დღეს ჩვენი აივანი საუცხოოდ, მეფურად მორთულ-მოკაზმული უნდა დაგახვედროთ…
ამისათვის, ვერცხლისფერი ფოლგით მოვრთე მოაჯირები და რიკულები… კიბეებზე კი მიმოვაბნიე ახალი წლის სათამაშოების პარკების კუთხეებიდან საგულდაგულოდ ამოციცქნილი ოქროს მტვერი… ერთადერთ სავარძელს ძველი გობელენი გადავაფარე და ზედ, ყოველი შემთხვევისთვის, მამა-პაპური, ქართული და კარგად ჩასუქებული მუთაქა განვათავსე… რადგანაც ჩვენი დღევანდელი სტუმარი — არც მეტი და არც ნაკლები… ინგლისის მონარქია…
ერთი წუთითაც არ იფიქროთ, რომ მე მეფეები მიყვარს ან განსაკუთრებით პატივს ვცემ, უფრო სწორედ ფორმალური მეფეები, წარმოშობით… იმდენი მაქვს მათზე ცუდი წაკითხული, რომ ვერც მოგიყვებით, მცხვენია… მაგრამ ძალიან მიყვარს როდესაც კაცი რაღაცაშია მეფე… მაგალითად პოეზიაში, მუსიკაში, მეცნიერებაში, საუბარში, ომში, ერთგულებაში, სიყვარულში…
და როდესაც ეს ორივე ერთმანეთს ემთხვევა… აი, მაშინაა დაღუპული ჩემი საქმე…
ახლა არ მკითხოთ, ერთი სადა გყავს ნანახი მეფეებიო, თანაც წარმოშობითაც და საქმითაც…
გიპასუხებთ — ზუსტადაც რომ ერთი ასეთი მეფე ნამდვილად ნანახი მყავს — შესანიშნავი და განუმეორებელი პეტრე გრუზინსკი ბაგრატიონი და ლექსიც კი მაქვს მისთვის მიძღვნილი…
„რა კარგია, თვალები რომ ლურჯი ცაა…
რა კარგია, როცა გული ასე ღრმაა,
სიკეთის და ლექსის მეფე როცა გქვია…
და ყველაფრით მეფე რომ ხარ, რა კარგია“!
დღეს კი სტუმრად ველოდებით, XVI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ პიროვნებას… ინგლისის მეფე ჰენრი VIII ტიუდორს… რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1491 წლის 28 ივნისს…
იმ დროისათვის ჩვეულებრივი საქმე იყო, რომ მეფე, როდესაც მისი მეუღლე შვილს ელოდებოდა, ახალ ფავორიტს გაიჩენდა ხოლმე, ლამაზ ქალბატონს, რომლის შესახებ დედოფალმა იცოდა და მაინც და მაინც არც განიცდიდა, „იქაური წესი“ გახლდათ და იმიტომ… მაგრამ ჰენრის მეუღლე ეკატერინა არაგონელი, როგორც ჩანს, ჭკვიანი ქალი იყო და თავიდანვე მიაქცია ყურადღება იმას, რომ მეფე ჩვეულებრივზე მეტად მოიხიბლა მისი ერთ-ერთი ფროილინათი, ცისფერთვალება და დახვეწილი ქალბატონი ანა ბოლეინით… და მართალიც აღმოჩნდა… მეფეს ანა პატარა ბიჭივით შეუყვარდა… ის მას ყოველდღე უგზავნიდა საჩუქრებს და წერდა წერილებს, რომლებსაც სასაცილო ფრაზით ასრულებდა: „ჰ-ს უყვარს ა.ბ“, გვერდით კი გულს ხატავდა… ანა ბოლეინი გარეგნობის გარდა, გამოირჩეოდა განათლებით, გამჭრიახობითა და განსაკუთრებული პრაგმატულობითაც… მან ჰენრის პირობა დაუყენა, რომ აუცილებლად მისი ცოლი უნდა გამხდარიყო და არაფრით არ დათანხმდა საყვარლობაზე…
კაცები კიდევ, ხომ იცით, გინდ შუა საუკუნეებში, გინდ ახლა, გინდ მომავალში… არ იცვლებიან და ასეთ „ეშმაკობებზე“ ანკესივით წამოეგებებიან ხოლმე…
