სანამ სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებ მინდა, ახლახანს, 1-12 ივნისს, ლოს —ანჯელესში გამართულ მსოფლიო თასზე მოგახსენოთ. საქართველოს ნაკრებმა იქ ბრინჯაოს მედლები და 20 000 დოლარი დაისაკუთრა. კარგია ეს თუ ცუდი ძნელი სათქმელია, რადგან წამყვანი ქვეყნები ოლიმპიურ რეჟიმში ცხოვრობენ და რეალურ ძალასაც მხოლოდ იქ ვიხილავთ, თუმცა ბევრი რამ საგულისხმო მაინც მოხდა და ახლა სწორედ ამ საკითხზე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო. მთავარი და სასიამოვნო ის არის, რომ ნაკრების ლიდერები ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი დიდებულ ფორმაში არიან და ყველა ბრძოლა საგრძნობი უპირატესობით მოიგეს. არასასიამოვნო კატეგორიაში გავიყვან დანარჩენების არასტაბილურობას, ეს განსაკუთრებით ეხება 86კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზეთ. ასეთი ორია-ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი პრიზიორი დავით მარსაგიშვილი და მსოფლიოს პრიზიორი სანდრო ამინაშვილი. ნაკრების მთავარ მწვრთნელს, რევაზ მინდორაშვილს ამ წონაში რიოში მოასპარეზე სპორტსმენი ჯერ არ დაუსახელებია და ყველაზე საჭოჭმანო სწორედ ეს წონაა. ამერიკაში ამინაშვილმა ორჯერ იჭიდავა და ორივეჯერ წააგო, მარსაგიშვილმა ამერიკელ კოხს კი მოუგო, მაგრამ რუს შამილ კუდიამაგომედოვთან უშანსოდ დამარცხდა. მწვრთნელებს საფიქრალი ნამდვილად აქვთ, სავარაუდოდ მალე გამოაცხადებენ ვის ენდობიან, მანამდე კი დაპირებულ ოლიმპიურ შანსებზე ვისაუბროთ. მივყვეთ თანმიმდევრობით.
57კგ- ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ევროპისა და მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონი ოქროს მედლის უპირობო ფავორიტია. მისი ჭიდაობის ყურება ერთი სიამოვნებაა. ლოს-ანჯელესის მსოფლიო თასზე მისი ერთი ბრძოლა ვნახე ამერიკელ კენგოტთან. თავიდან ამერიკელმა ექვსი ქულა აიღო, ქართველმა აუღელვებლად გააგრძელა ჭიდაობა და მეორე წუთის მიწურულს მეტოქე ბეჭებზე დადო. სხვათა შორის იქ მოპოვებული გუნდური ბრინჯაოს მედალი სწორედ ამ წმინდა გამარჯვებამ გადაწყვიტა. მის მეტოქეთაგან ყველაზე სახიფათო ირანელი ჰასან რაჰიმია და ერთ-ერთი რუსი. ამერიკაში ჰაჯიმურათ რაშიდოვს იოლად მოუგო, ვიქტორ ლებედევმა რუსეთის პირველობა კი მოიგო, მაგრამ ის უკვე ასაკშია, რამდენადაც ვიცი რაღაც შარშიც გაეხვა და ოლიმპიურ საგზურზე თავად თქვა უარი. მესამე და ალბათ ყველაზე რეალური კანდიდატი ისმაილ მუშუკაევია, თუმცა, როგორც მოგახსენეთ ესენი ყველა უფრო საპრიზო ადგილების პრეტენდენტები არიან ვიდრე ოქროს მედლისა. ისე არ გამომივიდეს, თითქოს ვამბობდე, რომ ჩვენებურს ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდეს. არა, მაგრამ დღეს ის უდავო ფავორიტია და ამას მისი ოპონენტებიც აღიარებენ.
65კგ. ზურაბ იაკობაშვილი დღევანდელი გათვლებით რეიტინგში მეცხრეა, თუმცა სამი საფეხურით დაწინაურდება, როცა რუსი და ირანელი ფალავნები გაიცხრილებიან. ამ წონის ფავორიტები იტალიელი ფრენკ ჩამიზო, ირანელი მეუსამ ნასირი და ერთერთი რუსთაგანი, ალბათ უფრო სოსლან რამონოვი ითვლებიან. ლოს-ანჯელესში ჩვენმა მოჭიდავემ მეორე რუს მაგომედ ყურბანალიევთან წააგო. თუ წილისყრამ გაუმართლა რომელიმე სინჯის მედლისთვის უნდა იბრძოლოს.
