გერმანიაში ცნობილი ქართველი მხატვარი და მის მიერ გამოშვებული სუნამო „ჯადოსნური ღამე“

© FB/ Eka Perdzeეკა ფერაძის ნამუშევარი
ეკა ფერაძის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისი შემოქმედება 3D ფორმატში შესრულებული ნამუშევრებია და ისინი ევროპაში პოპულარობით სარგებლობს. მისი ბევრი ნამუშევარი სოტბის აუქციონზეც არაერთხელ იყო გატანილი. ეს მხატვარი საქართველოსა და უცხოეთში ცნობილია, როგორც ხელოვანი, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევა. რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ეკა ფერაძეს წარმოგიდგენთ.

OXFORD INTERNATIONAL ART FAIR-ის გამოფენაზე მისი შემოქმედება 200 მონაწილიდან 10 საუკეთესოს შორის მოხვდა. მნიშვნელოვანია, რომ სურვილის შემთხვევაში მისი შემოქმედება, შესაძლებელია, ბრიტანულ ჟურნალ Vogue Magazine-ში ყოველთვიურად განთავსდეს. შარშან მისი ნამუშევრების გამოფენა სალვადორ დალის მოსწავლესა და მის შვილობილთან ერთად გაიმართა. დღეს მხატვარი მეუღლესა და ოთხ ვაჟთან ერთად ცხოვრობს ბერლინში, სადაც მას დავუკავშირდით.

© FB/ Eka Peradzeეკა ფერაძე
ეკა ფერაძე - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძე
 

– ქალბატონო ეკა, თქვენ გერმანიაში მცხოვრები ქართველი მხატვრებიდან გერმანული აუდიტორია ყველაზე კარგად გიცნობთ, ბოლო დროს რომელ გამოფენაში მიიღეთ მონაწილეობა?

— 2016 წლის დასაწყისიდან დღემდე ბევრი გამოფენა მქონდა და ისინი წლის ბოლომდე გაგრძელდება. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა მქონდა გერმანიის საგარეო მინისტრთან, ბატონ ფრანკ–ვალტერ შტაინმაიერთან. ამ გამოფენაზე ჩემმა ნამუშევარმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა, რის გამოც ქალაქის მერისგან ჯილდოც მივიღე. ამას გარდა გადმომეცა ფულადი ჯილდოც, რომლის ჩემთვის გადმოცემაც თავად დამთვალიერებელმა გადაწყვიტა. 2016 წლის თებერვლის თვეში OXFORD INTERNATIONAL ART FAIR-ში მიმიწვიეს. აქაც ანალოგიურად წარმატება მხვდა და ჩემი ნამუშევრები კატალოგებში მოხვდა. ამის შესახებ ადგილობრივ პრესაში დაიწერა კიდეც.

© FB/ Eka Peradzeეკა ფერაძის მიერ შექმნილი სუნამო
ეკა ფერაძის მიერ შექმნილი სუნამო - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძის მიერ შექმნილი სუნამო

– საინტერესოა, სამთავრობო რანგის შეხვედრაზე როგორ მოხვდით?

— საქმე ისაა, რომ შტაინმაიერის გუნდს წლების წინ ვიცნობდი, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქალბატონი მერკელი არჩევნებში მისაღებად ემზადებოდა. ჩემი ნახატები მათ არაერთხელ უხილავთ, რადგან სადაც ვახშმობდნენ ხოლმე, ისინი იმ ადგილზე იყო გამოფენილი. საკმაოდ ბევრ გამოფენაზე გავდივარ, სადაც მათი გუნდის წევრები იმყოფებიან. ავსტრიაში Art Innsbruck-ის გამოფენაზე მიმიწვიეს. აქ გამოიცა კატალოგები, სადაც დაინტერესებული მსურველი ჩემს შემოქმედებასა და ჩემ შესახებ ინფორმაციას იხილავს.  

– მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მოქალაქე ხართ, გამოფენებში მონაწილეობას საქართველოს სახელითაც იღებთ ხოლმე…

— დიახ, მართალს ბრძანებთ. უცხოეთში გამართულ გამოფენებზე ვცდილობ, საქართველოს სახელით გამოვიდე, ხშირად გერმანიის სახელით გამოსვლაც მიწევს. ავსტრიაში ჩემი ნამუშევრების ნახვის შემდეგ მხოლოდ ორმა მონაწილემ მივიღეთ შემოთავაზება, რომ ღვინის ფესტივალზე გავსულიყავით და გამოფენა ჩვენი ნამუშევრებით გაგვეფორმებინა. საკმაოდ საინტერესო გამოფენა იყო. გერმანიის მთავრობა ხელოვნების განვითარებისთვის საკმაოდ ბევრს აკეთებს. ამით ქვეყნებს შორის საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება ყალიბდება და კულტურის ურთიერთგაცნობის რეალური შანსებიც ჩნდება. დიდი სურვილი მქონდა, რომ გერმანიაში ღვინის ფესტივალზე საქართველოც მენახა, მაგრამ, სამწუხაროდ, იქ ჩვენგან მონაწილე არავინ იყო. ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც დავწერე და მსურველებს დახმარებაც შევთავაზე. სამწუხაროდ, ქართველები მიჩვეულები არიან, რომ მათ მაგივრად ნაბიჯი სხვამ უნდა გადადგას. სიტყვამ მოიტანა და, ქართველებს ბევრ გამოფენაზე შევთავაზე დახმარება, მაგრამ ინტერესი არ გამოუხატავთ. სიმართლე გითხრათ, მათი პასიურობით იმედგაცრუებული ვარ, თუმცა თუ ვინმე სურვილს გამოთქვამს, მსგავსი პროექტების განხორციელებაში საქართველოს ყოველთვის გვერდში დავუდგები. მით უფრო, რომ ორგანიზატორები კარგად მიცნობენ და მათი ნდობითაც ვსარგებლობ. 

