ქალი, რომელმაც მუსიკალური საკრავი გამოიგონა და სახელმწიფო საარქივო ფონდში შეიყვანეს

© Courtesy by Fati Surmanidzeფატი სურმანიძე
ფატი სურმანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროფესიით მსახიობი ფატი თურმანიძე, საკუთარი გენეტიკური ნიჭისა და კრეატიული ბუნების წყალობით, საქართველოში ჯერჯერობით ერთადერთი ქალია, ვინც უძველეს ქართულ დასარტყამ საკრავს დიპლიპიტოს პროფესიონალურ დონეზე ამზადებს.

 სხვათა შორის, სპეციალისტების აზრით, ეს საქმე მას მამაკაც ოსტატებზე უკეთესად გამოსდის. გარდა ამისა, ამზადებს დაირასაც, რომელსაც გამორჩეული ბგერა აქვს. იგი ამასაც არ დასჯერდა, ერთ მშვენიერ დღეს ადგა და სულაც ახალი, საავტორო მუსიკალური ინსტრუმენტი — დარპლიპიტო შექმნა, რომელიც დიპლიპიტოსა და დაირის სინთეზს წარმოადგენს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამ მშვენიერ ქალბატონს სახლის დიზაინი, მცენარეების მოვლა და კიდევ ბევრი რამ ერთნაირად კარგად ეხერხება…

– ქალბატონო ფატი, როგორ მოხდა, რომ პროფესიით მსახიობმა ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადება დაიწყეთ, რაც აქამდე ფაქტობრივად მხოლოდ მამაკაცი ოსტატების საქმე იყო?

— რა გითხრათ, პროფესიონალური დიპლიპიტოების დამზადება რამდენიმე წლის წინ მეუღლის თხოვნით დავიწყე. ვთვლი, რომ ეს ნიჭი გენეტიკურია, რადგან დედის მხრიდან ბიძა, გენერალი გრიშა თავაძე შემოქმედი ადამიანი იყო და არაჩვეულებრივ ტილოებს ქმნიდა. ჩემი და — ლანა თურმანიძე საქართველოს დამსახურებული მხატვარია. ბაბუა, რამიზ თურმანიძე ლოტბარი იყო. მამა მასთან გუნდში მღეროდა. იგი ხალხურ სიმღერებს კარგად ასრულებს და საკუთარი ხელით თუთის ხისგან ფანდურიც კი გამოთალა. თანაც ეს საქმე მისთვის არავის უსწავლებია. ასე რომ, ჩემ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და ჩემშიც მათმა გენებმა გაიღვიძა. ჩემს მეუღლეს ხმის ჩამწერი სტუდია აქვს, ერთხელ სიმღერის ჩაწერის დროს დიპლიპიტო დასჭირდა და ვითხოვეთ. მანამდე ის ნანახიც არ მქონდა. რამდენიმე დღე სახლში მედო, ვაკვირდებოდი და უცებ იდეა გამიჩნდა, რომ დიპლიპიტო მე თვითონ დამემზადებინა. ვიყიდე ორი ქოთანი, ვიშოვე ტყავი და დიპლიპიტო გავაკეთე. შემდეგ კულტურის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა და მასში მონაწილეობა მივიღე. ჩემმა მეუღლემ ჩემი სახელით შეიტანა განაცხადი და აღმოჩნდა, რომ გავიმარჯვეთ. ამის გამო სახელმწიფო საარქივო ფონდში შემიყვანეს. სხვათა შორის, კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში სამგზის გამარჯვებული ვარ. ასევე შეყვანილი ვარ კულტურის სამინისტროს კატალოგშიც.

