ზუსტად 5 წუთი სჭირდება საიმისოდ, რომ ნახატი შექმნას და უკვე 300-მდე ნამუშევრის ავტორია. ბრაზდება, როცა არ უჯერებენ, მართლა უფროსების დახმარების გარეშე რომ ხატავს, ამიტომ მშობლები იძულებული გახდნენ, ხატვის პროცესი ვიდეოზე დააფიქსირონ. საუბარია 142-ე სკოლის მესამე კლასელ ელენე ელყანიშვილზე. ნიჭიერ გოგონაზე ამბის გასაგებად ელენეს დედას, მაია ბედუკაძეს დავუკავშირდით.
-მაია, მართლა არავის უსწავლია მისთვის ხატვა?
— ხატვა ძალიან უყვარს და მართლა თვითნასწავლია. მასწავლებელთან არასდროს უვლია. 3 წლიდან ხატავს და მახსენდება, რომ სულ ფანქარი ეჭირა ხელში. ხატავდა: ცხოველებს, ადამიანებს, ბუნებას. ამოჩემება იცოდა, ამოიჩემებდა ერთ რაიმეს და სულ იმას ხატავდა… საღებავებით ხატვა 6 წლიდან დაიწყო. რამდენიმე საბავშვო კონკურსზე მიიღო მონაწილეობა და პრიზიც მიიღო. დღეს ზეთით და გუაშით ხატავს. ყველას უკვირს, რომ ადამიანებსა თუ ცხოველებს სულ დინამიკაში, მოძრაობაში გამოსახავს ხოლმე.
- სკეპტიკოსებს ალბათ არ სჯერათ, რომ ელენე სინამდვილეში სხვისი დახმარების გარეშე ხატავს?…
— დიახ, ხშირად ეჭვით უყურებენ, არ სჯერათ, რომ ეს ნახატები 7 წლის ბავშვისაა, ამიტომ ვიდეოს ვუღებთ ხოლმე, სადაც აშკარად ჩანს, რომ თვითონ ხატავს. მასაც სწყინს, რომ არ უჯერებენ. როგორც დედა შესაძლოა სუბიექტური ვიყო, მაგრამ ვისაც ხელოვნება ესმის, ისინიც ამბობენ, რომ ელენეს ნახატები მხოლოდ ოთახის კედლებს არ უნდა ამშვენებდესო.
-პროფესიონალებს თუ აჩვენეთ ელენეს ნახატები?
— ბატონ ზაალ სულაკაურს ვაჩვენეთ და ასე გვითხრა: ამას რაღა უნდა ვასწავლოთო?.. ისე, გვინდა სადმე მიყვანა.
- ვინმე ხატავს თქვენს ოჯახში, ანუ ეს ნიჭი გენეტიკურია?
— იცით, ჩვენც არ ვიცით, ეს ნიჭი საიდან აქვს.. ოჯახში და ნათესავებშიც არავინ ხატავს, მხატვარი არც ადრე გვყოლია. გაგიკვირდებათ, მაგრამ ზუსტად 5 წუთი სჭირდება საიმისოდ, რომ რამე დახატოს და უკვე 300 —მდე ნახატი აქვს. სერიოზულ კონკურსებზე ჯერ არ გავსულვართ. შარშან „ნიკორამ“ კონკურსი გამოაცხადა და მისმა ნახატმა იქ მეორე ადგილი აიღო.
- როგორი ბავშვია ელენე?
— ძალიან აქტიური ბავშვია, მოძრავია და ერთ ადგილზე ჯდომა არ უყვარს, ამიტომაცაა, რომ ნახატებს ასეთი სისწრაფით ხატავს. სხვათაშორის მუსიკის ფონზე ხატვა უყვარს, ჩართავს კლასიკურ მუსიკას ან სიმღერებს და იწყებს.. სიმღერებს თან ყვება კიდეც და ისე ხატავს. ძალიან უყვარს თავისი მოძღვარი, მამა ვახტანგი და ერთხელ დახატა კიდეც. მომავალში რა იქნება არ ვიცით, მაგრამ თუკი ამ ეტაპზე რომელიმე პროფესიონალი დაინტერესდება ელენეს ნამუშევრებით, მოხარული ვიქნებით…