თბილისი. 24 ივნისი — Sputnik. კუნძულ კრეტაზე მიმდინარე კრებაში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მონაწილეობაზე უარის თქმა წმინდა დოგმატური საკითხებით არის განპირობებული და პოლიტიკურ ან სხვა მიზნებს არ ემსახურება, ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წერილში, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ბართლომეოსის მიმართ.
ილია მეორემ ამცნო მსოფლიო პატრიარქს იმის შესახებ, რომ 17 ივნისით დათარიღებული წერილი კრებაშზე დასწრების თხოვნით ქართულ ეკლესიას არ მიუღია. ამ დროს საქართველოს პატრიარქი აღნიშნავს, რომ ქართული ეკლესია თვალს ადევნებს სხდომების მიმდინარეობას და იმედოვნებს, რომ „ღვთის მადლით, საბოლოო შედეგები მისაღები იქნება ეკლესიის სისავსისათვის.“
„არასწორია კრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციის არ დასწრების პოლიტიკურ, ან ნებისმიერ სხვა, ჭრილში გადატანა“, — ნათქვამია წერილში.
პატრიარქმა ილია მეორემ ასევე შეახსენა, რომ კრებაზე ექვსი მისაღები დოკუმენტიდან ქართულ ეკლესიას სამის მიღება არ შეუძლია — „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“, „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“ და „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები“. ზოგიერთი დებულება, აღნიშნულია წერილში, საჭიროებს სერიოზულ გადამუშავებას, რადგან შეიცავს სერიოზულ ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს.
„კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს იმისას, რომ არ დაუშვებთ ეკლესიის წიაღში პრობლემების შექმნას და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მართლმადიდებელთა ერთობას ჩრდილს მიაყენებს“,-ნათქვამია წერილში.
კრეტას კრებაში, რომელიც ოფიციალურად ორშაბათს გაიხსნა და 26 ივნისამდე გაგრძელდება, 14-დან ოთხი მართლმადიდებლური ეკლესია არ მონაწილეობს, რომელთა ტერიტორიაზე მართლმადიდებელი ქრისტიანების ორი მესამედი ცხოვრობს. მანამდე რიგი საკითხების შეუთანხმებლობის გამო,სერბეთის და ზოგიერთი სხვა ეკლესია შეხვედრის გადადების წინადადებით გამოვიდა, თუმცა მისი ჩატარების ვადები არ შეცვლილა.