ლაზური სიმღერები შთამომავლობას...

© მ. მამულაშვილის არქივიმერაბ მამულაშვილი
მერაბ მამულაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპოზიტორი და რეჟისორი მერაბ მამულაშვილი იუბილარია. საკუთარი თავის ძიებაში მან საინტერესო შემოქმედებითი ცხოვრების გზა გაიარა: კლასიკა, სასულიერო მუსიკა, როკი, ეთნო-ფოლკი..

დღეს შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოში იმ მცირე რეჟისორთა რიცხვში შედის, ვისაც ლაზებზე აქვთ ფილმი გადაღებული. ამას გარდა ლაზურ ენაზე დაწერილი ცნობილი სიმღერების ავტორიც გახლავთ. ბატონი მერაბი ჩოხოსანთა საზოგადოებისა და საქართველოს ფაზისის საერო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი გახლავთ. იუბილარს სახლში ვესტუმრე. 

-ბატონო მერაბ, მინდა მოგილოცოთ იუბილე და შემოქმედებითი წარმატებები გისურვოთ. განვლილი გზის გახსენება კი, ბუნებრივია, ბავშვობით უნდა დავიწყოთ. თქვენი ბავშვობის ერთ ეპიზოდში, რომელსაც ხშირად იხსენებთ ხოლმე, რომელიღაც ნოველის პერსონაჟს მაგონებთ… 

— თქვენ ალბათ მუსიკის მასწავლებელსა და ვიოლენჩელოსთან დაკავშირებულ ამბებს გულისხმობთ?… მოგიყვებით: მოკლედ ბავშვობაში პირველად ვიოლინოზე შემიყვანეს. დღემდე მახსოვს ჩემი მუსიკის მასწავლებელი, რომელიც მაიძულებდა ფეხზე ვმდგარიყავი და ხელებით ინსტრუმენტი და ხემი მაღლა, სწორად დამეჭირა. პატარა ვიყავი და მალე ვიღლებოდი, ამიტომ ხელები თავისთავად დაბლა ეშვებოდა. პედაგოგს გრძელი ფრჩხილები ჰქონდა, დამაყენებდა და მცირე შეცდომის დროსაც კი იმ ფრჩხილებს ხელებში მირტყამდა. ერთხელაც პროტესტის ნიშნად ვიოლინო დავუტოვე და სახლში წამოვედი. დედაჩემმა ეს რომ გაიგო — ამით ვიოლინოსთან ჩემი ურთიერთობაც დამთავრდა… დედის ხვეწნა-მუდარის შემდეგ ვიოლონჩელოზე სწავლას დავთანხმდი და სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩემი სახალისო ამბები… მე-9 მუსიკალურ სკოლაში ვიოლენჩელოთი დავდიოდი. სანამ სახლიდან მუსიკალურ სკოლამდე მივაღწევდი, გზაში რამდენიმე განსაცდელი მელოდა… უბანში დაცინვით „კომპოზიტორს“ მეძახდნენ. სულ მიკვირდა: სად ვიოლენჩელო და სად კომპოზიტორი? მაგრამ ფაქტია, ასე იყო… მე ამას შეურაცხყოფად ვიღებდი, ვიოლენჩელოს გვერდით ვდებდი და  მათ მივსდევდი. უკან რომ მოვიხედავდი, ინსტრუმენტი უკვე აღარსად ჩანდა, მერე მას რომელიმე სხვა ეზოში ვპოულობდი… ასე დაიწყო ჩემი „მუსიკალური მოღვაწეობა“… ისე, საოცარია, ამდენი წინასწარმეტყველებით დაჯილდოვებული ადამიანი როგორ აღმოჩნდა ერთ პერიოდში, ერთ უბანში?— მე ხომ მართლაც კომპოზიტორი გავხდი, არადა, ყოველთვის კინორეჟისორობა მინდოდა. პარალელურად, სკოლაში, გიზო ამირანაშვილთან საბავშვო სასულე ორკესტრში საყვირზე ვუკრავდი. ამ ადამიანმა ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა. სხვათაშორის, ეს მთელ საბჭოთა კავშირში ერთადერთი საბავშვო სასულე ორკესტრი იყო და პიონერთა სასახლეში გადასვლის შემდეგ აღლუმებზეც გამოვდიოდით.

© მ. მამულაშვილის პირადი არქივიმერაბ მამულაშვილი
მერაბ მამულაშვილი - Sputnik საქართველო
მერაბ მამულაშვილი
  

- ვიოლენჩელოსა და საყვირის მერე თქვენი მუსიკასთან ურთიერთობა რომელი ინსტრუმენტით გაგრძელდა? 

