ჭიდაობას რა უნდა, ფეხის გამოკვრა უნდა...

© photo: Sputnik / Aleksey Filippov / გადასვლა მედიაბანკშიბერძნულ-რომული ჭიდაობა
ბერძნულ-რომული ჭიდაობა - Sputnik საქართველო
გამოწერა

ჭიდაობას რომ ფეხის გამოკვრაზე ბევრად მეტი სჭირდება, ყველამ იცის, მაღალ დონეზე გამოსვლა კი ცხრა პირი ოფლის დენისა და უმძიმესი შრომის გარეშე წარმოუდგენელია. მოგეხსენებათ, ყოველწლიურად იმართება კონტინენტისა და მსოფლიოს ჩემპიონატები, სადაც  სპორტსმენთა ნაღვაწის შეჯერება-შეფასება ხდება, თუმცა გვირგვინი მაინც ოლიმპიური თამაშებია. აქ, ოთხ წელიწადში ერთხელ ირკვევა ვინ-ვინ არის, ხოლო ჩემპიონებს დაფნის გვიგვინთან ერთად სამუდამო პატივი და დიდება გარანტირებული აქვთ. ამიტომაც, ოლიმპიური თამაშებისთვის, უკლებლივ ყველა, განსაკუთრებულად ემზადება და არც იქ მოხვედრაა იოლი საქმე. ქართველმა მოჭიდავეებმა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური საგზურები 12 დან 11 წონით კატეგორიაში მოიპოვეს და ბრაზილიაში ყველაზე მეტი სპორტსმენით იქნებიან წარმოდგენილი(მხოლოდ ვაჟთა ნაკრებებს ვგულისხმობ). უცნაური ის გახლავთ, რომ წარმომადგენელი არ გვეყოლება ბერძნულ-რომაული სახეობის 59კგ. წონაში, არადა ვერავინ იფიქრებდა, რომ ევროპის 2011 წლის ჩემპიონსა და ლონდონის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ რევაზ ლაშხს რიოში მოვისაკლისებით. ასეა თუ ისე, თერთმეტი ქართველი მოჭიდავე ბრაზილიაში ეცდება ქართული სპორტის ისტორიაში მორიგი ლამაზი ფურცელი ჩაწეროს, ამის შანსები არის და არც თუ ცოტა. მივყვეთ თანმიმდევრობით. დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების შესახებ გიამბობთ.

© საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაქართველ მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები
ქართველ მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები - Sputnik საქართველო
ქართველ მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრები

ბერძნულ-რომაული — როგორც აღვნიშნე ექვსიდან ხუთ წონაში ვიასპარეზებთ. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბეგი დარჩიამ არჩევანი შემდეგ სპორტსმენებზე შეაჩერა:

 66კგ.- შმაგი ბოლქვაძე რეიტინგში მეშვიდეა, თუმცა მის წინ ორი რუსია, ევროპის ჩემპიონი ისლამბეკ ალბიევი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი არტიომ სურკოვი,  რომელთაგან ერთი შინ დარჩება და ოლიმპიურ განთესვაში ქართველს მეექვსე პოზიციაზე ვიხილავთ. აქ, ფავორიტებად იმ ერთ რუსთან ერთად გერმანელი ფრანკ შტიბლერი და კორეელი რუ ჰან სუ ითვლებიან. რომელიმე სინჯის მედლის მოპოვება ჩვენი სპორტსმენისთვის წარმატება იქნება.

75კგ.-ზურაბ დათუნაშვილი რეიტინგით მეექვსეა, მისგან არც ჩემპიონობა იქნება გასაკვირი, თუმცა რუსი ვლასოვის, ამერიკელი ენდრიუ ბისეკის და დანიელი მარკ მადსენის სახით ძალიან სერიოზული მეტოქეები ეყოლება.

85კგ.-რობერტ ქობლიაშვილი, ჯერ მეშვიდეა, მაგრამ მის წინ მყოფი ორი რუსიდან ერთის ჩამოცილების მერე ერთი საფეხურით დაწინაურდება. ის ერთი შინ დარჩენილი რუსი კი, სინამდვილეში ქართველი დავით ჩაკვეტაძეა, რომელიც რეიტინგში მეორეა და კი უსწრებს მეტოქეს, მაგრამ ტიტულებით დახუნძლულ ალექსეი მიშინზე წინ არ მგონია დააყენონ. ქართველ ათლეტს, იღბლიანი კენჭისყრის პირობებში, ამ წონაშიც შესწევს ძალა მედლისთვის იბრძოლოს.

98კგ.- რევაზ ნადარეიშვილი რეიტინგში ძალიან უკანაა —20 და წილისყრისას, სავარაუდოდ, თავიდანვე ძლიერი მეტოქეები შეხვდება. საპრიზო ადგილისთვის ბრძოლა გაუჭირდება, მაგრამ დიდ გამოცდილებას კი შეიძენს.

130კგ.-იაკობ ქაჯაია-ოლიმპიურ რეიტინგში შესაძლოა ათეულში მოხვდეს, მაგრამ უძლიერესებთან კონკურენცია მისთვის რთული იქნება, ის ჯერ ახალგაზრდაა და რუს ბილიალ მახოვთან, კუბელ ლოპეს ნუნიესთან  და თურქ რიზა კაიალპთან ტოლს-წორად პაექრობისთვის ჯერ მზად არ არის.

ეს პროგნოზები ამ ეტაპზე სჩანს ასე, ოლიმპიური თამაშები ისეთი ფორუმია, სადაც სიურპრიზები ყველაზე ხშირად ხდება. ამის მაგალითად ლონდონის ოლიმპიადაზე ჩვენი ძიუდოისტის ლაშა შავდათუაშვილის გამარჯვების გახსენებაც კმარა;  თუ ჩვენი ბერძენ-რომაელები ამ გათვლებს თავდაყირა დააყენებენ, ბოლოდროინდელ წარუმატებლობებს გვერდზე გადადებენ და ოქრო-ვერცხლით მკერდდამშვენებულები დაბრუნდებიან, ნამდვილად არ მეწყინება.

თენგიზ ჩოჩუა


ყველა ახალი ამბავი
0