© photo: courtesy of Fati Turmanidzeფატი თურმანიძე
ფატი თურმანიძე - Sputnik საქართველო
ფატი თურმანიძე

– საოცარია, მაგრამ ფაქტია, დიპლიპიტოს, თურმე, სრულყოფილი სახით, ანუ თქვენ მსგავსად მამაკაცები ვერ ამზადებენ…

— ჩემდა გასაკვირად, მართლაც ასეა. როგორც მითხრეს, მამაკაცები ცდილობენ, რომ დიპლიპიტო სრულყოფილად დაამზადონ, მაგრამ არ გამოსდით. მახსენდება, როცა ფოლკლორის პროგრამაში გამოცხადებულ ტენდერში გავიმარჯვე და კულტურის სამინისტროში დამიბარეს. სახალისო სცენა იყო: ხელშეკრულების გასაფორმებლად რომ მივედი, ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, ეჭვით და ირონიით შემომხედეს, ალბათ გაიფიქრეს, ეს რა ინსტრუმენტს დაამზადებდაო?! მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება…

– პროფესიონალი მსახიობი ხართ და 2000 წელს ძალიან პოპულარულ ქართულ სერიალშიც იღებდით მონაწილეობას…

— ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მეტეხის თეატრის მსახიობი ვიყავი. ფილიპ მარსოს „კვერცხში“ ჟიუსტინის როლი ვითამაშე. ასევე იყო სანდრო მრევლიშვილის საავტორო სპექტაკლი „მარტორქები ორკესტრში“, სადაც არფაზე დამკვრელი ქალის როლი მქონდა. ამ სპექტაკლისთვის მუსიკა ჩემმა მეუღლემ, კომპოზიტორმა მერაბ მამულაშვილმა დაწერა და ამ ნაწარმოებისთვის მან თეატრალურ ფესტივალზე „ოქროს ნიღაბი“ გრან-პრი აიღო. სხვათა შორის, ის მუსიკა მერაბმა მე მომიძღვნა… შემდეგ იყო საკმაოდ პოპულარული სერიალი „წვრილვარსკვლავთა ღამე“, სადაც ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები მონაწილეობდნენ. ამ სერიალში რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ დამიძახა. შემდეგ ნინა წერეთლის როლი ვითამაშე. ნინა იყო ქალბატონი, რომელსაც ვაჟა–ფშაველა, როგორც იცით, პლატონურად ეტრფოდა. „ყვარყვარეში“ ლარისკას როლი ვითამაშე, ჩეხოვის „იუბილეშიც“ მერჩუტკინას როლი მქონდა. 

 

– ქალბატონო ფატი, სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ უჩვეულოდ, ფაქტობრივად, თქვენი ქალიშვილის რეკომენდაციით მოხვდით…

— მართლა ასე გამოდის… „ჩემი ცოლის დაქალებში“ კასტინგში მონაწილეობის მისაღებად ჩემი ქალიშვილი ანუკა წავიდა. როცა მან სერიალის კასტინგის მენეჯერთან ეკა მჟავანაძესთან გაიარა კასტინგი, მერე თურმე ეკასთან შებრუნდა და უთხრა, დედაჩემი მსახიობია, ახლა ქვემოთ მიცდის და ხომ არ გინდათ, რომ ისიც ნახოთო? ეკას ისე მოეწონა ანუკა, რომ დათანხმდა. არა და, სიცხიანი ვიყავი და შესაბამისი განწყობაც არ მქონდა. მოკლედ, ანუკას გამო რიგგარეშედ მივიღე კასტინგში მონაწილეობა. ფოტოებიც გადამიღეს და მონაცემთა ბაზაში შემიყვანეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ესმას როლზე დამამტკიცეს.

– თქვენი ოჯახური ტრიოს დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა… 

— მერაბის დისკის პრეზენტაცია ოპერის თეატრში იყო და მთხოვა, დავხმარებოდი და მენეჯერის ფუნქციები შემეთავსებინა. ამ პერიოდში უკვე ჩაწერილი გვქონდა ლაზური სიმღერა „დომთუფს, დომთუფს“, ქართულად „ბარდნის, ბარდნის“, ის კონცერტში არ მოიაზრებოდა, თუმცა ორგანიზატორების დაჟინებული მოთხოვნით პროგრამაში ჩასვეს. მიუხედავად სპონტანურობისა, ჩვენი ნომერიცა და კონცერტიც წარმატებული აღმოჩნდა, განსაკუთრებით ჩემი გოგონასთვის, ანისთვის, რომელიც პირველად წარდგა ფართო აუდიტორიის წინაშე. ეს საღამო ფიქრის გორაზე, ჩოხოსან ზაურ ტყეშელაშვილის სახლში გაგრძელდა. მასთან მოწვეულ სტუმრებს შორის ლაზებიც იყვნენ, რომლებმაც მითხრეს, იცით, რომ თქვენ სუფთა ლაზურით მღერითო? ამის გაგონება, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.

– კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა თქვენ ცხოვრებაში – ახალი მუსიკალური ინსტრუმენტი შექმენით…

— დიპლიპიტოს შემდეგ დაირის დამზადება მომინდა. საბოლოოდ შევაერთე ეს ორი საკრავი და ახალი საკრავი შევქმენი. მის სახელზე ბევრი ვიფიქრეთ. ჩემმა გოგონამ, ანუკამ, რომელიც მაშინ 7 წლის იყო, გვითხრა, რას ფიქრობთ ამდენს, დაირას და დიპლიპიტოს  ნაზავი დარპლიპიტო იქნებაო. ძალიან მოგვეწონა და ასეც დავარქვით. დარპლიპიტო ერთდროულად ორი ინსტრუმენტის ხმას გამოსცემს.

© photo: courtesy of Fati Turmanidzeფატი თურმანიძე
ფატი თურმანიძე - Sputnik საქართველო
ფატი თურმანიძე

– როგორც გავიგე, ერთი კონკურსის ფინალში ამ ინსტრუმენტზე თავად დაუკარით…

— მართალია. ზუსტად მისი დამზადების პერიოდში მერაბი მონაწილეობდა მუსიკალურ კონკურსში "პატრინოტი", სადაც მისი სიმღერა "შენ ხარ ქართველი" ფინალში მოხვდა. ისე დაემთხვა, რომ დარპლიპიტოს დამზადება ფინალამდე სამი დღით ადრე დავასრულე. მერაბის დაჟინებული თხოვნით მასზე დაკვრა ვისწავლე. ასე რომ, ფინალში ჩოხითა და ფაფახით გამოვედი და საკუთარ ინსტრუმენტზე თავად დავუკარი.

– ვიცი, რომ თქვენი შემოქმედებითი ფანტაზია ამით არ ამოიწურება…

— მე ხატმწერიც ვარ, ჩემი ნამუშევრები პატრიარქსაც აქვს. საქსოვი ძაფით გაწყობილი ტყავის ფარდა და ტყავის ნოხი მაქვს დამზადებული, სხვადასხვა აქსესუარებსაც ვაკეთებ. ძალიან მომწონს ეზოს ინტერიერზე ზრუნვა. ფაქტობრივად, მე და ჩემმა მეუღლემ ერთად შევქმენით ჩვენი ეზოს დიზაინი. ახლა ძველი ქართული აგურის ეფექტით კედლების გაფორმებასაც ვაპირებთ. ეზოში მაქვს პატარა ბაღი, სადაც, ყვავილების გარდა, სხვა მცენარეებიც გავახარე. მაგალითად, ჩაიოტას ჯიშის მცენარე მომყავს. ეს დასავლეთის კულტურაა და ყაბაყისა და კიტრის სინთეზს წარმოადგენს. მოკლედ, მიყვარს ცხოვრებაში სიახლეები და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ესთეტიკასა და სილამაზეს. მინდა ჩემ ოჯახში შემოსულს კარგი განწყობა შეექმნას და აქედან დადებითი ემოციები გაჰყვეს…

– როდის წარდგებით მთელი ოჯახი ერთად საზოგადოების წინაშე? 

— ვფიქრობ, ამ წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი რამ დაგროვდა. აქედან გამომდინარე, დიდი სურვილი მაქვს, ამ ყველაფერს თავი მოვუყარო და ფართო საზოგადოებას გავაცნო. ვგულისხმობ გამოფენას, სადაც ჩემი მეუღლე და ქალიშვილი აუცილებლად იქნებიან ჩართული. რა თქმა უნდა, ჩემი კარიერული თვალსაზრისითაც არის გარკვეული პერსპექტივები, თუმცა წინასწარ არასდროს ვსაუბრობ ამ საკითხთან დაკავშირებით. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0