— მოგახსენებთ. მე-9 კლასიდან, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გადავედი და მეოთხე კურსზე ვიოლენჩელო კონტრაბასით შევცვალე. ის ვიოლენჩელოზე დიდი ზომისაა, საშუალო ზომის ინსტრუმენტი — ალტი, გამოვტოვე… მუსიკალურ სასწავლებელში კლასიკურ მუსიკას გვასწავლიდნენ, საკუთარი კომპოზიციის დაკვრა არ შეიძლებოდა. ერთი ჯაზური აკორდის გაჟღერებისთვის სტუდენტი, შესაძლოა, გაერიცხათ. ბედის ირონიით, დღეს მეორე სამუსიკო სასწავლებელი ჯაზის კერაა… სტუდენტობის დროს არაჩვეულებრივი ადამიანი და პროფესიონალი ლოტბარი, ედიშერ გარაყანიძე გავიცანი. მან სიონის ეკლესიაში ჩემს მეგობრებთან ერთად გალობა შემომთავაზა და ჩვენც დავთანხმდით. შეგახსენებთ, ეს  ის დროა, როცა ჯვრის ტარებისთვის, სასწავლებლიდანაც შეიძლებოდა რომ გავერიცხეთ. ასე რომ, ეკლესიაში ჩუმად შევდიოდით…

- კონსერვატორიაში სწავლის დროს საბავშვო ანსამბლსაც ხელმძღვანელობდით…

— კონსერვატორიაში წარმატებით ჩავაბარე და ერთი წლის თავზე ოთარ საფარიშვილის დირიჟორობით, კამერულ ორკესტრთან ერთად, ჩეხოსლოვაკიაში კლასიკური მუსიკის ფესტივალზე აღმოვჩნდი. ცოტა ხანში, სიღნაღის სამუსიკო სასწავლებელში ადგილობრივი სტუდენტებით საესტრადო ანსამბლი ჩამოვაყალიბე, სადაც წელიწადნახევარი დავყავი. შემდეგ იყო ანსამბლი „რუსთავის გვირილები“. მისი ხელმძღვანელის, ვალერი სხირტლაძეს ტრაგიკულად დაღუპვის მერე, ბავშვებმა არც ერთი პედაგოგი არ მიიღეს. „ნერგების“ ხელმძღვანელმა, დავით კევლიშვილმა შემომთავაზა ეს ბავშვები გამეცნო, იმ იმედით, რომ იქნებ, მათ მე მოვეწონებოდი. მართლაც, გაცნობისთანავე, ბავშვებმა მიმიღეს. ეს იყო 1980 წელი… შემდეგ ვიცვლიდი სხვადასხვა ჯგუფებს: "პირამიდა", ბათუმის "რივიერა"("ინტერვალი"), "პარადოქსი" და სხვა. რადგან ვეძებდი რაღაც სიახლეს, რის მიგნებაშიც ადამიანს შეიძლება მთელი ცხოვრება დასჭირდეს…

© მ. მამულაშვილის პირადი არქივიჯგუფი "ოკეანე"
ჯგუფი ოკეანე - Sputnik საქართველო
ჯგუფი "ოკეანე"

- რანდენადაც ვიცი, შემდეგ იყო როკი, შინაგანი პროტესტი, ახალგაზრდული ამბოხი, ანუ ჯგუფი „ოკეანე“..

