ნისლიანი ალბიონის ქართული პეიზაჟი

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანელების გადაწყვეტილების მოტივები და ევროპული პოლიტიკის დინებები, ულტრამემარჯვენე ძალების ლოკალური გამარჯვება თუ გლობალური პროცესის დასაწყისი, ბრიუსელის დღის წესრიგი და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივა... ხედვა თბილისიდან.

პირველი ემოციები დაცხრა… ევროპა ბრიტანელების არჩევანს ეგუება… ალტერნატივა არ არის და ახლა ევროპულ ოჯახში დიდ ბრიტანეთთან განქორწინებისთვის ემზადებიან.

ევროკავშირის დამფუძნებელი ქვეყნები დიდ ბრიტანეთს მოუწოდებენ, ევროკავშირიდან გასვლის პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს, თუმცა პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი ევროპულ ინსტიტუტებსა და სახელმწიფოების მეთაურებს მოუწოდებს ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალი ფორმატის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებებს კონსტრუქციულად მიუდგნენ.

დევიდ ქემერონი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან გასვლის პროცედურა ფორმალურად ახალმა პრემიერ-მინისტრმა უნდა დაიწყოს. თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობას მოსამზადებლად დრო უნდა მიეცეს, თუმცა ამ პროცესის გაჭიანურება არ შეიძლება, რადგან, მისივე აზრით, ეს ევროკავშირისთვის საზიანო იქნება.

გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერი სინანულს გამოთქვამს ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგის გამო

ანალოგიურ პოზიციას იზიარებენ საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი. ერთი სიტყვით ყველაფერი გაყრისკენ მიდის, მაგრამ ზუსტად არავინ იცის რა იქნება შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები და რა ახალი გამოწვევები ელის ერთიან ევროპას… ბებერი კონტინენტის დედაქალაქში აცხადებენ, რომ ოცდაშვიდი სახელმწიფო შეინარჩუნებს და განამტკიცებს ერთობას. საგულისხმოა, რომ ამ ოპტიმისტური განწყობის პარალელურად ჰოლანდიაში, იტალიაში და ფინეთში ევროპული ოჯახის წევრობის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნები გაისმა. ლოგიკურია კითხვა რას ეფუძნება ოფიციალური ბრიუსელის ოპტიმიზმი და დაიწყო თუ არა დეზინტეგრაციული პროცესები.

პოლიტოლოგი თამარ კიკნაძე: „ევროპული ბიუროკრატია მომხრეა იმისა, რომ ევროკავშირი ამ ფორმით შენარჩუნდეს, მაგრამ ერთია სურვილი და მეორეა რეალობა. ჩემი აზრით, მართალია, გლობალიზაცია თავის კანონებს გვკარნახობს, მაგრამ ახლა წინა პლანზე უკვე ნაციონალური შეგრძნებები გამოდის და ქვეყნები ერი-სახელმწიფოს პრინციპის დაბრუნების მომხრენი არიან. გლობალიზაცია ფინასური კლანების ინტერესებშია, ხოლო ადამიანები გრძნობენ მთელ იმ წნეხს, რაც ამ პროცესმა მათ მოუტანა. და ბოლოს, დეზინტეგრაციული პროცესები უკვე დაწყებულია…“

ახალი რეფერენდუმის მოთხოვნა ბრიტანეთში - Sputnik საქართველო
Brexit-ის მოწინააღმდეგეები ახალი რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვენ

ამასობაში კი, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გერმანიის და საფრანგეთის ლიდერებმა რეფორმების გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ღრმა ინტეგრაციას ითვალისწინებს. ამავე  ინფორმაციით გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ცხრაგვერდიანი დოკუმენტის "ვიშეგრადის ოთხეულის" (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი) ლიდერებისთვის წარდგენას აპირებს. როგორც ტელეკომპანია „TVP INFO“ იუწყება დოკუმენტით ევროკავშირის ნაცვლად განიხილება ერთიანი ევროპული სახელმწიფოს შექმნა. წევრ ქვეყნებს ფაქტობრივად, არ ექნებათ უფლება, იყოლიონ საკუთარი არმია, სპეცსამსახურები, არ ექნებათ ცალკეული სისხლის სამართლის კოდექსი და ეროვნული ვალუტა… ასევე იგეგმება ერთიანი ძალოვანი უწყებების და საგადასახადო სისტემის შექმნა. ამასთან, წევრი სახელმწიფოები საკუთარ სახელმწიფო საზღვარზე კონტროლს კარგავენ. რა ბედი ეწევა ამ და ევროკავშირის რეფორმირების ნებისმიერ სხვა მცდელობას დრო გვჩვენებს.

საინტერესოა რა მოლოდინი აქვთ თავად ბრიტანელებს, მომავალში როგორ ესახებათ ევროპულ ოჯახთან ურთიერთობა.

პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი: „ბრიტანეთის უმრავლესობას სჯერა, რომ მოლაპარაკებების შედეგად ბრიტანეთი დაიტოვებს დაახლოებით ისეთივე ტიპის ურთიერთობებს ევროკავშირთან, როგორიც აქვს ნორვეგიას. ანუ, ერთიანი ბაზრის მონაწილე იქნება ევროკავშირის ეკონომიკური არეალის და ბრიტანეთის მოქალაქეების გადაადგილებაც ევროპაში და ევროპელების ბრიტანეთში იქნება უვიზო. ბრიტანეთმა სხვა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს მონაწილეობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში…   შეიძლება თავიდან იყოს გარკვეული სიბრაზე ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებმაც შეიძლება სხვა მიმართულებით ეცადონ წაიყვანონ პროცესი, მაგრამ საბოლოო ჯამში ის საერთო ინტერესები, რომელიც არსებობს, რომელზეც დგას ევროპული ინტეგრაცია, ეს ინტერესები არსად არ იკარგება…”

ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მომავალ ურთიერთობებზე მსჯელობისას, არ უნდა დაგვავიწყდეს ანგელა მერკელის სიტყვები — „ვისაც ევროკავშირის ოჯახიდან გასვლა სურს, არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ვალდებულებებს თავს აარიდებს, პრივილეგიებს კი დაიტოვებს…“ ასე, რომ პროცესების განვითარება ძნელად პროგნოზირებადია, თუმცა ძალზედ მარტივია იმის განჭვრეტა, რომ პოლიტიკა ორივე მხრიდან პრაგმატიზმს დაეფუძნება… ისიც ფაქტია, რომ რეფერენდუმის შედეგების გამოცხადების შემდეგ ინგლისის სამეფოს წინააღმდეგ რამდენიმე ნაღმი ამოქმედდა. შოტლანდიის პრემიერ-მინისტრის ნიკოლა სტერჯენის განაცხადებით  მინისტრთა კაბინეტი მუშაობას იწყებს იმ საკანონმდებლო პროცედურებზე, რომელიც საშუალებას მისცემს შოტლანდიას, გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობის საკითხზე ახალი რეფერენდუმი ჩაატაროს. ჩრდილოეთ ირლანდია კი ირლანდიასთან გაერთიანებას ითხოვს. გარდა ამისა, საფრანგეთი დიდ ბრიტანეთს საზღვარზე კონტროლის შემსუბუქებით აშანტაჟებს. ამერიკის შეერთებულ შტატები კი ბრიტანეთთან სავაჭრო ურთიერთობების გადახედვით იმუქრება. არის თუ არა მზად ქვეყანა პრობლემებს გაუმკლავდეს.