ჰენრისაც იგივე მოუვიდა… როდესაც მან ანას ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, მის სურვილს წინ აღუდგა რომის კათოლიკური ეკლესია და პირადად პაპი, რომელმაც არ მისცა ეკატერინასთან გაყრის უფლება და… მეფე ეკლესიას „გაეყარა“… შემდეგ სათავეში ჩაუდგა ახალ, აგლიკანურ ეკლესიას, 1533 წელს კი ანა ბოლეინი ცოლადაც მოიყვანა… აი, რა შეუძლიათ მეფეებს, როდესაც უყვართ…
ახლა მაინცდამაინც ნუ გავამახვილებთ ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ 3 წელიწადში მეფის ბრძანებით, ღალატში ბრალდებულ ანას თავი მოკვეთეს… მითუმეტეს, რომ სიკვდილის წინ მან მეფეს სასიყვარულო წერილი დაუტოვა… ალბათ, შეეშალა რაღაცა და ბოდიშს იხდიდა… ვინ იცის…

დღეს არ შემიძლია არ გავიხსენო დიდი ბრიტანეთის კიდევ ერთი მეფე, ედუარდ VIII, დღევანდელი დედოფლის, ელისაბედის ბიძა, რომელმაც 1930 წელს გაიცნო ამერიკელი, ორჯერ განათხოვარი, (თუმცა, გაცნობის დღეს ჯერ კიდევ გათხოვილი), 38 წლის უილის სიმპსონი და ისე შეუყვარდა, რომ უარი განაცხადა სამეფო ტახტზე, რომელიც მის ძმას, ელისაბედ დედოფლის მამას — გეორგს გადაეცა. ედუარდმა კი 1937 წელს უილისზე იქორწინა.
დიდი ბრიტანეთის სამეფო კარის წესებით, ედუარდი უნდა დაეკრძალათ სამეფო გვარისთვის განკუთვნილ უინძორის სასაფლაოზე, მაგრამ, იმის გამო, რომ მის მეუღლეს იქ ადგილი არ ეკუთვნოდა, მან უარი განაცხადა გარდაცვალების შემდეგაც მასთან დაშორებაზე და ორივესთვის ცალკე განსასვენებელი ადგილი იყიდა… თუმცა, აქ უკვე ელისაბედ დედოფალმა გამოიჩინა მისთვის ჩვეული კეთილშობილება და სიკვდილის პირას მყოფ ბიძას მისცა დედოფლის სიტყვა, რომ მის მეუღლეს მის გვერდზე დაასაფლავებდა… და, რაღა თქმა უნდა, ეს სიტყვა არ დაურღვევია…
ახლა დავუკვირდი — ორივე მეფე,. რომლებზეც საუბარი გვქონდა, არიან ინგლისის მეფეები, ნუმერაციაც კი იგივე აქვთ მე-8… იქნებ სწორედ ინგლისელ მეფეებს ახასიათებთ სიყვარულისთვის ასეთი თავგანწირვა…
რაღა თქმა უნდა, არა… აქ ეროვნება არაფერ შუაშია…
არც თუ ისე დიდი ხნის წინ… გასული საუკუნის მიწურულს, ნიდერლანდების პრინცმა, სამეფო ტახტის მემკვიდრე იოჰან ფრისომ შეიყვარა მეიბლ ვისე სმიტი, რამაც საშინელი სკანდალი გამოიწვია ნორვეგიის არისტოკრატიაში, რადგანაც ის ჰოლანდიური მაფიის ბოსის — კლაას ბრეინსმის ყოფილი საყვარელი იყო და ამას არც მალავდა… საქმეში ჩაერია ქვეყნის პარლამენტი, რომელმაც ვეტო დაადო იოჰანისა და მეიბლის ქორწინებას…მაგრამ იოჰანისმა უარი განაცხადა ნიდერლანდების მეფობაზე და მეიბლი ცოლად ითხოვა…
აი, ალა პუგაჩოვას მეფე ლუი მეორემ კი ვერაფრით ვერ მოიყვანა ცოლად ბატების მწყემსი მანდილოსანი…
რა გაეწყობა, სავარაუდოდ მეფეებშიც, ისევე როგორც ყველა მამკაცებში, არსებობენ ჰენრებიც და ლუიებიც…
ერთი კი ცხადია, კაცი ყოველთვის მეფე ხდება მაშინ, როდესაც თავის დედოფალს მონახავს და… რაღა თქმა უნდა… პირიქით…
გისურვებთ წარმატებულ და ლამაზ დღეს!