ფეხბურთელ ლიონელ მესის ქანდაკება ბუენოს-აირესში 28 ივნისს დადგეს. იხილეთ არგენტინის ნაკრების კაპიტნის სკულპტურის გახსნის ცერემონიის ამსახველი ვიდეო.
ცერემონიაზე ბუენოს-აირესის მერმა ჰორაციო როდრიგეს ლარეტამ (Horacio Rodriguez Larreta) დამსწრეთ განუმარტა, თუ რატომ მიიღეს სკულპტურის დადგმის გადაწყვეტილება.
„ის სამაგალითოა, ის მთელ მსოფლიოში ყველა არგენტინელის ფანტასტიკური ელჩია. აი, რატომ დადგა დრო, მის საპატივსაცემოდ ქანდაკება დაგვედგა“, — განაცხადა მერმა.
ლარეტას სიტყვებით, ძეგლის გახსნა — კარგი საშუალებაა, ვთხოვოთ ფეხბურთელს, რომ არ დატოვოს ნაკრები. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ მესი ეროვნული ნაკრების სათავეში იქნება 2018 წლის ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთში გაიმართება, ლარეტას ნაკრების გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება.
მანამდე არგენტინის პრეზიდენტი მაურისიო მაკრი თავად დაუკავშირდა ტელეფონით ქვეყნის ნაკრების თავდამსხმელს და ნაკრებში დარჩენა სთხოვა.
26 ივნისს ამერიკის თასის ფინალურ მატჩში არგენტინელებმა პენალტების სერიაში დათმეს შეხვედრა ჩილეს ნაკრებთან ანგარიშით 2:4, მესიმ კი თერთმეტმეტრიანი დარტყმის რეალიზება ვერ შეძლო. მატჩის შემდეგ მან განაცხადა, რომ ტოვებს ეროვნულ ნაკრებს.
როგორც ფეხბურთელმა ტელეარხ TyC Sports-ის ეთერში აღნიშნა, ოთხ ფინალურ მატჩში დამარცხების შემდეგ მისთვის არგენტინის ნაკრებში ყველაფერი დამთავრდა.