— იცით, როგორ იყო საქმე? ძირითადი სიმღერები 1988 წელს უკვე შექმნილი მქონდა და ვეძებდი მუსიკოსებს, რათა ისინი სრულფასოვნად გამეჟღერებინა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ პირველი დიდი საქველმოქმედო კონცერტი ჩავატარე სპორტის სასახლეში, სადაც საქართველოს უამრავმა მუსიკოსმა მიიღო მონაწილეობა. სწორედ ამ კონცერზე შევასრულე ჩემი სიმღერა თემურ ცაგურიას ლექსზე "ო, ღმერთო", რომელიც 9 აპრილის ტრაგედიას მივუძღვენი. გიტარაზე მოვიწვიე კაკო ვაშალომიძე და სულ მალე ჯგუფი „ოკეანე“ მაღალი დონის მუსიკოსებით დავაკომპლექტე: ვახო მაკალათია, დავით ტაბლიაშვილი, ბორის ძნელაძე და მიხეილ გელაძე. ჩემი სიმღერებისთვის ლექსებს პოეტი ზაზა ქინქლაძე ქმნიდა. 1990 წლის პირველ იანვარს, საქართველოს ტელევიზიით, სოლო კონცერტით წარვსდექით. ჩვენ, საქართველოს  ქალაქებში, ძირითადად, სტადიონებზე გამოვდიოდით და  კონცერტებზე სრული ანშლაგი იყო. მაშინ, პარალელურად, ტელევიზიის საესტრადო სიმფონიურ ორკესტრში ვმუშაობდი რიგით დირიჟორად, არანჟირებების ავტორად და მუსიკოსად. იმ პერიოდის ჩემი ცნობილი არანჟირებებაა "საით მიჰქრის თეთრი რაში" და სხვა მრავალი ნაწარმოები. მალე ვახო მაკალათია იურმალას კონკურსზე წავიყვანე, სადაც ის "ოკეანეს" ჩაწერილი მინუს ფონოგრამებით პუბლიკის წინაშე წარმატებით წარსდგა. ცოტა ხანში კი, "ოკეანეს" სრული შემადგენლობით, ვილნიუსის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს სახელით გამოვედით და მეოთხე ადგილი ავიღეთ. ყველა თანამედროვე ქართული მუსიკის მოყვარულს ვურჩევ, რომ აუცილებლად მოუსმინოს ამ ჯგუფს. ეს ალბათ ის იყო, რასაც ამდენი ხნის მანძილზე ვეძებდი: ქართულ ენაზე შესრულებული ერთ-ერთი პირველი მელოდიური როკ-მუსიკა. ამის შემდეგ ომი დაიწყო და სულ მალე ჯგუფიც დაიშალა. მერე ცნობილ ქართველ მომღერალთან, გოგი დილიძესთან თანამშრომლობით მისი ერთადერთი CD დისკი გამოუშვით. ცოტა ხანში, ჩემს მეუღლესთან, მსახიობ ფატი თურმანიძესთან ერთად მეტეხის თეატრში დავიწყე მუშაობა და საერთაშორისო ფესტივალზე "ოქროს ნიღაბი" სპექტაკლის „მარტორქები ორკესტრში“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის გრან-პრი მომანიჭეს.  

- ბატონო მერაბ, დღეს თქვენ ლაზურ სიმღერებსაც წერთ…

— ლაზური სიმღერების წერა ბატონმა გიორგი ანდრიაძემ შემომთავაზა, რომელიც პატრიარქის კურთხევით ლაზებთან მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საქმეს ემსახურება. ლექსებს ლაზური სიმღერებისთვის, სცენარებს ფილმებისათვის ენათმეცნიერი და პოეტი, მიხეილ ლაბაძე მიწერს. სულ მალე, უწმინდესმა ილია მეორემ ამ დიდებულ საქმეზე მეც მაკურთხა. გამოშვებული მაქვს ჩემი საავტორო ლაზური CD დისკი. ამ თემაზე დოკუმენტური ფილმებიც მაქვს გადაღებული. თავიდანვე ჩემი ოცნება კინო-რეჟისორობა იყო. ამიტომ ამ შემთხვევაში ავისრულე ოცნება და ამ ფილმების რეჟისორიც და მუსიკის ავტორიც მე გახლავართ. ლაზ მხატვარ და საზოგადო მოღვაწე ხასან ჰელიმიშზე გადაღებულმა ჩემმა ფილმმა "ლაზი ვორე, ლაზი, ქართველი-ჭანი" წმინდა ანდრიას ჯვრის მართლმადიდებლური ფილმების ფესტივალზე ერთდროულად 4 ნომინაციაში გაიმარჯვა: წმინდა ანდრიას ჯვრის მედალი, ოქროს ლომი, მაყურებლის სიმპათიის პრიზი და სიგელ-გუჯარი. ყველაზე დიდი საჩუქარი კი ჩემთვის მაინც ის იყო, რომ დაჯილდოების ცერემონიალზე, ჩემი ფილმის გმირის, ხასან ჰელიმიშის შვილი, ნარიმა ჰელიმიში  გამოვიდა სიტყვით და მომმართა: „თქვენ მე ბავშვობა გამიცოცხლეთ და ამ ფილმის ნახვის დროს, ყველაფერი თავიდან განვიცადეო,“-ჟიურის წევრებმა მისი გამოსვლის შემდეგ აღნიშნეს, რომ ამ ფესტივალის ჩატარება მარტო ამ სიტყვების გამო ღირდა. ამას მოჰყვა ფილმი „შურიმშინე“ლაზ გოგონათა კვარტეტზე, რომელიც  დისკებზე გადავიტანეთ და ლაზებს დავურიგეთ. მეამაყება, რომ მსოფლიოში ლაზებზე სულ რამდენიმე ფილმია გადაღებული და მათ შორის, ჩემი ფილმებიცაა.

 

- საბოლოოდ ისევ ფოლკლორს დაუბრუნდით, არა?

