიათის წიგნებს, რომლებიც ექსკლუზიურ, ხელით ნაკეთებ ნივთებს წარმოადგენს.
- ალიონა, თავიდან სკულპტურულ ასლებზე ვისაუბროთ, რამდენადაც ვიცი, ხელოვნების ეს დარგი საქართველოში თქვენამდე არ არსებობდა, ასეა?
— ასე გამოდის. ამ დარგის არსებობის შესახებ პირველად ინტერნეტის საშუალებით შევიტყვე. ხელოვნების ეს დარგი უცხოეთში უკვე 50 წელია ძალიან პოპულარულია. იმისთვის, რომ სკულპტურული ასლების დამზადება მესწავლა უკრაინაში გავემგზავრე. ძირითადად პატარა ბავშვის ხელებისა და ფეხების სკულპტურულ ასლებს მიკვეთავენ. მერე მათთვის ლამაზ ჩარჩოებსაც ვამზადებ. დარწმუნებული ვარ, ბავშვი როცა გაიზრდება მისი ბავშვობის ამგვარი სამახსოვრო რელიქვია გულწრფელად გაახარებს. ახალდაქორწინებულებისთვის ვამზადებ მათი ხელების ასლებს, იმ მომენტში დაფიქსირებულს, როცა საქმრო საცოლეს ხელზე საქორწინო ბეჭედს უკეთებს. ეს ყველაფერი ხომ მოგონებაა, უფრო სწორედ იმ ლამაზი წუთების შეჩერების იშვიათი საშუალება. ამ გზით სასურველი მომენტისა თუ ფაქტის დაფიქსირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ერთმა ქალმა, მახსოვს, დედის ხელების ასლები დამამზადებინა, როცა დედა გარდაიცვლება მისი მზრუნველი ხელები და მათი მადლი ჩემთან დარჩებაო…
- ვიცი, რომ თქვენ ცნობილი ქართველების ხელების სკულპტურული ასლები გაქვთ დამზადებული.
— დიახ, სულ პირველად ასეთი ასლი ბუბა კიკაბიძისთვის დავამზადე და მასვე გადავეცი სახსოვრად. შემდეგ ბატონ კახი კავსაძეს შევთავაზე და როცა ის დამთანხმდა, მისი ხელების სკულპტურული ასლი სიმბოლური დეტალებით: დონ-კიხოტის რკინის ქუდითა და შუბით მოვრთე. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი ნახელავი მოეწონა. ამის მერე კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ხელების სკულპტურული ასლი დავამზადე და სიმბოლურად ვიოლინოს გასაღებით მოვრთე. ეს საჩუქარი ბატონ ვაჟას მის შემოქმედებით საღამოზე გადავეცი. კიდევ დამზადებული მაქვს ბატონი ჯემალ ღაღანიძისა და მისი მეუღლის, ქალბატონი ლენას ხელების ასლებიც…
- ალიონა, დაახლოებით რამდენ დღეში და რისგან ამზადებთ ამგვარ ასლებს?
— მათი დამზადება რვა დღეში შემიძლია, რას შეეხება ტექნოლოგიასა და მასალას, ეს ჩემი პროფესიული საიდუმლოა… იმას კი გეტყვით, რომ ეს მასალა უკვე სერთიფიცირებულია. ასლების გარდა თოჯინებსაც ვაკეთებ. მათ თავისი ხასიათი და სახე აქვს, მაგრამ ყველა მათგანი კარგ განწყობაზე გაყენებს- ამის შესახებ ჩემთვის ხშირად უთქვამთ. ეს თოჯინები ჩემი შექმნილები არიან და მინდა, რომ ყველა ოჯახში მხოლოდ პოზიტივი შეიტანონ და ეს, მგონი, გამომდის კიდეც…
- ბოლო დროს საოცარი საბავშვო შემეცნებით-გასართობი ხასიათის წიგნების დამზადებაც დაიწყეთ, რაზეც ჩვენში დიდი მოთხოვნაა…
— ამგვარი წიგნების შესახებაც ინტერნეტიდან გავიგე და გავიფიქრე- რატომაც არა? ასე ხომ მეც შემიძლია თქო.. უკვე შეკვეთებსაც ვიღებ, ასეთი წიგნები ძირითადად 3-დან 5 წლამდე ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ეს შემეცნებითი სახის წიგნებია, თანაც, ბავშვები ერთობიან კიდეც. მათი საშუალებით ისინი ფერებისა და ფორმების გარჩევას სწავლობენ, სამყაროში არსებულ ყველა ნივთისა თუ საგნის მნიშვნელობას ეცნობიან. ყველაზე სახალისო ის არის, რომ ბავშვებზე ადრე ასეთი წიგნებით მათი მშობლები ერთობიან ხოლმე და ამ ამბავს ისინი სიცილით მანდობენ. ასეთ წიგნების დასამზადებლად ვიყენებ: სხვადასხვა ქსოვილსა თუ დეტალს, ელვებს, ზონრებს, მაგნიტებს… ძალიან რთული და შრომატევადი საქმეა, მაგრამ როცა შედეგს ვუყურებ-მსიამოვნებს. მომავალში თუკი რაიმე სახის სიახლეს წავაწყდები, აუცილებლად ვეცდები, რომ ჩემეული ინტერპრეტაციით ანალოგიური მეც შევქმნა, თანაც, სირთულეები არ მაშინებს. ცხოვრება ყოველდღიურად იცვლება და ჩვენგან გადახალისებასა და განახლებას მუდმივად ითხოვს.