თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიას ივლისის დასაწყისში წარადგენს, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ქართულმა მედიასაშუალებებმა ორშაბათს, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით, მმართველი პარტიის მაჟორიტარების სიის წინასწარი ვერსია გამოაქვეყნეს. ამ სიაში, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილის გარდა, ასევე მოხვდნენ ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, პოეტი დავით მაღრაძე, კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრი დავით ლომინაძე, შს მინისტრის მოადგილე დავით თალაკვაძე და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი.
„სამუშაო პროცესი მაჟორიტარულ და პარტიულ სიებთან დაკავშირებით თითქმის დასრულებულია. რაც შეეხება გვარებს, რომლებიც გავრცელდა, არ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სია სწორედ ასეთია. იქ არის გარკვეული თანხვედრა, მაგრამ თვითონ სია სინამდვილეს არ შეესაბამება. მაჟორიტარული სიის პრეზენტაცია უახლოეს დღეებშია დაგეგმილი, ალბათ, ივლისის პირველ რიცხვებში“, — განაცხადა კობახიძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. ამ დროისთვის ცესკოში რეგისტრაცია 13-მა პარტიამ გაიარა. სულ არჩევნებში მონაწილეობისთვის 47 განაცხადია შესული.