განმეორებითი რეფერენდუმი ბრიტანეთში - Sputnik საქართველო
ბრიტანეთის პარლამენტი ხელმეორე რეფერენდუმის თაობაზე პეტიციას განიხილავს

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე: „თუ რაღაც ძირფესვიანი ცვლილებები არ მოხდა, ბრიტანეთის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა ევროკავშირიდან გასვლით არ მოიგებს. ამ მომენტისთვის უკვე დასუსტდა ბრიტანული ფუნტი. მისი საფონდო აქციების ფასი ეცემა და არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ბრიტანეთი მალე შეძლებს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი ხელშეკრულებების დადებას თავის მთავარ პარტნიორებთან. ასევე არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ბრიტანეთი მიიღებს იმ უპირატესობებს, რისი იმედიც აქვს ევროკავშირის რეგულაციებიდან თავის დაღწევის შედეგად. ამერიკის შეერთებულ შტაბებს გარკვევით აქვს ნათქვამი, რომ ბრიტანეთს ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის მისაღწევად რიგში ჩადგომა დასჭირდება. იგივე ეხება სხვა დიდ პარტნიორებს — ჩინეთს, იაპონიას და ა.შ. ანუ, ბრიტანეთს მოუწევს საკმაოდ სერიოზული სამუშაოს ჩატარება და ამას დასჭირდება მრავალი წელი. რა შედეგით დამთავრდება ეს და ზარალი უფრო ნაკლები იქნება თუ არა, ვიდრე მოგება, ვერავინ იტყვის…“

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი — რა გავლენა ექნება რეფერენდუმის შედეგებს საქართველოსთვის, მისი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ჩვენში არსებობს მოსაზრება, რომ საქართველოსთვის ამ ისტორიულ ეტაპზე სხვა ალტერნატივა არ არსებობს გარდა ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობისა და ინტეგრაციისა. ამგვარი პოზიციის მთავარი არგუმენტი ის არის, რომ ჩვენ ირგვლივ ვერ ვხედავთ ცოტა უფრო მაღალი კეთილდღეობის და მაღალი ჰუმანური პრინციპების მქონე ქვეყნების ისეთ ერთობას, რომელთანაც შეიძლება ითანამშრომლო და ამ თანამშრომლობით თავადაც სწრაფად განვითარდე… ვიცი, რომ ეს ჰიპოთეზაც საკამათოა, ისე როგორც ნებისმიერი სხვა. ექსპერტ-ანალიტიკოსთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული სახელმწიფოს მიზანი საკუთარი ქვეყნის მოდერნიზაცია და განვითარება უნდა იყოს.

ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე: „საქართველოს უაზრო ფრაზეოლოგიაში და უაზრო მისწრაფებებში ყოფნას უჯობს საკუთარი ქვეყნის გაძლიერებაზე იფიქროს და ევროპასთან და ცივილიზებულ სამყაროსთან ღრმა კოოპერაციაზე… კოოპერაცია გაცილებით მნიშვნელოვანია და ბევრის მომცემი, ვიდრე სსრ კავშირის ასოციაციებით მუქთად ყოფნის სურვილით თავშესაფარის ძებნა ევროკავშირი იქნება ეს თუ რომელიმე სხვა კავშირი…“  

და ბოლოს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პერსპექტივა… საკამათო არ არის, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება ევროკავშირს რადიკალურად  შეცვლის, რაც ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასაც შეეხება. უკვე გაკეთდა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა ვეღარ მოიცლის უკრაინის,საქართველოს და სხვა მსგავსი ქვეყნებისთვის. ვიზალიბერალიზაციაზე ლაპარაკიც არაეფექტური იქნება. მნიშვნელოვანია, რომ ამ უმძიმესი პერიოდის განმავლობაში ევროპა გაუმკლავდეს პრობლემებს და რაც მთავარია სწორი პოლიტიკის გატარება გახდეს შესაძლებელი… 

ევროკავშირს ეძლევა  რეფორმირებისა და პრობლემების მოგვარების შანსი. ყველა პრობლემას თავისი შესაძლებლობა მოაქვს ხოლმე და თუ ამ შესაძლებლობას ევროკავშირი გამოიყენებს, ჩვენი ქვეყნისთვისაც კარგი იქნება…

დასკვნები ჯერ მაინც ნაადრევია, პროცესი დაიწყო, დანარჩენს დრო გვიჩვენებს…

ყველა ახალი ამბავი
0