— დიახ, ყველაზე მნიშვნელოვანი მართლაც ის არის, რომ ამდენი ჟანრის ძიების, შესწავლის პროცესში ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი გავიდა და საბოლოოდ ისევ ეთნო-ფოლკლორს დავუბრუნდი. ჩემი რიგით მე-2 ალბომის ძირითადი სიმღერები სწორედ ამ ჟანრს მიეკუთვნება: "რა სამშობლო მქონია", "შენ ხარ ქართველი", "სამშობლო მენატრება"და სხვა. ამაში მეხმარებიან უნიჭიერესი მომღერლები და მუსიკოსები: დავით ოთიაშვილი, ციური მჭედლიძე, ირინა ალექსიძე, სოფო ხალვაში, გიორგი მოციქულაშვილი, დავით ყიფიანი, ელისაბედ ოთარაშვილის ანსამბლი "რონდო", დავით ქავთარაძე, ბაიარ შაჰინი, არჩილ ჭოტაშვილი, ეკა შარანგია, რუსუდან გელაძე, დავით გველესიანი, ნანა ჩიქავა, ბორის ბედია, გივი ჭიჭინაძე…  დღეს ეთნო მუსიკას ვქმნი და საესტრადო ჟანრსაც არ ვივიწყებ. აქვე მინდა ვახსენო ჩემი მეგობარი, მსოფლიო დონის გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი. მისი შესრულებით ჩემს ორ სიმღერაზე კლიპიც კი გადავიღეთ. ესაა სიმღერები: „შორეული გზები“(ლექსი: ნუგზარ ერგემლიძე) და „ახალ წლის ღამე“(ლექსი: გვარამ გვარამია.) მიხარია, რომ ხალხს ორივე ვიდეორგოლი ძალიან მოსწონს.

- ბატონო მერაბ, ვიცი, რომ თქვენ პრინციპული პოზიცია გაქვთ იმ მუსიკალური კონკურსების მიმართ, რაც ჩვენთან ტარდება.

— პირდაპირ გეტყვით, რომ ეს კონკურსები ქართული კულტურის განადგურებას ემსახურება. აქ იგულისხმება: ქართული ენა და მუსიკა. თუ ხართ დაკვირვებული, ამ კონკურსებზე ქართული ნაწარმოებები ფაქტობრივად არ ჟღერს. ქართველ პოეტებს ქართველი კომპოზიტორების მუსიკაზე ლექსების წერის საშუალება უნდა მიეცეთ. სხვაგვარად, ამ კონკურსების ფასი ნულია. როგორ შეიძლება მომღერალს საკუთარი რეპერტუარი არ ჰქონდეს? გამოდის, რომ ქართველ მომღერლებს გამიზნულად ამზადებენ რესტორნებისთვის… წარმოიდგინეთ, მთელი ამ კონკურსების მიმდინარეობისას, უნიჭიერეს მომღერლებს ვირტუალურ ილუზიებში ამყოფებენ. ისინი ამ ხნის მანძილზე ყურადღების ცენტრში არიან, მღერიან უცხოურ სიმღერებს და უცხოურს ცეკვავენ, არიგებენ ავტოგრაფებს და უზომოდ პოპულარულები ხდებიან. ცოტა ხანში, მთავრდება კონკურსი და მალე, ხალხი მათ ივიწყებს. ეს ადამიანები რჩებიან კი იმ რეპერტუარის ამარა, რასაც მათ კონკურსებზე ასრულებინებდნენ. ახალი ქართული ნაწარმოებები არ იქმნება იმიტომ, რომ ჩვენს კომპოზიტორებს და პოეტებს კონკურსებში მონაწილეობას არ აღებინებენ რადგან მათთვის ფულის გადახდა არ უნდათ.  ჩვენთან სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, კონცერტებიც აღარ ტარდება. ფილარმონიაც წაგვართვეს!  ანუ იმ ადგილას, სადაც კონცერტებს ვატარებდით, ახლა ან ჯაზ-ფესტივალები ტარდება, ან მოდიდან გადასულ უცხოელ მუსიკოსებს ამღერებენ.  მოვუწოდებ ტელევიზიებს, განსაკუთრებით საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც ყველანაირი ფინანსები აქვს ამისთვის, რომ ქართული მუსიკალური პროქტები აკეთოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტელევიზიის ძველი თანამშრომლები დავბრუნდებით და ქართულ ხელოვნებას ჩვენ ავაღორძინებთ. ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ქვეყნის თვითმყოფადობის დაკარგვა პირველ რიგში, მისი კულტურის დავიწყებით ხდება. ადამიანი, რომელიც ივიწყებს მშობლიურ ენას, კულტურას და ტრადიციებს, თავისდაუნებურად უსამშობლოო არსება ხდება. ღმერთმა ქნას, არ დავკარგოთ ის დიდი ფასეულობები, რაც გაგვაჩნია და სხვა ყველაფერთან ერთად, ქართულ კულტურასაც მოვუფრთხილდეთ…

 

ყველა ახალი ამბავი
0