თუთა, თუთის ხე (Morus) 15–20 მეტრი სიმაღლის ხეა ტკბილი ნაყოფით. გვხვდება 24–მდე სახეობის, რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სამხრეთ ევროპაში, ჩრდილოეთ ამირიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში, ნაწილობრივ აფრიკაში.
საქართველოში იზრდება თუთის 2 სახეობა – თეთრი თუთა (Morus alba) და ხართუთა (Morus nigra). ბუნებრივ პირობებში ცოცხლობს 200-300, იშვიათად 500 წელი. საქართველოს კუთხეებში თუთას სხვადასხვა სახელი ჰქვია: ბჟოლა, ბჟოლი, ჟალღა, ჟოლი, მამალ გაჰრაჲ, მრეში, ფურცელი, ფურცლითუთა, ჯალღა, ჯორაბჟოლა.
თუთა, თეთრიც და შავიც, სამკურნალოა. ხალხურ მედიცინაში სამკურნალოდ გამოიყენება თუთის ნაყოფი, ფოთლები, ფესვები, ქერქი.
თუთის ნაყოფი შეიცავს 23% შაქარს, 24% ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის), 4% რკინას, მთრიმლავ ნივთიერებებს; ფოთლები შეიცავს ჯაუნმჟავას, ვაშლმჟავას, ლიმონმჟავას, კაროტინს, ეთერზეთს, ვიტამინებს – B1, B2, B3, PP1, სტერინს.
თუთის ნაყოფი კარგია გულსისხლძარღვთა დაავადების დროს. ცნობილია, რომ უკრაინაში გულის მანკითა და მიოკარდიით დაავადებულები ერთი თვის განმავლობაში დღეში 4-ჯერ 300-400 გ მწიფე თუთას ჭამდნენ და სამი კვირის შემდეგ გულის ტკივილს აღარ გრძნობდნენ, მოუწესრიგდათ გულის რიტმიც. ნაყოფი კარგი სტიმულატორია სისხლის წარმოსაქმნელად. იყენებენ პირის ღრუსა და ლორწოვანი გარსის ანთებისა და ყელის ტკივილის დროს. თუთა სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ახალი, ისე გამხმარი სახით. ამზადებენ ასევე მის მურაბას.
ჰიპერტონიისა და გულსისხლძარღვების სხვადასხვა დაავადების დროს რეკომენდებულია თუთის ფესვების ნახარში. ფესვების ნახარში ასევე გამოიყენება ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმის დროს, ის აჩქარებს ჭრილობის შეხორცებას.
თუთის ფოთლის ჩაი გამოიყენება ავიტამინოზის, სისხლის უკმარისობის, შაქრიანი დიაბეტის დროს. ახალი ფოთლებს ნახარში კარგია მეძუძური დედებისთვის.
თუთის ფოთლებს ქართულ ხალხურ მედიცინაში ოდითგან იყენებდნენ, როგორც ოფლმდენ, შარდმდენ, კუჭში შემკვრელ და ჭრილობების შემახორცებელ საშუალებას.