74კგ. იაკობ მაქარაშვილი რეიტინგით მე-14. ამ წონაშიც მედლის კანდიდატებად სამწუხაროდ არ მოვიაზრებით. მაქარაშვილმა ვერც ამერიკაში ივაჟკაცა, ორი ბრძოლა წააგო, ერთში იმარჯვა და სავარაუდოდ მეორე კანდიდატ ჯუმბერ ყველაშვილს ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლაში გადაასწრო, თუმცა ეს ადგილობრივი მნიშვნელობის წარმატება მგონია.
86კგ. სანდრო ამინაშვილი-დავით მარსაგიშვილი. რეიტინგით ამინაშვილი მეექვსეა და ამდენივე საფეხურით ასწრებს მეტოქეს, თუმცა გაცხრილვის შემდეგ ორივე საგრძნობლად დაწინაურდება. ქართველებზე უკვე მოგახსენეთ, ახლა მათ მეტოქეებზეც ვთქვათ. მთავარი და ყველაზე საშიში ორი რუსია, უკვე ნახსენები ევროპის ჩემპიონი კუდიამაგომედოვი და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი. კარგია, რომ ერთი მათგანი რიოში ვერ მოხვდება, თუმცა არანაკლებ ძლიერები არიან აზერბაიჯანელი ალექსანდრ გოსტევი და თურქი სელიმ იასარი. ორივე ჩვენიანს მედლებისთვის ბრძოლა შეუძლია, ცოტა იღბალიც თუ წაეხმარათ იქნებ ხარისხიან ჯილდოსაც შეწვდენ.
97კგ. ელიზბარ ოდიკაძე რეიტინგის გაცხრილვის შემდეგ მესამე იქნება, ეს რა თქმა უნდა კარგია და წონის ლიდერებთან საწყის ეტაპზე შეხვედრა გამორიცხულია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ წონაში ისეთი სახელიანი ფალავნები მოხვდნენ ცხრილის ბოლოში, ყველასთვის საშიშნი რომ იქნებიან. მხოლოდ სახელები რად ღირს:მსოფლიოს პრიზიორი უკრაინელი პავლო ოლინიკი, მსოფლიოს არაერთგზის მედალოსანი ირანელი რეზა იაზდანი, სომხეთის სახელით მოასპარეზე, მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი გიორგი კეტოევი(ადრე ქეთიშვილის გვარით საქართველოს ღირსებაც დაუცავს), ევროპის ვერცხლის პრიზიორი ბელორუსი ივან იანკოვსკი და სხვები. მოკლედ, ამ წონაში დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი, უნდა ისიც დავამატო, რომ არც ჩვენი მოჭიდავეა ჯაბანი და მისგან ნებისმიერი ხარისხის მედალია მოსალოდნელი.
125კგ. გენო პეტრიაშვილი. ევროპის წლევანდელი ჩემპიონი რეიტინგის პირველი ნომერია და ოლიმპიური ოქროს უმთავრესი კანდიდატია. მისი მთავარი მეტოქე თურქი ტაჰა აკგულია, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი. წელს ისე მოხდა, რომ გენო ორჯერ შეხვდა თურქს და ორივეჯერ აჯობა, იმედია რიოს ფინალშიც ასე იქნება. რუსთაგან რეიტინგში ყველაზე წინ უბერებელი ბილიალ მახოვია, თუმცა ეს ის მახოვი აღარაა თოჯინებივით რომ ისროდა აქეთ-იქით მოწინააღმდეგეებს, თან, ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ მახოვი პირველი ნომერია ბერძნულ- რომაულის რეიტინგშიც და სავარაუდოდ იქ აპირებს გამოსვლას. აქვე, უმძიმეს წონაში, მეთერთმეტეა სომხეთის სახელით მოასპარეზე ლევან ბერიანიძე.
აი, ასეთი გახლავთ ძალთა ბალანსი დღევანდელი მონაცემებით და სპეციალისტთა გათვლებით. რა თქმა უნდა, ვერავინ დაიწყებს მტკიცებას, გინდა თუ არა ასე და ამ გათვლებით მოხდება ყველაფერი ბრაზილიაშიო, თუმცა, მიახლოებითი ვარიანტების ცოდნაც საჭიროა და სწორედ ეს ფუნქცია ჰქონდა ამ წერილს. დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი მოჭიდავეები სახელოვან წინამორბედ ფალავნებს არ ჩამორჩებიან, უმაღლესი სინჯის მედლებსაც მოიხვეჭენ და საქართველოს ჰიმნსაც არაერთგზის ააჟღერებენ შორეულ ბრაზილიაში.
თენგიზ ჩოჩუა