© FB/ Eka Peradzeეკა ფერაძე
ეკა ფერაძე - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძე

– ცნობილია, რომ თქვენი სახელობის სუნამო „ჯადოსნური ღამე“ გამოუშვით, შეგიძლიათ სიტყვებით აღწეროთ, რა სურნელია ეს?

— დიახ, სუნამოს სახელია „ჯადოსნური ღამე“ და სურნელი „გვამოგზაურებს“ ყვავილების სამყაროში, რომელსაც თავისებური სურნელი ახასიათებს – სუნამო ყვავილებისა და ხილის ესენციებს შეიცავს. არ არის ტკბილი სურნელი, შეიძლება ითქვას, რომ ცივი სუნამოების ოჯახს მიეკუთვნება, მაგრამ ამავე დროს მთლიანად მათთვის დამახასიათებელი სურნელიც არ არის. ის უფრო განსხვავებულია და სასიამოვნო, სუნამო შეიცავს უფრო მეტ ზეთოვან მინარევებს და ნაკლებად ალკოჰოლს, ამიტომაც მისი მიპკურების შემდეგ დაახლოებით 24 საათი ძლებს. ესაა ჯადოსნურ ღამეში გასეირნება. ეს სუნამო ჩემი ნამუშევრებითაა გაფორმებული. გულწრფელად გეტყვით, რომ ყოველდღიურად მსოფლიოს გამოფენებზე გასვლის შემოთავაზებები ბევრი ქვეყნიდან მომდის. სამწუხაროდ, ოჯახისა და სიშორის გამო ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ. რაც მთავარია, ამდენი ნამუშევარი არ მიგროვდება. წლის ბოლოს ლონდონში დაიგეგმა გამოფენა, სადაც მონაწილეობას მივიღებ. მნიშვნელოვანი ფაქტია ჩემ ცხოვრებაში ისიც, რომ 4 ივნისს საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე DANS LA SALLE DE CURE AU CHATEAU D'EAU „GLATT“-ში მივიღე მონაწილეობა, სადაც შარშან გამოფენა სალვადორ დალის მოსწავლესა და მის შვილობილთან ერთად მქონდა. შესაძლოა, წელსაც ერთად მოვხვდეთ. ასევე გავდივარ სტრასბურგში დაგეგმილ გამოფენაზეც. სხვადასხვა ქვეყანაში, საელჩოებშიც ბევრი საქველმოქმედო გამოფენა მაქვს მოწყობილი. მომავალში ინტერნაციონალური გამოფენებიცაა დაგეგმილი. 

© ე. ფერაძის პირადი არქივიეკა ფერაძე თავის ვაჟებთან ერთად
ეკა ფერაძე თავის ვაჟებთან ერთად - Sputnik საქართველო
ეკა ფერაძე თავის ვაჟებთან ერთად

– ქალბატონო ეკა, საქართველოში ჩამოსვლას თუ აპირებთ?

— სამწუხაროდ, საქართველოში ჩემი ჩამოსვლა 3 წელია ვერ მოხერხდა. არა და, დიდი სურვილი მაქვს, რომ გამოფენები ბათუმში, თბილისსა და ქვეყნის ბევრ სხვა ქალაქსა თუ რეგიონში მოვაწყო. დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად შევძლებ და საზოგადოებას ჩემს საუკეთესო შემოქმედებას ვუჩვენებ. ყოველთვის ვცდილობ და ბევრი დამეთანხმება, რომ მათთვის სასურველი ჩემი ნამუშევრები მისაღებ ფასად შემითავაზებია. გულს არავის ვწყვეტ. ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი მიზანია, შემოქმედებით ადამიანებსა და გარე სამყაროს ბედნიერება მივანიჭო, შევქმნა საუკეთესო და განსხვავებული… ვფიქრობ, დადგება გარდაუვალი დღე, როცა აღარ ვიქნებით და მომავალი თაობა ჩვენ მიერ დაწყებულ გზას გააგრძელებს. სურვილი მაქვს, რაც შეიძლება მეტი სიყვარული გავცე…

ყველა ახალი ამბავი
0