თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. 26 წლის დავით ხოსროშვილი, რომელიც არაერთი ინოვაციური იდეის ავტორია, Sputnik StartUp Show–ს ქართველ ნოვატორებს წარუდგენს. მისი თქმით, პროექტში მონაწილეობის მიღება საკუთარი კომპანიის პოპულარიზაციისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში პარტნიორების მოძებნის მიზნით გადაწყვიტა.
მისი ბიზნესიდეა — ეს ინტერნეტ–რეკლამის ხარჯზე საქართველოს მოსახლეობისთვის უფასო wi-fi გახლავთ. დავითმა პარტნიორებთან ერთად შექმნა სპეციალური პლატფორმა Wifisher.com, რომელიც რეკლამის მსხვილ დამკვეთებს სთავაზობს მომსახურებას. ქართული სტარტაპის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ყველა მოსახლისთვის გახადოს ინტერნეტი ხელმისაწვდომი.
რეკლამის დამკვეთს შეუძლია თავად აირჩიოს ადგილი თბილისში, ბათუმში, ბაკურიანსა და გუდაურში საკუთარი მარკის რეკლამისთვის, და უფასო wi-fi–ზე გადართვამდე მომხმარებელი იხილავს ამა თუ იმ კომპანიის რეკლამას.
„კომპანიას თავად შეუძლია ლოკაციის შერჩევა — იქნება ეს აეროპორტი, კინოთეატრი თუ კაფე ან რესტორანი. ჩვენ 70–ზე მეტ ობიექტს მოვიცავთ საქართველოში“, — უთხრა Sputnik–ს დავით ხოსროშვილმა.
„ქვეყნის რიგითი მოქალაქეებისთვის უფასო ინტერნეტი რეკლამით მონეტიზირდება. ჩვენ უკვე დავიწყეთ უფასო wi-fi–ს დანერგვა სამარშრუტო ტაქსებში და ახლა იგივეს ვაპირებთ სკოლებში“, — აღნიშნა მან.
ახალგაზრდა ბიზნესმენს იმედი აქვს, რომ პროექტი Sputnik StartUp Show მის კომპანიას პიარშიც დაეხმარება და უცხოელი პარტნიორების მოძიებაშიც, რაც საბოლოოდ მის კომპანიას გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.
„StartUp Show–ს შესახებ თბილისის მერიისგან შევიტყვე. ნაცნობები დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ძალიან საინტერესო პროექტი იწყება, რომელიც ინვესტიციების მოძიებასა და პიარში დაგეხმარებათო. გაგვიხარდება, თუ უცხოელ პარტნიორებს მოვიძიებთ და პროექტს მათ ქვეყნებშიც განვახორციელებთ“, — განაცხადა ახალგაზრდა ნოვატორმა.
დავით ხოსროშვილი პროფესიით ფინანსისტია. ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როდესაც თანამოაზრეებთან ერთად Facebook-აპლიკაციების გაყიდვა დაიწყო რესტორნებისთვის. თავიდან საქმე ცუდად მიდიოდა, ვინაიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ინტერნეტ-რეკლამაში ფულის გადახდა ენანებოდათ.
„ექვს თვეში 180 კომპანია შემოვიარეთ და საბოლოო შემოსავალმა სულ რაღაც 2 ათასი ლარი შეადგინა. მივხვდით, რომ ან უნდა გაგვერისკა და მსხვილ ბიზნესს ვწვეოდით, ან კიდევ საქმიანობა უნდა შეგვეწყვიტა. გავრისკეთ და გავიმარჯვეთ. საქმე თანდათან ზემოთ წავიდა“, — ამბობს დავითი და იქვე განმარტავს, რომ საქართველოში ჯერჯერობით კონკურენტი არ ჰყავს.
ბიჭებმა რესტორნებისთვის ინტერნეტ–აპლიკაციების დამზადება დაიწყეს, რითაც მომხმარებელს ფასსა და მე ნიუს აცნობდნენ. მერე დავითი რაღაც პერიოდი კომპანია Potters–ში მუშაობდა, რომელიც საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში მსხვილი კომპანიებისთვის რეკლამასაც ამზადებდა მობილურ ტელეფონებსა და ფეისბუქში განსათავსებლად, და აგრეთვე ვირტუალური რეალობის თამაშებსაც.
2013 წელს დავით ხოსროშვილმა საქველმოქმედო ონლაინ–ფონდი Wehelp.ge შექმნა, რომელმაც ნახევარი მილიონი ლარი შეაგროვა და დღეის მონაცემებით, უკვე ოცზე მეტ ადამიანს დაუფინანსა ძვირადღირებული მკურნალობა.
„თუ ვინმეს ოპერაცია სჭირდება, საკმარისია დაგვიკავშირდეს Wehelp.ge–ზე. მისი ისტორია საიტზე განთავსდება და მკურნალობისთვის აუცილებელი თანხის რაოდენობასაც მივუთითებთ. ნებისმიერ მსურველს შეეძლება, დაეხმაროს კონკრეტულ ადამიანს და მის ანგარიშზე ფული ჩარიცხოს“, — ამბობს დავითი.
ქართველი ნოვატორი იმ ადამიანებს, რომლებსაც რაღაც საკუთარის შექმნა სურთ, ურჩევს, რომ დროულად ჩაერთონ ტექნოლოგიურ ბიზნესში, ვინაიდან ის აქტიურად ვითარდება და დამწყებებს კარგ შანსს აძლევს.
„საკუთარი საქმის დაწყება სხვადასხვანაირად შეიძლება. მაგალითად, წახვიდეთ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში, სადაც პროგრამირების უფასო კურსების გავლასაც შეძლებთ, სხვადასხვა ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობასაც და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების გაცნობასაც. აუცილებელია და მნიშვნელოვანი სპეციალური ლიტერატურის კითხვა… მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა, რომ თუ საკუთარი პროექტი მოიფიქრეთ, რისკისა არ შეგეშინდეთ“, — ასკვნის დავით ხოსროშვილი.
StartUpShow — ეს ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების საპრეზენტაციო პროექტია, რომელიც Sputnik-მა, შოუს ორგანიზატორებთან ერთად, მსოფლიოს 30–ზე მეტ ქვეყანაში ჩაუშვა წარმატებული სტარტაპების გამოსავლენად და მხარდასაჭერად.