თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ქართველმა რაგბისტებმა ფიჯის გუნდს სატესტო მატჩში ანგარიშით 13:4 სძლიეს და ამით წყნარი ოკეანის ტურნე დაუმარცხებლად დაასრულეს.
შეხვედრის პირველ ნახევარში მინდორზე შეუპოვარი ბრძოლა გაიმართა, თუმცა შეტევებს წარმატება არ მოჰყოლია. ორივე გუნდი მხოლოდ საჯარიმო დარტყმებით შემოიფარგლა და შესასვენებლად 3:3 ანგარიშით გავიდა.
მეორე ტაიმის 41-ე წუთზე ლაშა ხმალაძემ წარმატებით დაასრულა შეტევა და ქართველი რაგბისტები ანგარიშით 8:3 დაწინაურდნენ.
მასპინძელთა გუნდი თავგამოდებით ცდილობდა მდგომარეობის გამოსწორებას, მაგრამ ვერ მოახერხა. ქართველმა სპორტსმენებმა კი ორი ზუსტად რეალიზებული საჯარიმოთი კიდევ უფრო გაზარდეს სხვაობა ანგარიშში და თამაში საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა — ანგარიშით 14:3.
ეს გუნდებს შორის მეორე შეხვედრა იყო. პირველი შეხვედრა, რომელიც ასევე ამხანაგური გახლდათ, თბილისში 2012 წელს გაიმართა და ფიჯელებმა ანგარიშით 24:19 გაიმარჯვეს.
წყნარი ოკეანის კუნძულებზე ტურნეს ფარგლებში ქართველმა რაგბისტებმა სამი სატესტო მატჩი ჩაატარეს. აქედან, ერთხელ ფრედ დაამთავრეს შეხვედრა სამოას ნაკრებთან (19:19), ხოლო ორჯერ გაიმარჯვეს — ტონგასთან 20:23 და ფიჯისთან 3:14.
ქართველი რაგბისტები სამშობლოში 27 ივნისს დაბრუნდებიან.